ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული შემადგენლობა "ნაციონალური მოძრაობისა" და ოდესის გუბერნატორის ნებისმიერ მოთხოვნას, ნებისმიერ ხუშტურს დააკმაყოფილებს.
"ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გამგებლად გაამწესა, მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შანსი მისცა ქართულ დემოკრატიას. ეს, ვფიქრობ, ცინიზმია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც მოქალაქისთვის უკანონოდ წართმეულ ბინაში მცხოვრები პაპუაშვილი ხელმძღვანელობს და რომელსაც 2003–2012 ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ განუკითხაობაზე ხმა არ ამოუღია, არც სამართლიანობის აღდგენის შეფერხება გაუპროტესტებია, ვერ იქნება ქართული დემოკრატიის სიამაყე.
უფრო მეტიც, ამ შემადგენლობით საკონსტიტუციო სასამართლო ნაციონალებსა და ოდესის გუბერნატორს ნებისმიერ მოთხოვნას, ნებისმიერ ხუშტურს დაუმტკიცებს. ეს უწყება "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით დაკომპლექტდა თავის დროზე და რამდენიმე მათგანს ასევე უკანონოდ მოქალაქეებისთვის წართმეული საცხოვრებელი ფართები უკავია, რომელიც სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ქრთამის სახით, სიმბოლურ თანხად გადასცა მათ.
როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოვლად ალოგიკურ დასაბუთებას ეცნობი, თან არაერთს, რომელთა მიზანი "ნაციონალების" პროპაგანდისტული მანქანის გადარჩენა და საკუთრების საკითხებში წლების განმავლობაში არსებული სრული განუკითხაობის „გაპრავება“ გახლავთ, კანტი გახსენდება, რომლის თანახმადაც თეზის დამტკიცება ისევეა შესაძლებელი, როგორც ანტითეზის.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევები სამართლებრივ პროცესებში სულ უფრო მეტად აღრმავებს სამართლებრივ ანარქიას, ეს კი ქვეყნისთვის სახიფათოა“, – აღნიშნა ვაჟა ბერიძემ "აიპრესთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დანიშნა შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლიის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.