საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-ის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-ის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს განმარტავს და აღნიშნავს, რომ "სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს".
"ინტერპრესნიუსი" სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი (სარჩელის რეგისტაციის #681) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დროებითი მმართველისთვის მინიჭებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დროებითი მმართველი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სამოქალაქო დავის განმხილველი მოსამართლის მიერ. ამდენად, სადავო ნორმები არ გამორიცხავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, მათ შორის, წარმოადგინოს ტელეკომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში, გაასხვისოს, მართოს ან/და უფლებრივად დატვირთოს იურიდიული პირის (შპს "ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის) ქონება მისი პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ. ის ასევე აღჭრუვილია ფართო უფლებამოსილებით, განსაზღვროს მაუწყებლის სატელევიზიო ბადე, დადოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე, აღიაროს მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები ან უარი თქვას მათ აღიარებაზე. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დროებითი მმართველის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ადეკვატურ და პროპორციულ კომპენსაციას. ყოველივე ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის (შპს "ტელეკომპანია საქართველო") საკუთრებაში არსებული შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ქონების ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, ასევე პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ ქონების გასხვისება, რამაც შეიძლება წარმოშვას გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.