„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვით მიმაერთავს.
ცაგურია პროკურატურის მიერ ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აინტერესებს წინა ხელისუფლების დროს თუ დამდგარა მსგავს დანაშაულებზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.
„ნაცებო გამახსენეთ ერთი თქვენ დროს მსგავს დანაშაულზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი თუ დამდგარა? პირიქით მე გამიგია რაც უფრო აგრესიულად გვირტყავდნენ უფრო დიდ პრემიებს აძლევდით“, - წერს დაჩი ცაგურია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავა. პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას. ამ ეტაპზე გამოძიება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.