თბილისის მერმა 25 ქვეყნის 60 გუნდის ინტელექტუალებს სიტყვით მიმართა და კლუბის საერთაშორისო ასოციაციას, ჩემპიონატის თბილისში ჩატარებისთვის, მადლობა გადაუხადა.
„ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში პირველად იმართება და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია. ერთის მხრივ, იმიტომ რომ, ჩვენ ვმასპინძლობთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას, მეორეს მხრივ კი თამაში - „რა? სად? როდის?“ ეწევა განათლებისა და ინტელექტის პოპულარიზაციას, რაც ახალგაზრდების შემდგომი განვითარებისთვის, მათი მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი და სპონსორია“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიმართება. ღონისძიებაზე სათამაშოდ დედაქალაქს მსოფლიოს უძლიერესი მოაზროვნეები ეწვივნენ, მათ შორის: ალექსანდრ დრუზი, მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ბალაშ კასუმოვი, ილია ბერი, ელენა პოტანინა და სხვ. ჩემპიონატს კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი - ანდრეი კოზლოვიც ესწრება.
საქართველოს ღირსებას ოთხი გუნდი იცავს: დავით რაფავას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა და ალექსანდრე თარხან-მოურავის ექვსეულები. რაფავას ექვსეული უკვე ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში - 2012 და 2014 წლებში, თუმცა პრიზიორებში მოხვედრა დღემდე რჩება ქართველი მოაზროვნეების ძირითად მიზნად.
აღსანიშნავია, რომ საკუთრივ „რა? სად? როდის?“-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია გახსნითი ტურნირი „მზის და ვარდების მხარეო“, შეკითხვების თემატიკა - საქართველო და თბილისია და მასში მონაწილეობას მხოლოდ უცხოელი მოაზროვნეები მიიღებენ.
პროფესიონალთა თამაშების პარალელურად, აღნიშნულ პერიოდში თბილისი თამაშის „რა? სად? როდის?“ მოყვარულთა მე-3 მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. ჯამში დედაქალაქს 1000-ზე მეტი მოაზროვნე და თამაშის მოყვარული ეწვევა.