იუსტიციის მინისტრი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს ეხმაურება. თეა წულუკიანმა მომხდარს გაუგონარი დარღვევა უწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება საკმარისი არ არის და დამნაშავე, უმკაცრესად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
„ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტი არის გაუგონარი დარღვევა და ყოველმხრივ აღმაშოფეთებლი. იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ძლიერ ინსტიტუტებს ვაშენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ დაცვის მხარე და ადვოკატი იყოს ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი უფლება, ვიდრე წარსულში ჰქონდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა გამოძიების დაწყება არ კმარა, საჭიროა უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისაჯოს ვინც ეს გაბედა“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები სხეულსა და თავის არეში ჰქონდა. აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ითხოვდა.
აღნიშნულ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა.