სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა გათავისუფლების შემდგომი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა 1661 პატიმარი პირადობის მოწმობის საფასურისგან გაათავისუფლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პატიმრებს ID ბარათები "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ფარგლებში ადგილზე დაუმზადდათ. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლებმა ეტაპობრივად, შესაბამისი მომსახურება სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს უფასოდ გაუწიეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, 2013 წლიდან "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" მიმდინარეობს, რომელსაც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს.
"ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.