საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა.
"საარჩევნო კოდექსსა" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი დეპუტატების - ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის სახელით არის ინიცირებული. პროექტის ავტორია თამაზ კრავეიშვილი.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში სულ მცირე 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ატჩევას უზრუნველყოფს.
ამასთან, "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით სქესის პრინციპის დაცვა გათვალისწინებულია პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლისას. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი პარტიული სიით იყო არჩეული, მის ადგილს პარლამენტში იმავე სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი იკავებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტით, თუკი რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდას.