პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად სლოვაკეთში, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს რეზიდენციაში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა აღინიშნა და რესურსების ამოქმედებისა და თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენების იმედი გამოითქვა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაფასებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წვლილი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.
რობერტ ფიცომ სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროული დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის ლიდერმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, მნიშვნელობასა და მისი მანდატის შენარჩუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
რობერტ ფიცომ, სლოვაკეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა.