სასტუმრო "ციტრუსში", 16 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული ოთხი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობდან აცნობეს, ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლები, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. დასაქმებისა და პროფესიული განათლების (EVET) სექტორული რეფორმის კონტრაქტის ფარგლებში ჩატარებული აღნიშნული საგრანტო კონკურსისათვის ევროკავშირის მიერ გამოიყო ორი მილიონი ევრო. კონკურსის მთავარ მიზნებს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების სექტორის განვითარებას შორის კავშირის გაძლიერება, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის რეფორმებში მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვისა და მათი გამოცდის ხელშეწყობა, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების დასაქმებისა და პროდუქტიულობის გაზრდა და პროფესიული განათლების სფეროში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებია: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება"; "დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში"; "საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული განათლების განვითარება" და "საქართველოს ფორმალურ/არაფორმალურ პროფესიული განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაღრმავება უწყვეტი განათლების კონტექსტში".
2015-2017 წლებში, ზემოხსენებული ოთხი პროექტი იმუშავებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროს კონკრეტული ასპექტების გაუმჯობესებაზე და მიმართული იქნება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფსა და საბოლოო ბენეფიციარზე. აღნიშნული პროექტების აქტივობების განხორციელება მოხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - იმერეთი, აჭარა, კახეთი, მთანი სამეგრელო, ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და თბილისი. პროექტების მონიტორინგს განახორციელებენ მონიტორები, რომლებიც ევროკავშირის "დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების" პროექტის (EUVEGE) ფარგლებში მომზადდებიან.