მიმდინარე წლის ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდი 15.0 მლნ ლარით იზრდება. ამას 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
როგორც ამასთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, მთავრობის სარეზერვო ფონდი წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით იზრდება.
"საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის საჭიროა 7.0 მლნ ლარამდე", - აღნიშნულია საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96.0 მლნ ლარით იზრდება და როგორც მთავრობა განმარტავს, ეს "ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის" პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით ხდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 76.0 მლნ ლარით - მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 15.0 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 64.0 მლნ ლარით. ამასთან, საინვესტიციო გრანტების ნაწილში იზრდება 3.0 მლნ ლარით.
• სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში 5.0 მლნ ლარით მცირდება - ლიზინგის ვალდებულების დასაფინანსებლად 4.0 მლნ ლარი ემატება, ხოლო ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება (ჭB) 9.0 მლნ ლარით მცირდება.
ბიუჯეტის გადასახდელები ჯამურად, 30.0 მლნ ლარით იზრდება.