UNISEF-ის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.
საშა გრაუმანმა რამდენიმე თვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს ინოვაციური უწოდა. როგორც UNISEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ კონფერენციაზე რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები ეცნობიან საქართველოს მიღწევებს არასრულწოვანთა კოდექსთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა დგება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც კოდექსის განხორციელებას უკავშირდება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ასევე ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ კოდექსის განხორციელებისთვის, რადგან ის მოვლენები, რომელიც გასულ კვირას მოხდა არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატის შემთხვევაში, ეს საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ რომ ბევრი გამოწვევა იქნება. ყველა პროფესიონალმა უნდა გაიაზროს, რომ კოდექსი მას აკისრებს ძალიან ბევრ და ახალ პასუხისმგებლობას", - განაცხადა საშა გრაუმანმა.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე კონფერენციას ესწრება მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელია. მისი თქმით, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალიან თანამედროვე დოკუმენტია, რომელიც საერთაშორისო ინსტრუმენტებზე და პრინციპებზე დაყრდნობით არის შექმნილი. მოსამართლის განცხადებით, დოკუმენტი ჰარმონიზებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტებთან, პრინციპებთან და უფლებებთან.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში არასრულწლოვანთა ინოვაციურ კოდექსს შვიდი ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან. ღონისძიებაზე იმყოფებიან დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.