„რაც არ უნდა შეავიწროვონ მაკა ასათიანი საქართველოში და რაც არ უნდა ჩამოართვან ქონება, მაკა ასათიანი, როგორც „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაასმაგებული ძალით მაინც გააგრძელებს ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფინანსებას და კვლავაც მის კეთილდღობაზე იზრუნებს“, - აცხადებს მაკა ასათიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია და მისი კლიენტისთვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით რეაგირებისთვის სტრასბურგის ევროსასამართლოს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპკორპუსს, სახალხო დამცველს მიმართავს. აქვე დიმიტრი გაბუნია პროკურატურას დავით ძოწენიძის მიმართ საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს შპს „აკაში“ (მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში) მაკა ასათიანის მამის - კახი ასათიანის პარტნიორობის დროს ფულადი სახსრების მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.
მაკა ასათიანის პირადი ქონების მითვისების მოტივად დიმიტრი გაბუნია მის პოლიტიკურ შეხედულებებს მიიჩნევს. კერძოდ იმას, რომ ბოლო წლებში მაკა ასათიანი საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს თამამად გამოთქვამს და ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი სოლიდური დამფინანსებელიცაა.
საქმე ისაა, რომ 2012 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებით, ძალაში დარჩა სააპელკაციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მაკა ასათიანს და დედამისს - ლუიზა თავართქილაძეს მათი კუთვნილი წილებიდან შპს „აკაში“ (მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში), საერთო ჯამში, ჩამოერთვათ 20%-იანი წილი, რომლის მესაკუთრედაც სასამართლომ ყოფილი პარტნიორი დავით ძოწენიძე აღიარა.
აღსანიშნავია ერთი საჩოთირო გარემოება, რომელსაც ასათიანების ოჯახი წლების განმავლობაში არ ახმიანებდა. კერძოდ, შპს „აკაში“ მათი ყოფილი პარტნიორი დავით ძოწენიძე 1996 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და, ამავდროულად, საკუთარი განცხადების საფუძველზევე, პარტნიორთა რიგებიდანაც გავიდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი დავით ძოწენიძის მხრიდან მისი მოვალეობების, რბილად რომ ვთქვათ, არაჯეროვანი შესრულება გახლდათ. უფრო ზუსტად, მისი მხრიდან დიდი ოდენობის ფულადი სახსრების მითვისება, რაზეც იმჟამინდელმა პარტნიორებმა სამართლებრივი რეაგირება არ მოახდინეს და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არჩიეს.
ადვოკატ გაბუნიას თქმით, მოვლენები 2007 წლის 12 დეკემბრის შემდეგ დაჩქარდა. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა მაკა ასათიანმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამავე პერიოდს საეჭვოდ დაემთხვა, რომ დავით ძოწენიძეს 12 წლის შემდეგ გაახსენდა, რომ შპს „აკაში“ გარკვეული პარტნიორული უფლებები გააჩნდა. საკუთარი უფლებების აღდგენის მიზნით ძოწენიძემ შპს „აკას“ მიმართა და პარტნიორთა კრების ჩატარება მოითხოვა. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ძოწენიძემ სასამართლოს მიმართა და, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შპს „აკაში“ „კუთვნილი“ წილი აღიდგინა.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება სცილდება სამართლებრივ ლოგიკას და, დავით ძოწენიძის გამოყენებით, მიმართულია მაკა ასათიანისა და მისი ოჯახისთვის ფინანსური ზიანის მიყენების განზრახვით. ეს კი უკავშირდება მაკა ასათიანის ბოლოდროინდელ აქტიურობას ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ,“ - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მაკა ასათიანის დაფინანსებით, „მაესტრომ“ ახალი სტუდიისა და მაუწყებლობის აღდგენა მოახერხა. „მაესტრომ“ შეიძინა შენობა, აპარატურა, უკეთესი მაუწყებლობის საშუალება მიეცა, რაც დიმიტრი გაბუნიას აზრით, მავანთათვის მიუღებელი აღმოჩნდა.
სხვათაშორის, მაკა ასათიანის ოჯახისთვის წილების ჩამორთმევამ ქრონიკული ხასიათი მიიღო. ხვალ, 7 მარტს, დანიშნულია ვინმე კალანდიას სასამართლო პროცესი, რომელიც, ასევე, 1994 წელს შეპირებულ წილს ითხოვს. საეჭვოა, რომ მასაც 20 წლის თავზე გაახსენდა, რომ თურმე მაკა ასათიანის ოჯახის მიმართ გარკვეული პრეტენზიები გააჩნია.
„ვინმე კალანდია გამოჩნდა, რომელსაც 20 წლის წინ თურმე შპს-დან ვიღაც შეჰპირებია წილს. ისიც, ასევე, ითხოვს 20%-ს მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან. წილები დაყადაღებულია, მთელი საწარმო დაყადაღებულია. დიდი ალბათობაა, რომ ეს საკუთრება მაკა ასათიანს ჩამოერთვას. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ, 20 წლის წინ დაკარგულ ადამიანებს, პოულობენ და ცდილობენ, ვინმეს საკუთრება წაართვან. ასე „გაახსენდა“ წილები ვინმე კალანდიას, ხვალ, შეიძლება, ვინმე ქიბროწაშვილი გამოჩნდეს და მასაც მოუნდეს წილი,“ - აცხადებს დიმიტრი გაბუნია Presage.tv-სთან კომენტირებისას.
ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ დავით ძოწენიძემ სასამართლო შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში და სხვისი საკუთრება მიითვისა, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტაციის გამომზიურებასაც აპირებს და იმ მოწმეებისაც ეიმედება, რომლებიც დავით ძოწენიძის დანაშაულს ამხელენ. მისი თქმით, ცოცხალი მოწმეები დაადასტურებენ, თუ როგორ მიითვისა თავის დროზე დავით ძოწენიძემ, აწ გარდაცვლილი კახი ასათიანის პარტნიორობის დროს, დიდი ოდენობის ფულადი სახსრები და ამის გამო დატოვა მისი საზოგადოების რიგები.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ გაახმოვანეს მაინცდამაინც ახლა დავით ძოწენიძის მხრიდან თანხების მითვისების ამბავი, დიმიტრი გაბუნია აცხადებს: „თავიდანვე რომ ვყოფილიყავი საქმეში ჩართული, დავით ძოწენიძის საქმიანობა მაშინვე გამოაშკარავდებოდა“.
ასევე, ადვოკატს საკუთარი პოზიცია აქვს კიწმარიშვილთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ კიწმარიშვილის მხრიდან ალტერნატიული „მაესტროს“ შექმნაზე პრეტენზია უსაფუძვლოა, ასეთი რამ გამორიცხულია და ამ მხრივ ეროსის შანსი ნულია.
„ჯერ კიდევ 30 იანვარს უნდა გვეხილა ეროსი კიწმარიშვილის ალტერნატიული „მაესტრო“ და 300-მდე „სივი“, თუმცა კიწმარიშვილი ისე დუმს, როგორც არასდროს“, - აღნიშნა გაბუნიამ.
შპს „აკას“ წარმომადგენლის, ადვოკატ როინ მიგრიაულის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამო საქართველოში „მერსედესის“ წარმომადგენლობის საქმიანობა ეჭვქვეშაა. გამორცხული არაა, გერმანელმა ინვესტორებმა უარი თქვან ინვესტიციების განხორციელებაზე.
„ისეთი სამართლებრივი საკითხები იყო ამ საქმეში, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. თუნდაც, სამოქალაქო სამართლებრივი ნორმებიდან და სამეწარმეო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ხანდაზმულობის ვადა, რაც არ გაითვალისწინა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთმა პარტნიორმა, ფაქტობრივად, მიატოვა საკუთრების უფლება,“ - აცხადებს როინ მიგრიაული.
მისი განმარტებით, დავით ძოწენიძეს საფინანსო დეკლარაციებიც აქვს შევსებული, სადაც პირდაპირ მიუთითებს, რომ შპს „აკაში“ მისი თანამშრომლობის პერიოდი 1996 წელს დასრულდა.
„მოგეხსენებათ, შპს „აკა“ გერმანული ინვესტიციებითაა დაფუძნებული. იმის გამო, რომ, ასეთი დაძაბული ურთიერთობა წარმოიშვა, თვითონ გერმანელ ინვესტორებს შეიძლება, საფრთხე შეექმნას. თავის დროზე გერმანელმა ინვესტორებმა, როგორც მომწოდებლებმა, ქართულ მხარეს მოთხოვნა წაუყენეს, სამართლებრივ ჭრილში დროულად გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. გერმანელ ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ყოველწლიურად გვიწევს, ამიტომ გამორიცხული არაა, მომდევნო წელს მათ თავი შეიკავონ საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელებაზე,“ - გვითხრა როინ მიგრიაულმა.
დღესვე დიმიტრი გაბუნიამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც სოფელ ქვიშხეთში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის გასაშუქებლად ჩასულ „მაესტროს“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების უფლება არ მისცეს. მათ ჩამოართვეს მიკროფონი, ვიდეოკამერა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატის განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა კანონით ისჯება, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში ჟურნალისტებზე რაიმე ტიპის ზეწოლის ფაქტები აღიკვეთოს.