სადაზღვევო კომპანიებზე რეგიონებად გადანაწილებული ქვეყანა

სადაზღვევო კომპანიებზე რეგიონებად გადანაწილებული ქვეყანა

„ვინც მისტირის ძველ საავადმყოფოებს, შეუძლიათ ყველანი დაწვნენ ძველ საავადმყოფოებში. ახალ საავადმყოფოებში გაგვატარეთ ჩვენ, ვისაც გვჯერა, ეს საავადმყოფოები ასი თავით ჯობია იმას, რაც იყო“ - განაცხადა სააკაშვილმა ერთ - ერთი ახალი კლინიკის გახსნაზე.

სააკაშვილს თითქმის ყოველ დღე ვხედავთ ამა თუ იმ რეგიონში ახალი საავადმყოფოს გახსნის პროცესში. ეს თემა უკვე იმდენად კურიოზულია, რომ ახლადგახსნილ კლინიკაში პრეზიდენტის მომლოდინე მშობიარე ქალბატონზე და სპეციალურად პრეზიდენტისთვის პალატაში დაწვენილ ჰალსტუცხიან პაციენტებზე აღარაფერს ვიტყვით. დღეს ჩვენი მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ იმ პრობლემატიკაზე, რომელსაც რაიონებში ეს ახლადგახსნილი კლინიკები იწვევს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“-ში (აფბა) საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათი თქმით, მედიის ყურადღების მიღმა რჩება. კერძოდ, „აფბა“-ს პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ყველა რეგიონში, სადაც ახალი საავადმყოფო აშენდა, დაიხურა მსგავსი ტიპის სახელმწიფო დაწესებულებები. ამასთან, თუ მანამდე რეგიონში 2-3 ჰოსპიტალური დაწესებულება არსებობდა, ბევრად ნაკლები ტევადობის ერთი კერძო საავადმყოფოს აშენებას თან ახლავს მათი დახურვა, რაც დასაქმების არა გაზრდას, არამედ შემცირებას იწვევს.

„როდესაც რეგიონში რჩება მხოლოდ ერთი კლინიკა, ეს სპობს კონკურენციას და პაციენტი იძულებული ხდება იმკურნალოს სწორედ ამ კლინიკაში, რადგან მას არჩევანის საშუალება აღარ აქვს. ეს კი თავისთავად უქმნის მონოპოლიურ გარემოს იმ კლინიკებს, რომლებსაც ესა თუ ის სადაზღვევო კლინიკა აშენებს რეგიონში. იქ მომუშავე ექიმებს კი აღარ აქვთ იმის მოტივაცია, რომ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ პაციენტებს, რადგანაც იციან, რომ მათ გარდა, რეგიონის მაცხოვრებლები, ვერავისთან მივლენს სამკურნალოდ“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

„აფბა“-ს წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რეგიონებში ახალი კლინიკების აშენება არა მხოლოდ სამუშაო ადგილებს ზღუდავს, არამედ ამ კლინიკებში გაცილებით ნაკლები პაციენტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე ეს ძველ კლინიკებში იყო.

„თუკი რეგიონში  არსებობდა 2-3 კლინიკა, სადაც მთლიანობაში 300 საწოლი იყო (ანუ სამასი პაციენტის დისპანსერული მკურნალობა შეეძლოთ) და დასაქმებული იყო 900 ექიმი, ამ კლინიკების ნაცვლად ერთის გახსნა იწვევს იმას, რომ ამიერიდან რეგიონში მხოლოდ 100 საწოლიანი კლინიკა იარსებებს და დასაქმებული იქნება მხოლოდ 300 ექიმი. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბორჯომის რაიონი, სადაც არსებობდა სამი კლინიკა - ერთი ფართო პროფილის, ერთი სამშობიარო სახლი და ერთი ბავშვთა საავადმყოფო. დღესდღეობით იქ უკვე გაიხსნა ახალი კლინიკა, რომელსაც ცოტა ხანში პრეზიდენტი ოფიციალურად გახსნის და ამ კლინიკებს დახურავენ“,- აცხადებს ჯანიაშვილი.

„აფბა“-ში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ახალი კლინიკების გახსნის აუცილებლობაზე საუბრისას ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. რეალურად კი ახალ კლინიკებში იმის მესამედი ექიმებიც ვერ საქმდებიან, რაც ადრე სახელმწიფო კლინიკებში მუშაობდა. ამასთანავე, ახლადგახსნილ კლინიკებში ექიმებს ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას სთავაზობენ იმასთან შედარებით, რაც მათ იქამდე ჰქონდათ. ამის გამო, ბევრი მათგანი იძულებულია ან სხვა ქალაქში გადავიდეს სამუშაოდ, და შესაბამისაც, საცხოვრებლად, ან ვინც ამას ვერ ახერხებს, იძულებულია ამ მცირე ანაზღაურებას დასთანხმდეს.

ერთ-ერთი პრობლემა ასევე, რაც ჰოსპიტალურ რეფორმას ახლავს „აფბა“-ს წარმომადგენლების განცხადებით არის ის, რომ ხელისუფლებამ სადაზღვევო კომპანიებს საქართველო, პრაქტიკულად, რეგიონების მიხედვით გადაუნაწილა, რითაც ისინი მონოპოლისტებად აქცია.

„გასულ წელს ჩატარდა ტენდერი და ხელისუფლებამ სადაზღვევო კომპანიებს პრაქტიკულად გადაუნაწილა საქართველო რეგიონების მიხედვით. მაგალითად თუ თბილისის მაცხოვრებელი ხარ, აუცილებლად უნდა დაეზღვიო „ავერსის“ სადაზღვევო კომპანია „ალფა“-ში და შესაბამისად, იმკურნალო მხოლოდ „ავერსის“ კლინიკაში. აჭარის რეგიონში თუ არ ვცდები ასეთი მონოპოლისტია „ჯი-პი-აი“ ჰოლდინგი, სამცხე-სავახეთში სხვა სადაზღვევო კომპანია და ა.შ. ამიტომ მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით სარგებლობს, სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება შეზღუდული აქვს და იძულებულია იმ სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს, რომელიც მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სახელმწიფომ განუსაზღვრა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები რეგიონების მიხედვით იქცნენ მონოპოლისტებად. ახლა კი ამას ემატება მათ მიერ რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლიზებაც.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გასმოვლისას გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში იქნება დაზღვეული. იმას, რომ თავი დავანებოთ, გასწვდება თუ არა ამას სახელმწიფო ბიუჯეტი, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ სახლმწიფო ბიუჯეტის ხარჯები პრაქტიკულად მიმართული იქნება მონოპოლისტების (სადაზღვევო კომპანიების) მომსახურების ასანაზღაურებლად, რისი გაკეთებაც დაუშვებელია0,“ - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც „აფბა“-ში საუბრობენ არის ის, რომ ვინაიდან სახელმწიფომ დაავალდებულა სადაზღვევო კომპანიები, რომ რეგიონებში მათ სამედიცინო დაწესებულებები ააშენონ, ამის გამო სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ კლინიკების მშენებლობაზე გაწეული ხარჯები შემდეგ პაციენტებისგან ამოიღონ. ამიტომ ასეთ კლინიკებში მკურნალობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე რეგიონებში ადრე არსებულ იმ საავადმყოფოებში, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ამასთანავე, მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ფასებში სხვაობა საკმაოდ სოლიდურია. კერძოდ, თუკი ძველ კლინიკაში კონკრეტული მომსახურება ღირდა ვთქვათ 20 ლარი, ახალაშენებულ სამედიცინო დაწესებულებაში იგივე მომსახურებაში პაციენტს 60 ლარის გადახდა უწევს. ხოლო ვინაიდან მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ რჩება და იძულებულია სწორედ ახალ კლინიკას მიაკითხოს, ეს რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს.

„აფბა“ ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს სახლმწიფო საავადმყოფოების დახურვის პროცესი, რომელიც ახალი კერძო კლინიკების გახსნის პარალელურად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის საშუალება, წავიდეს ძველ საავადმყოფოში და იმკურნალოს იაფად, თუ გადაიხადოს ძვირი და ახალს მიაკითხოს.

„ჰოსპიტალურ სექტორში მსგავსი მიდგომით ხელისუფლება ცდილობს მასზე არსებული პასუხისმგებლობა კერძო სექტორს (სადაზღვევო სექტორს) გადააბაროს და თან უხეში ფორმით, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო დაამძიმებს“ - აცხადებენ „აფბა“-ში.