ხელისუფლების უტოპიური ოცნება და მკაცრი რეალობა

ხელისუფლების უტოპიური ოცნება და მკაცრი რეალობა

„სამწუხაროდ, ქართულმა სასამართლომ პატარა - 600 ათასი ლარის ღირებულების გამოწვევას ვერ გაუძლო და ისე დაიმსხვრა, როგორც პატარა ნავი, აისბერგზე შეჯახებული“, - ასეთია „ქართული ოცნების“ იურისტების დასკვნა „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის საქმესთან დაკავშირებით.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნუგზარ ხუციშვილის საქმის განხილვაზე უარი განაცხადა, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და შპს „ქართუ მშენებელთან“ ერთად, კონტროლის პალატის მიერ 2012 წლის 27 თებერვალს გამოტანილი დადგენილების საფუძველზე 200 000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოში საჩივრის შეტანა მოსთხოვა, მაშინ, როცა ფიზიკური პირის უფლებაა, გასაჩივრების რომელ გზას აირჩევს - საჩივრის თუ სარჩელის შეტანას.    

„ქართული ოცნების“ იურისტი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ამით სასამართლომ თავადვე დაარღვია უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები და  პრაქტიკაში არსებული შემთხვევები უგულებელყო. იმის მიზეზი, თუ რატომ აღუკვეთა სასამართლომ ნუგზარ ხუციშვილს სარჩელის შეტანა მარტივია: სასამართლოს სურდა, რაც შეიძლება, სწრაფად დაეჯარიმებინა ნუგზარ ხუციშვილი და მისი დასჯა მაგალითი ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხის ნებაყოფლობით გადარიცხვის სურვილი ექნებოდა.

როგორც წესი, სასამართლოში საქმის გასაჩივრებისთვის პრიორიტეტულია გასაჩივრება სარჩელის გზით. ამით პირს საკუთარი თავის დაცვის უკეთესი შესაძლებლობა ეძლევა, რადგან სარჩელს სამი ინსტანცია იხილავს - საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი. ამასთან, შესაძლებელია მოწმეების და სხვა დამხმარე საშუალებებით საკუთარი სიმართლის დამტკიცება. გარდა ამისა, სარჩელის გზა უპირატესია იმითაც, რომ პროცესზე ეძახიან თავად მოსარჩელეს. ხოლო, როცა პირს საჩივარი შეაქვს, მის საჩივარს მხოლოდ ორი ინსტანცია იხილავს - საქალაქო და სააპელაციო. თანაც, საჩივრის შემთხვევაში, სასამართლოს ყოველგვარი პროცედურის გარეშე, სწრაფად გამოაქვს გადაწყვეტილება და საჩივარს მხარის დაუსწრებლად იხილავს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნუგზარ ხუციშვილის ადვოკატებმა, ეფექტურობის მიზნით, სასარჩელო და არა - საჩივრის გზა შეარჩიეს.

„დაახლოებით 3-4 თვე სჭირდება სარჩელის განხილვას, მაშინ, როცა საჩივრის განხილვა 2-3 კვირაში სრულდება, ამით სასამართლო გვეუბნება, სარჩელის გზით ნუ წამოხვალთ, შემოიტანეთ მხოლოდ საჩივარი. არადა, კანონი ორივე გზას ითვალისწინებს. ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები. მათ ვებგვერდზეცაა მოცემული, რომ პირს არჩევანის უფლება თავად ეძლევა, თავის თავს დაიცავს სარჩელის თუ საჩივრის გზით. თუ პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს დაჯარიმდა დადგენილების საფუძველზე, მაშინ თავად ეს პირი წყვეტს, დადგენილების ოქმის გასაჩივრების რომელ ფორმას გამოიყენებს - მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსდით გათვალისწინებული სასარჩელო გადაწყვეტილების საფუძველზე თუ საჩივრით. გასაჩივრების ფორმის არჩევა პირის უფლებაა“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი. 

მოცემულ შემთხვევაში, არა მარტო უზენაესი სასამართლოს რეკომენდაცია არსებობს, არამედ - უზენაესი სასამართლოს უამრავი გადაწყვეტილება, რომლითაც ეს სასამართლო ცალსახად აცხადებს, რომ სარჩელის თუ საჩივარის გზის არჩევა უშუალოდ პირის პრეროგატივაა. (ყოფილა შემთხვევა, როცა უზენაესმა სასამართლომ მკაცრად დაგმო და გააუქმა სააპელაციოს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლო მოითხოვდა, საჩივარი შესულიყო და არა - სარჩელი. თანაც ეს რევოლუციის შემდგომი გადაწყვეტილებით მოხდა, 2005 წლის 9 ივნისს).

სასამართლოს მხრიდან ნუგზარ ხუციშვილის სარჩელის შეტანაზე უარის თქმას მისი ადვოკატები კონკრეტულად „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული პირების დაჯარიმების დაუოკებელ სურვილს უკავშირებენ. ადვოკატების თანახმად, ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება, მალე დაჯარიმდნენ სუბიექტები, რომლებმაც კონტროლის პალატის აზრით, დანაშული ჩაიდინეს. ამიტომ სასამართლომ არად ჩააგდო უზენაესის რეკომენდაცია და პრაქტიკა და ნუგზარ ხუციშვილს მიუთითა მეორე გზაზე - საჩივრის განხილვის გზაზე, რითაც თემა ამოიწურება მაქსიმუმ სამ კვირაში.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ონების“ ადვოკატებმა ნუგზარ ხუციშვილის სარჩელს დაურთეს რეკომენდაციები, კერძოდ, რომ უზენაესი სასამართლო გმობს ასეთ შემთხვევებს, რითაც მხოლოდ ცალ რელსზე აყენებენ მხარეებს. თუმცა, ასეთი გაფრთხილების მიუხედავად, მეორე დღეს სასამართლოსგან უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„არადა, მინიმუმ, ხუთდღიანი ვადა არსებობს, როდესაც სასამართლო წყვეტს, მიიღოს თუ არა სარჩელი. ჩვენს შემთხვევაში კი, ფორსირებული წესით სამგვერდიანი განჩინება ჩაგვაბარა სასამართლომ. საინტერესოა, რომ სასამართლოში რვა სარჩელი აქვს შეტანილი „ქართუ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს, მაგრამ ოქტომბრიდან დაწყებული, არცერთი საქმის განხილვა არ დაუწყია სასამართლოს, მაშინ რატომ იღებს სასამართლო ასე სწრაფად, საათებში გადაწყვეტილებას, თანაც არსებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ?“ - კითხულობს იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.

მისი აზრით, კონტროლის პალატის სურვილია, სწრაფად მოიყვანოს სისრულეში გადაწყვეტილება. თანხის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ნუგზარ ხუციშვილისთვის 30 დღით განისაზღვრა, ანუ 27 თებერვლიდან 27 მარტამდე, ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კი ხელისუფლებას შეუძლია, იძულებით ამოიღოს თანხა.

„ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 1-ელ მარტს, საღამოს 17.30 საათზე შეტანილ სარჩელზე სასამართლომ უარყოფითი პასუხი უკვე 2 მარტის შუადღისთვის ჩააბარა ნუგზარ ხუციშვილს, რაც მოხდა მოქმედი კანონმდებლობისა და დღემდე არსებული სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით. სარჩელის განხილვაზე სასამართლოს უარი ნათელს ხდის, რომ სასამართლომ პრაქტიკა მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ეს დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამით ცხადი ხდება, რომ სასამართლო ყოველმხრივ ცდილობს, დააჯარიმოს ნუგზარ ხუციშვილი, რითაც უგულებელყოფილია სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპი“,  - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ადვოკატები შეგნებულად ერიდებიან იმ მოსამართლის ვინაობის დასახელებას, რომელმაც ნუგზარ ხუციშვილს ეს გადაწყვეტილება გამოუტანა, რადგან ეს არა ერთი მოსამართლის, არამედ, ზოგადად, ქართული სასამართლოს პრობლემაა.

შეგახსენებთ, კონტროლის პალატის მიერ 2012 წლის 27 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება, რომლითაც შპს „ქართუ მშენებელი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ და ფიზიკური პირი ნუგზარ ხუციშვილი, თითოეული მათგანი 200 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

დაჯარიმების საფუძველი გახდა კონტროლის პალატის ვარაუდი, რომ შპს „ქართუ მშენებელმა“ მისი თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მეშვეობით უკანონოდ შესწირა საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ 20 ათასი ლარი. ეს დადგენილება ნუგზარ ხუციშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 1 მარტს სასარჩელო წესით გაასაჩივრა.

დღესვე „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა, ადვოკატმა ალა კახნიაურმა, ნუგზარ ხუციშვილის საქმესთან დაკავშირებით კონტროლის პალატაში არსებულ დარღვევევბზე ისაუბრა. მისი თქმით, ნუგზარ ხუციშვილი კონტროლის პალატაში 24 თებერვალს დაიბარეს და მან ახსნა-განმარტება მისცა. მეორე დღეს მას ჩაბარდა კონტროლის პალატის ოქმი სამართალდარღვევის შესახებ და ეცნობა, რომ ამ უწყებაში საქმის განხილვაზე ორშაბათს კვლავაც იბარებდნენ. იმის გამო, რომ ამ მოკლე დროში ადვოკატები საქმის მასალების მოპოვებასა და გაცნობას ვერ  ახერხებდნენ, მათ ამ უწყებას შუამდგომლობით მიმართეს და საქმის განხილვის გადადება მოითხოვეს. მით უფრო, რომ მსგავსი საქმეებისთვის დადგენილია 15 დღიანი ვადა და არა - სპეციალურად ნუგზარ ხუციშვილისთვის დაწესებული მესამე დღე. ამის მიუხედავად, ნათია მოგელაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მოტივით - საქმეში სულ რაღაც 4 ფურცელიაო და ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ 20 წუთი დაუნიშნა. არადა, როგორც გაირკვა, საქმის მასალები შეიცავდა სამ დისკს, ასევე, დოკუმენტებს 36 ფურცლად. ვინაიდან ადვოკატებს საქმის გასაცნობად რეალური დრო არ მიეცათ და ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, მათ სხდომა დატოვეს. მეორე დღეს კი კონტროლის პალატისგან მიიღეს გადაწყვეტილება, საიდანაც გაირკვა, რომ ნუგზარ ხუციშვილი 200 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამასთან, ხუციშვილს თანხის გადახდა დაევალა ბუნებაში არარსებული სახაზინო კოდით.

ადვოკატების აზრით, ეტყპობა, კონტროლის პალატა ძალიან ჩქარობდა, რადგან არარსებული ანგარიში მიუთითეს დადგენილებაში.

„ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ემსახურებოდა მიზანს, რაც შეიძლება ჩქარა დაჯარიმებულიყო ამ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტი და ეს ყოფილიყო მაგალითი სხვებისთვის, რომ ისინიც გაიზიარებდნენ ნუგზარ ხუციშვილის ბედს. ეს ემსახურება, რომ ფიზიკურმა პირებმა, ზეწოლის შედეგად, უარი თქვან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხის შეტანისგან. „ქართული ოცნება“ თავის თავს არ მიიჩნევს მონიტორინგის სუბიექტად და ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს შემოწირულობის მიცემის უფლება,“ - აცხადებს ალა კანხიაური, რომელიც ხუციშვილის საქმის სხვა ინსტანციებში გასაჩივრებას აპირებს.  

მანვე ევროსასამართლოს პრაქტიკა გაიხსენა. კერძოდ, - ვინმე როლს თაილერის საქმე ფინეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ დაადგინა, თუ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სამმაგი ოდენობით დაჯარიმება ეკისრება, საქმე უკვე სისხლის სამართლის წარმოებაში უნდა გადავიდეს, რათა მისი უფლებების დაცვა უფრო მაღალ დონეზე იქნას უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში კი, ნუგზარ ხუციშვილი 200 ათასი ლარით დააჯარიმეს, რაც, ადვოკატის თქმით, არა  სამმაგი, არამედ ათმაგი ოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარ ხუციშვილის საქმის ფორმა ადმინისტრაციულია, ადვოკატი მოითხოვს, რომ იგი სისხლის სამართლის საკითხთან გათანაბრდეს, რითიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გაცილებით მაღალ დონეზე დაცვა მოხერხდება.

რაც შეეხება რამაზ ქურდაძისა და ზვიად ხუხუნაშვილის მიერ „ქართუ ბანკის" დატოვების მიზეზებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ საბანკო ანგარიშზე „ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია“ დაირიცხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ, მათ ქმედებას ალა კახნიაური მათი ოჯახის წევრების სხვადასხვა საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობებით ხსნის.

„აღნიშნული თანხა მათ ჩაერიცხათ არა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, არამედ 2012 წლის 9 თებერვალს, ერთი თვის წინ. შესაბამისად, ამ თანხის განკარგვასთან დაკავშირებით, იძულება არ მომხდარა. უბრალოდ, ვფიქრობ, რადგან მათი ოჯახის წევრები მუშაობენ სხვადასხვა საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობეზე,  აღნიშნული განცხადებების გაკეთებება პიარისათვის დასჭირდათ“,  - აცხადებს კახნიაური.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გაერთიანების კანონის თანახმად, ნათია მოგელაძეს უფლება აქვს მხოლოდ შემოწირულობის კანონიერებაზე იმუშაოს და არა პრემიების კანონიერებაზე. ამიტომ ადვოკატების თქმით, მოგელაძე  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და ისევ ძველ, ანუ პროკურორის ამპლუაშია.