საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობა იმედისმომცემია.
ამის შესახებ ჰერმანმა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საკონფერენციო დარბაზში განუცხადა, სადაც კონფერენცია თემაზე - „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი- ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“ ჩატარდა.
„ევროკავშირის დელეგაციის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ის შეეხება საკითხს, თუ როგორ დაუკავშირდეს საქართველო ევროკავშირს უკეთესად ძალიან მნიშვნელოვან - ენერგეტიკის დარგში. ახლა ჩვენ მაღალ მნიშვნელობის მქონე პროგრამას ვახორციელებთ ევროკავშირში, რომელსაც ეწოდება „ენერგეტიკული კავშირი“. ამ კონტექსტში მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ. ამის გამო ევროკავშირი გამოყოფს ფინანსებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დარგში. ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთკავშირის მშენებლობაში და ეს ახლა რეალობაა. ჩვენ ვსაუბრობთ ელექტროგადამცემ ხაზებზე. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომ საქართველო სომხეთს დაუკავშირდეს. მნიშვნელოვანი სამუშაო ტარდება საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით ელექტროსისტემის გაძლიერების მხრივ. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს ამ მხრივ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მნიშვნელოვანი რესურსებით, რომ ელექტროპოტენციალის უკეთესად გამოყენება მოხდეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ენგურჰესის მოდერნიზაციაზე. ეს არის ინფრასტრუქტურული არეალი. მეორე არეალი, რომელზეც ასევე აქტიურად ვმუშაობთ, არის ნორმატიული მხარე. ეს ნიშნავს სამართლებრივი გარემოს შექმნას, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. ეს ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აიღო. ჩვენ ამ მხრივ კარგ პროგრესს მივაღწიეთ და მუშაობას ვაგრძელებთ. ეს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება, რადგან ევროპული რეგულაციების მიღება უკეთესი, უფრო იაფი ენერგეტიკის სარგებლის გაზიარების საშუალებას იძლევა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს იმედისმომცემი დარგია, ეს ის ერთ-ერთი არეალია, სადაც ასოცირების შეთანხმება ადრეულ სარგებელს მოიტანს ყველა ქართველისთვის“, - განაცხადა ჰერმანმა.
„გაზპრმთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მან აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შესახებ ცნობილია.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს პირველი შეხვედრა არ იყო. ტარდება შეხვედრები და აქ არის შეთანხმება საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით, რომელშიც „გაზპრომიც“ ჩართულია. ასე, რომ ჩვენ ცხადია ვიღებთ ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობისგან. თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც დეტალურად განვიხილავთ საქართველოს მთავრობასთან“, - აღნიშნა ჰერმანმა.