უმუშევრობა - უმნიშვნელო საკითხი სახელმწიფოსთვი

უმუშევრობა - უმნიშვნელო საკითხი სახელმწიფოსთვი

არის თუ არა უმუშევრობა და უმუშევართა სოციალური დახმარება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელო საკითხი და ვინ უნდა იზრუნოს საქართველოს იმ მრავალი ათასი მოქალაქის ბედზე ვინც  უმუშევრობის და უსახსრობის გამო დღეს ბედის ანაბარადაა მიტოვებული- ამ კითვხაზე პასუხი ამჯერად უკვე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გასცეს.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო საქმის  განხილვა, რამდენად კანონიერი იყო  საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული სარეფერენდუმო საკითხი - „გსურთ თუ არა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობის პერიოდში ჰქონდეთ შემწეობა? დიახ/ არა” - სარეფერენდუმო კომისიის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

28 თებერვალს გამართულ სხდომაზე საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ  საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა საკითხის რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ ის არ  წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს და არ არის მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებული.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო და ბოლომდე იბრძოლებენ დღეს სასამართლო სხდომაზე კანონიერების აღსადგენად და საქართველოს მოქალაქეთა უმუშევრობისაგან და მათი სიკვდილის პირისაგან დასახსნელად.

 

რაც შეეხება,  „არაგანსაკუთრებული“  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხს,  შეგახსენებთ რომ საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით ქვეყანაში უმუშევობა პრობლემათა შორის პირველ ადგილზეა.    

მაგალითად, „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ, 2012 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის 75,3%-ით უმუშევრობა ლიდერობს. ხოლო მეორე ადგილზე სიღარიბეა 67,6%-ით.

მსოფლიო ბანკის 2011 წლის მონაცემებს - საქართველოში უმუშევრობის დონე საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების  16,3%-ის საპირისპიროდ, 25%-ია, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, 2011 წლის სექტემბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით კი საქართველოს მოქალაქეთა 67% თავს უმუშვრად თვლის.

უმუშევართათვის შემწეობის გაცემის პრაქტიკაა მიღებულია მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში.  საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც უმუშევარი მოქალაქეები  შემწეობას არ იღებენ. მეტიც. ეს პრობლემა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნების უმუშევართა შემწეობების ოდენობას, სომხეთში შემწეობა 50 დოლარს შეადგენს, აზერბაიჯანში 120-დოლარამდეა, უკრაინაში 80 დოლარამდეა ჩვენთან კი, ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საერთოდ არ არსებობს უმუშევართა სოციალური დაცვის არანაირი სისტემა. თვით რუსეთშიც კი, სადაც მთავრობას მისი უდიდებულესობა ხალხი ტრადიციულად „ნაკლებად აინტერესებს“, უმუშევრობის შემწეობა 4930 რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 150 დოლარი ან 250 ლარია.

იტალიაში უმუშევრობის შემწეობა ინიშნება უმუშევრობის მომდევნო 7 თვის განმავლობაში ხელფასის 40%-ის ოდენობით (ამასთან მოქმედებს სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებიც).

შვედეთში უმუშევრობის შემწეობის ოდენობა გრადაციულად იცვლება პერიოდის მიხედვით: პირველი 200 დღის განმავლობაში უმუშევარი ღებულობს ხელფასის 80%-ს; 201-300 დღის პერიოდში 70%-ს; ხოლო 301-450 დღის პერიოდში 65%-ს.

დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის შემწეობის ოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, ოჯახურ პირობებზე და სხვა შემოსავლებზე. ასე მაგალითად: 16-17 წლის ასაკში კვირაში ეძლევა 36.65 გირვანქა სტერლინგი, 18-24 წლის ასაკში-46.85 გირვანქა, ხოლო 25 წელზე ასაკის მეტს 59.15 გირვანქა კვირაში. ასევე მოქმედებს შეღავათების სხვა სისტემაც.

ჩინეთში უმუშევრობის შემწეობა დგინდება მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის შეჯამებით.

კანადაში შემწეობა ცნობილია სამუშაოს დაზღვევის სახით, ხოლო ავსტრალიაში უმუშევრობის შემწეობა განისაზღვრება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ა.შ.

რაც შეეხება, საქართველოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება, არ არსებობს არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები.  არ არსებობს სამსახური, რომელიც დაკავდება უმუშევართა რეგისტრაციითა და აღრიცხვით. მათი დასაქმებითა თუ შემწეობის გაცემით.

საკითხავია, სქართველოში  ოდესმე მაინც თუ გადაწყდება  უმუშევრობის პრობლემა, ოდესმე მაინც თუ  შეიქმნება ისეთი სისტემა, როგორიც  ბევრ სხვა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს.  ნათელი მხოლოდ ერთი რამაა,  ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში კითხვაზე უნდა ჰქონდეთ თუ არა უმუშევრებს  შემწეობა, დადებითად გიპასუხებთ.