ზუგდიდის რეკონსტრუქციას მთავარი ხეივანი შეეწირება

ზუგდიდის რეკონსტრუქციას მთავარი ხეივანი შეეწირება

სამეგრელოში ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის ინიციატივასთან ერთად გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა დადიანისეული სასახლის ბაღში ზუგდიდელებს მასშტაბური რეკონსტრუქციის დაწყების შესახებაც აუწყა, თუმცა საზოგადოებისათვის ორივე პროექტის დეტალები დღემდე უცნობია. ლაზიკასგან განსხვავებით ჟურნალისტებისთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმა არსებობს, შედგენილია შესაბამისი საპროექტო ალბომი და გაწერილია ფინანსური დოკუმენტიც.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე „მომავლის ქალაქის“ მხოლოდ რამდენიმე ესკიზი იძებნება, სადაც უმრავლესობა შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას ეთმობა. არსად ჩანს ზუგდიდის მთავარი ხეივნის რეკონსტრუქციის გეგმის მაკეტი, რომელმაც ძველი იერსახე უნდა დაიბრუნოს და დადიანისეული სასახლის ბაღს შეუერთდეს.

ზუგდიდის რეკონსტრუქციის პროექტის დეტალების გარკვევა presage.tv-მ რაიონის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ესებუასთან სცადა. ქალაქის არქიტექტორი ირწმუნება, რომ პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო „ესკიზური ალბომის“ ასლი, რომელიც მასთან ინახებოდა, აღარ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილისათვის მისი წარდგენის შემდეგ უკან აღარ დაუბრუნებიათ. პროექტის დედანი კი მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას კაბინეტში დევს.

 პროექტის დეტალებზე საუბარი არ სურს არც ქალაქის რეკონსტრუქციის ხელმძღვანელს, ლევან სოლოღაშვილსაც. ის ამბობს, რომ რეკონსტრუქციის დეტალები გასაიდუმლოებულია და „არტ-ჯგუფს“, რომელიც ქალაქის პროექტირებას ახორციელებს, მისი გახმაურება ეკრძალება, იგი მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი. ლევან სოლოღაშვილის ინფორმაციით ზუგდიდში ბოტანიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა და ხეივნის დათვალიერების შემდეგ გარკვეული რეკომენდაციებიც დაიდო, რომელიც პროექტში დოკუმენტის სახით უკვე გაწერილია.

„ვეხებით მხოლოდ იმ ხეებს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხეების უმრავლესობა თითქმის ასწლოვანია და ე.წ. დაბელვასაც არ ექვემდებარება.  ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი მოიჭრება და ახლით ჩანაცვლდება. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ მომზადდება განაშენიაბის პროექტი და იქ მითითებული ნარგავებით შეიცვლება ის მცენარეები, რომელიც შეიძლება მოიჭრას ან დემონტაჟი გაუკეთდეს. ამ სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ჩაატარებს“.-აცხადებს სოლოღაშვილი.

ზუგდიდის ბულვარში მოსალოდნელ ხეების გაჩეხვას „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია თავის თანამებრძოლებთან ერთად ჯერ კიდევ 2010 წელს აპროტესტებდა. უნიკალური ნარგავების გადარჩენა კახა მიქაიამ პროტესტის გამოხატვის არაორდინალური ფორმით სცადა. ბებერ ჭადრებს შორის მან აბრეშუმის ჰამაკი გააბა, შიგ ჩაწვა და შიმშილობაც გამოაცხადა. მაშინ, კახა  მიქაიას სოლიდარობა ზუგდიდელების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა და აქციასაც შეუერთდა. საზოგადოების პროტესტი მაშინ ალექსანდრე ქობალიას მითითებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხისმჭრელების მიერ კედრის, მაგნოლიის, ჭადრისა და მუხის სრულიად ჯანმრთელი ნარგავების გაანადგურებამაც გამოიწვია.

ე. წ. სანიტარული კაფვის შემდეგ მათ ადგილზე უცხოეთიდან ჩამოტანილი დეკორატიული ხეები გაჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიური მცენარეების ბიზნესის უკან თავად გამგებლის ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა. საოლქო პროკურორი ახალაიაც დაინტერესებულა მუნიციპალიტეტის პირველი პირის „ბიზნესსაქმიანობით“. მის კარზე ქობალიაც არაერთხელ შეუნიშნავთ, მაგრამ „მიცემულ ჩვენებებს“ დღემდე არაფერი შეუცვლია.

კახა მიქაიას ხეებზე გამართული პროტესტის მიზეზი მაშინ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციაც გახდა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება დადიანისეული ბოტანიკური ბაღის რუს ინვესტორზე გასხვისებას გეგმავდა. დღეს კი, თითქმის სრულიად განადგურებული ბაღი ეკონომიკის სამინისტროდან ალექსანდრე ქობალიას უწყების დაქვემდებარებაში გადავიდა. ცნობილია, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ დედოფალ ეკატერინეს მიერ გაშენებული ბაღის რეკონსრუქციას ესპანელი არქიტექტორები შეუდგებიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც პროექტის დეტალები და ხარჯვითი ნაწილი არ ხმაურდება.

„2010 წლის 16 ივნისს ძალიან მძიმე და შეიძლება ითქვას არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღე, როცა ხეივნის გაჩეხვის მცდელობა ხეებზე გამართული პროტესტით გამოვხატე. მაშინ, საზოგადოების პროტესტმა შეაჩერა ეს პროცესი და ხელისუფლებამ უკან დაიხია. ხელისუფლებამ მე ცილისწამებაშიც დამდო ბრალი და შემომითვალა, რომ ისინი ერთი ხის მოჭრასაც არ აპირებდნენ. დღეს, როგორც ჩანს ისევ დგას დღის წესრიგში ხეივნის განადგურება. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უკვე არ მალავენ, რომ ამ ბაღის რეკონსტრუქციას გეგმავენ. არადა, რასაც ისინი რეკონსტრუქციას ეძახიან, უბრალოდ მოსპობაა. ისინი ამბობენ, რომ ხეივანში ისეთი ხეები ხარობს, რომელიც საშიშია ადამიანების სიცოცხლისათვის. თუ ეს ასეა, რაღას ელოდებიან, რატომ არ ჭრიან. საქმე იმაშია, რომ ეს კედრები და ჭადრები, რომელიც ჩვენი ქალაქის, მისი ისტორიის  სახე და სავიზიტო ბარათია, ისევ ამაყად დგანან და მას განადგურებას უპირებს ეს ხელისუფლება. სამაგიეროდ, მათ, როგორც ზუგდიდელები ხუმრობით ამბობენ, უცხოეთიდან ჩამოტანილი „ჩუპა-ჩუპსის“ ნერგებით ჩაანაცვლებენ“.-აცხადებს კახა მიქაია.

„დაიცავი საქართველოს“ წევრები ხეების გაჩეხვით გამოწვეულ ეკოსისტემის განადგურებასა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ საფრთხეებზეც პროგნოზირებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ზუგდიდის რეკრეაციულ ფუნქციას სერიოზული საფრთხე შეექმნება და ზუგდიდის ცენტრში ატმოსფერული ტემპერატურა 12 გრადუსით მოიმატებს, ვერ მოხდება ქალაქის საკმარისი განიავება მავნე გამონაბოლქვებისაგან, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს შეიძლება მიუახლოვდეს С0-2-ის რაოდენობაც. 

ზუგდიდის ბულვარის გაჩეხვის მცდელობის შემთხვევაში კახა მიქაია საპროტესტო აქციების განახლებას ვარაუდობს და არ გამორიცხავს, რომ იგი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ორი წლის წინ.