„ვისთვის გააკეთეს ამდენი რამე, თუ ჩვენი ბავშვები მთაწმინდის პარკში ვერ ივლიან“

„ვისთვის გააკეთეს ამდენი რამე, თუ ჩვენი ბავშვები მთაწმინდის პარკში ვერ ივლიან“

„მთაწმინდის პარკი, თბილისის ყველაზე მაღალი პარკი და ამავდროულად თბილისელების თავშეყრისა და გასეირნება-გართობის, ერთ–ერთი, ყველაზე საყვარელი ადგილია.“ -ვკითხულობთ პარკის ოფიციალურ საიტზე და ვეთანხმებით კიდევაც,  თუმცა უნდა დავკონკრეტდეთ  და თბილისელების თავშეყრის, გასეირნება-გართობისა და დასვენების საყვარელ ადგილს წინ ერთი სიტყვა დავამატოთ,- შეძლებული! დიახ, შეძლებული თბილისელების.

გაზაფხული მოდის, ეს ის დროა როდესაც მშობელი ბავშვს გასეირნებაზე უარს, იმ მიზეზით ვერ ეტყვის, რომ ცივა! მოგეხსენებათ,  ყველაზე დიდი სიხარულით პატარები გასართობ ცენტრებსა და ატრაქციონებს სტუმრობენ. მთაწმინდის პარკი, ქალაქის ყველა სხვა გასართობ ცენტრთან შედარებით, სუფთა ჰაერით, ადგილმდებარეობითა და უკვე, უმაღლესი დონის ევროპული ატრაქციონებით გამოირჩევა.

უახლოესი წლების განმავლობაში თბილისში არაერთი გასართობი ცენტრი აშენდა, ძველი ცენტრები განახლდა და გარემონტდა. მთაწმიდის პარკიც ერთ–ერთი მათგანია.  ყოფილი ფუნიკულიორის შემდეგ იქ არანაკლებ პრესტიჟულმა „ბომბორამ“ დაიდო ბინა.  პარკის პირველადი რეაბილიტაცია 2007 წლის სექტემბერში საზეიმო გახსნით დასრულდა. პირველი ერთი თვე ატრაქციონები ყველა მსურველისთვის უფასო იყო და სექტემბერ–ოქტომბრის თვეში ათასზე მეტი სტუმარიც მიიღო.

რაც შეეხება, მისი შემდეგი სტუმრების რაოდენობას საგრძნობლად შემცირდა, მიზეზი მარტივია. „ბომბორას“ ატრაქციონები „არაშეძლებული“ თბილისელებისა და მათი შვილებისთვის არაა განკუთვნილი. მათთვის მერიამ  კორპუსებთან გააშენა სკვერები და საბავშვო მოედნები. წითელი ქვიშითა და „ორდღიანი“ ყვითელი ატრაქციონებით. მადლობა მერიას, რომ ჩვენს შვილებზე ცალკე იზრუნა და „მათ“ შვილებზე ცალკე. თუ ჩვენი ბავშვები იმ „ევროპულ ატრაქციონებს“ ვერ ნახავენ, ტრადიციული უბნის საქანელებითა და „აიწონა-დაიწონათიც“ დაკმაყოფილდებიან. ეგეც არ იყოს, მრავალშვილიანი ოჯახები, მთაწმინდის პარკში მხოლოდ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად მაინც ვერ, ან არ, ავლენ. 

ლალი, სამი შვილის დედა: მე და ჩემი მეუღლე, ორივე, დასაქმებულები ვართ, მაგრამ ჩვენთვის ბავშვების აქ მოყვანა, მაინც ძვირი სიამოვნებაა. ვერ გეტყვით, ეს პარკი საზოგადოების რომელი ფენისთვის არის განკუთვნილი. ჩვენი თვიური შემოსავალი მხოლოდ 600 ლარია და ამ ფულით აქ, თვეში ერთხელაც ვერ ამოვდივართ.

ნოდარი ბაბუ, მთაწმინდის პარკს შვილიშვილთან  ერთად სტუმრობს. როგორც მან გვითხრა, ამ პარკში ჯერ კიდევ მაშინ დადიოდა, როცა იქაურობას თბილისელები ფუნიკულიორს ეძახდნენ: „ხშირად მოვდიოდით მეგობრები. მართალი გითხრათ ის ნოსტალგია დღესაც მომყვება. ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ყველაფერს თავი დავანებოთ, ბავშვის გამოსეირნებასაც ვერ ვახერხებ, როგორ გინდა შვილიშვილს უარი უთხრა რაღაც ატრაქციონზე, ისეთი სიძვირეა, შეიძლება იმ ერთი ატრაქციონის ფული ვიღაცისთვის მთელი დღის კვების ხარჯი იყოს. არ ვიცი, ნეტა ვისთვის გააკეთეს ამდენი რამე, თუ ჩვენი ბავშვები ვერ ივლიან.“

ნიკა, სტუდენტი: მართალი გითხრათ, აქ ძალიან ხშირად მოვდივარ, მაგრამ მხოლოდ იმ ხალხთან ერთად, რომელთაც ატრაქციონებზე – როგორც ფუფუნებაზე, არ ვპატიჟებ. მეგობრები მხოლოდ მთაწმინდის პარკის ჰაერით ვკმაყოფილდებით. ჩვენ ვიცით მაინც, რომ ჩვენი „ჯიბეები“ ვერ სწვდება ამ ფასებს, მაგრამ რამდენჯერ გამიგია ატირებული ბავშვების ხმა. მშობლებიც უარეს მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე. ჩვენც ახალგაზრდები ვართ და ზოგჯერ ბავშვებზე მეტადაც გვინდება ამ ატრაქციონებზე გართობა, მაგრამ როცა ერთი ატრაქციონის ღირებულება 5ლარამდეა, ამაზე ფიქრიც არ ღირს. სტუდენტების უმრავლესობა უმუშევარია და თუ დამიჯერებთ, ჩემი დღიური ხარჯი მხოლოდ 4 ლარია. ალბათ, ხვდებით, რომ ეს მხოლოდ გზის ფულია, ვფიქრობ, დანარჩენზე საუბარი ზედმეტია.