როგორ გვიხსნიან რუსი კლასიკოსები პოსტ-საბჭოთა ქვეყნების არსს ანუ საქართველო, როგორც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“

როგორ გვიხსნიან რუსი კლასიკოსები პოსტ-საბჭოთა ქვეყნების არსს ანუ საქართველო, როგორც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“

(ჩეხოვიც და დოსტოევსკიც) არგუმენტი რუსული ლიტერატურის დიდი კლასიკოსების კიდევ ერთხელ წაკითხვისათვის

20 წლის წინ, საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან 15 ახალი ქვეყანა გაჩნდა - დანგრეული მონოლითის არათანაბარი ნამსხვრევები. ერთი ისტორია თხუტმეტად იქცა. საბჭოთა კავშირის ექსპერტთა უმრავლესობა მას შემდეგ ცდილობს მოვლენებს არ ჩამორჩეს, მაგრამ როგორ უნდა აღწერო ეს გამრავლებული ისტორიები?

რეტროსპექტულად ცხადი ხდება, რომ დასავლელმა კომენტატორებმა ვერც იწინასწარმეტყველეს და ვერც ახსნეს ის, რაც ამ ქვეყნებში მოხდა: მათი მიდრეკილება გაუთავებელი კრიზისებისკენ, მათი უცნაური და ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემები, მათი არასტაბილური სტაბილურობა. 

ინტერპრეტატორები დიდხანს ცდილობდნენ, ამ ქვეყნებისთვის, რომელთაც დასავლეთისგან და ხშირად ერთმანეთისგანაც, სრულიად განსხვავებული ისტორია და კულტურული წინაპირობები აქვთ, დანარჩენ მსოფლიოში მიღებული მოდელები მოერგოთ („გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე“, „პარტიული სისტემის ევოლუცია“). მე წაკითხული მაქვს რუსეთის პრემიერ-მინისტრის „ეთნოცენტრულ პატრიოტიზმზე“, მისი „წარმომადგენლობითი დემოკრატიის ხაფანგზე,“ და იმაზე, რომ ის „ნეოპატრიმონიალურ სახელმწიფოს აშენებს“, მოკლედ, ძალიან ჭკვიანური რაღაცები წამიკითხავს. მთელი ამ სიტყვიერი კონსტრუქციებიდან მე მშვენივრად აგებული ერთი-ორი მოდელის შესახებ გავიგე, (როგორც პუტინისთვის, ასევე პოლიტოლოგებისთვის), მაგრამ არა ის, რასაც დავეძებ – საზოგადოების ცხოვრების ხედვას შიგნიდან.

ჰოდა, აი ასეთი, არც თუ ისე ზერელე მოსაზრება გამიჩნდა: იქნებ ყოფილი საბჭოთა კავშირის გაგებისათვის ის აჯობებს, თუ პოლიტოლოგიურ სახელმძღვანელოებს გვერდზე გადავდებთ და ამის ნაცვლად ნიკოლოზ გოგოლის, ანტონ ჩეხოვისა და თეოდორე დოსტოევსკის წიგნებს გადავშლით?

ეს მარტოოდენ გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტი როდია; აღმოჩნდა, რომ ამ ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწერა, გასაოცრად ერგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დიდი ნაწილის პოლიტიკურ რეალობას, იქნება ეს პუტინის ავტორიტარული მმართველობის მოულოდნელი სიმყიფე რუსეთში, თუ მეზობელი უკრაინის მოდერნიზების მცდელობის მუდმივი მარცხი. საქმე ისაა, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ორსაუკუნოვანი ავტოკრატიის პროდუქტია, ავტოკრატიისა, რომელმაც დაბადა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი მწერლები. იმასაც ამბობენ, რომ პირველის არსებობამ განაპირობა მეორე, რომ მკაცრმა ცარისტულმა ცენზურამ, გახევებულმა საჯარო სამსახურებმა, განათლებული კლასის ინტელექტუალურმა შიმშილმა ხელი შეუწყო დიდი ნაწარმოებების დაბადებას. პუშკინი და ტოლსტოი, გოგოლი, ჩეხოვი და დოსტოევსკი, მხოლოდ კულტურის ინტერპრეტატორები როდი იყვნენ – ისინი პოპულარული ადამიანები, თავისი ეპოქის საკვანძო მორალური და ინტელექტუალური ფასეულობების გამხმოვანებლებიც გახლდნენ. მათ აღმერთებდნენ იმისთვის, რომ აღწერდნენ რთულ გარემოებებს, რომლებშიც მკითხველი საკუთარ თავს სცნობდა და ახლა ცნობს.

თავის გასაოცარ წიგნში, 2010 წლის ბესტსელერში „შეპყრობილები“ (The Possessed) ელიფ ბატუმანი იმაზე წერს, თუ რატომ შეიძლება იქცეს რუსული ლიტერატურა გზამკვლევად უმეტეს ცხოვრებისეულ, დიდსა და პატარა კითხვებზე პასუხის ძიებისას. „ტატიანა და ონეგინი, ანა და ვრონსკი“, წერს ბატუმანი, იხსენებს რა რუსული ლიტერატურის ყველაზე ცნობილ პერსონაჟებს, „ყოველ ნაბიჯზე, ადამიანის ქცევის საიდუმლო და სიყვარულის ბუნება, როგორც ჩანს, განუყრელად უკავშირდება ყველაფერს რუსულს“.

ჩემი იდეა ცოტა უფრო მოკრძალებულია, მე გთავაზობთ მოკლე ესკიზებს იმისა, თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ რუსული ლიტერატურის დიდი ნაწარმოებები სამ პოსტ-საბჭოთა ქვეყანას, იმ სამ ქვეყანას, რომელიც დასავლელ კომენტატორებში ყველაზე ცხოველ ინტერესს იწვევს, ესენია: რუსეთი, უკრაინა და საქართველო. ეს კლასიკოსები, რომელთაგან თითოეული საუკუნეზე დიდ ხნის წინ ცხოვრობდა, ისეთი სპეციფიკური დეტალებითა და გრანდიოზული პანორამით მოგვამარაგებენ, რომელიც ასე აკლია მოდელებით გადატვირთულ პოლიტიკურ ტექსტებს.

რუსეთი, როგორც გოგოლის „რევიზორი“

რუსეთის უმძიმესი ტვირთი იმაშია, რომ მას არასოდეს მოუცილებია ფეოდალური ტრადიცია, პერსონოფიცირებული ძალაუფლების ჩვევა. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულამდე რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას ყმა-გლეხობა შეადგენდა. ამავე დროს ფეოდალები დამოუკიდებლად როდი მართავდნენ ყმებს - ყველა მათგანი ემსახურებოდა სახელმწიფოს და საკუთრებას მეფის წყალობით ფლობდა. საბჭოთა სისტემამ, ამჯერად უკვე ცენტრალიზებული საკუთრებისა და კომუნისტური პარტიის მონოპოლიის მეშვეობით, ეს იერარქია აღადგინა. ბოლო წლებში, ახლა უკვე პოსტ-საბჭოთა ეპოქისათვის, ეს სისტემა კიდევ ერთხელ გამოიყენა პუტინმა და ე.წ. „ძალაუფლების ვერტიკალი“ შემოიღო, თუმცა თავის მოქალაქეებს ბევრად უფრო მეტი პრივატული სივრცე დაუტოვა. მაგრამ, როგორც პუტინმა ეს ამას წინათ აღმოაჩინა, სისტემა გასაოცრად მყიფე გამოდგა. მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან ის დამოკიდებულებათა ჯაჭვზეა ჩამოკიდებული, სულდგმულობს ფავორიტიზმით, მექრთამეობით და სიცრუითა და ორპირობითაა დამძიმებული.

ეს სისტემა შეიძლება უეცრად ჩამოიშალოს. მეფე შეიძლება ძალიან თავნება აღმოჩნდეს, ან ავად გახდეს, ან შემოელიოს ფული და ვეღარ გადაიხადოს ვალები. და აი ამ დროს, რუსეთის მოქალაქეებს, თუ ისინი ჩათვლიან, რომ ყველაფერი ეს ძალისხმევად ღირს, სავსებით შესწევთ ძალა თავის მმართველებს პრობლემები შეუქმნან. როგორც რუსეთის სპეციალისტმა სემ გრინმა თქვა, „არსებობს მითი რუსების პასიურობის შესახებ. ეს არ არის სწორი: რუსები აგრესიულად უმოქმედონი რიან.“ ამით მას იმის თქმა სურდა, რომ რუსები ბუნებრივად კონსერვატიულნი არიან, ურჩევნიათ გადარჩენის სტრატეგიაზე კონცენტრირდნენ, ვიდრე ისეთ რისკზე წავიდნენ, რომელიც მათი მდგომარეობის გაუარესების საფრთხეს შეიცავს. თუ დარწმუნდებიან, რომ მეფე შიშველია, ისინი პროტესტს გამოთქვამენ. ასე მოხდა 1989-1991 წ.წ., როდესაც საბჭოეთის სისტემა ჩამოიშალა და, უფრო მოკრძალებული მასშტაბით, ამ ბოლო თვეებში, დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ.

სწორედ ამან მიმიყვანა გოგოლის „რევიზორამდე“. გოგოლი რუსული ცხოვრების დახელოვნებული კარიკატურისტია. იმის თქმაც შეიძლება, რომ მას ველური სიყვარულით უყვარს რუსეთი. მისი პიესა „რევიზორი“ რუსული თეატრალური სცენის უდიდესი კომედიაა და ამავე დროს ყველაზე გამანადგურებელი სატირა, სარკე იმ რუსული ტრადიციისა, რომელიც წვრილმან დესპოტიზმს მეფიდან ყმამდე ავრცელებს. ცნობილია, რომ როდესაც 1836 წელს ნიკოლოზ პირველმა ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ნახა, ასეთი რამ წამოიძახა, „ყველას მოგვხვდა, მაგრამ მე, ყველაზე მეტად“.

პიესის ფაბულა მარტივია: პატარა ქალაქის კორუმპირებული თავი იგებს, რომ პეტერბურგიდან იმის გამოსაძიებლად, თუ როგორ მიდის საქმეები ადგილზე, რევიზორი ჩამოდის. ქალაქში პანიკა იწყება, ყველა მექრთამეა, ახალი საავადმყოფოსთვის გამოყოფილი თანხა გაფლანგულია, მაგრამ აშენებით არაფერი აშენებულა, ხოლო გამოუყენებელი სახელმწიფო დაწესებულების ვესტიბიულში იხვები ბუდობენ.

შემდეგ კი ქალაქის თავი და მისი ხელქვითი წვრილფეხობა საბედისწერო შეცდომას უშვებენ და ახალგაზრდა ქალაქელ კაცს, რომელიც სასტუმროში ცხოვრობს, რევიზორად ჩათვლიან. ხლესტაკოვი, ასე ჰქვია ჩამოსულს, რეალურად უყაირათო და უსირცხვილო მფლანგველია და მთელი ფული ბანქოს თამაშში წააგო. ის მყისიერად სარგებლობს ქალაქის ჩინოვნიკების მლიქვნელური ყურადღებით, ადგილობრივ ბიუროკრატებს ფულს ართმევს, ხოლო ქალაქის თავის ცოლსა და ქალიშვილს პეტერბურგში თავისი ცხოვრების შესახებ არნახულად შელამაზებული და გამოგონილი ისტორიებით აცდუნებს.

ისევე, როგორც გასული საუკუნის რუსეთის ისტორიაში, პიესის ფინალშიც თამაშდება ამბოხის, აბსოლუტიზმისა და კრახის ეპიზოდები. ამბოხებული ვაჭრები სტუმარს ქალაქის თავის უკანონობაზე შესჩივლებენ. ქალაქის თავი მათ იმით უგებს, რომ ხლესტაკოვისა და თავისი ქალიშვილის დანიშვნის ამბავს აცნობებს, აცნობებს იმას, რომ ოჯახი პეტერბურგში გადადის საცხოვრებლად. ის დასცინის ვაჭარს და ეუბნება, „ახლა ჩემს ფეხრთითა ხარ, რატომ? იმიტომ, რომ გაჯობეთ, მაგრამ აბა ოდნავ მაინც გაგეტანა შენი? ლაფში ამომსვრიდი და თავშიც ჩამცხებდი.“

მერე კი სიტუაცია იცვლება, ხლესტაკოვი ქალაქიდან იპარება, ფოსტალიონი ჩუმად გახსნის წერილს, რომელშიც გაიძვერა ჩადენილ თაღლითობას იკვეხნის. ტყუილი აშკარავდება და ქალაქი გაოგნებულია იმ ცნობით, რომ ნამდვილი რევიზორი მართლაც უკვე ჩამოსულია. ბოლო ეპიზოდში სრულიად გადარეული ქალაქის თავი მიმართავს ყველას, თავის ხელქვეითებსაც და მაყურებლებსაც, „ვის დასცინით? საკუთარ თავს?“

პუტინის რუსეთში, ისევე, როგორც ნიკოლოზ პირველის ეპოქაში ყველამ იცის თავისი ადგილი და ყველა მონაწილეობს კორუფციულ პრაქტიკაში, ან ანგარებით, ან ინერციით, ან ორივე ამ მიზეზის გამო. მაგრამ ყველაფერი სათავეში მყოფ კაცზეა დამოკიდებული – მეფეზე, ქალაქის თავზე, პრეზიდენტზე. როდესაც ძალაუფლების ილუზია ორთქლდება – რევიზორი თაღლითია, ხოლო პრეზიდენტი მოტყუებული, ყველაფერი მყისიერად შეიძლება ჩამოიშალოს. პიესაში წესრიგი ასევე მყისიერად აღდგება: ახალი რევზორი თავის ნებას ახორციელებს, სპექტაკლის ბოლო „მუნჯ სცენაში“, მიუხედავად იმისა, რომ გაოგნებული პერსონაჟები სიტყვასაც კი არ წარმოთქვამენ, ჩვენ ეგზისტენციური თავზარდაცემის მოწმენი ვხდებით.

რუსეთის მუდმივი გასაჭირი ამაშია – ის ტრიალებს ავტოკრატულ წესრიგსა და სოციალურ კატასტროფებს შორის, აი ასე განიცდება რუსების უმეტესობისთვის პოსტ-საბჭოთა პერიოდი 1990-იანი წლების შემდეგ. „რევიზორში“ იგივე დილემაა აღწერილი. თუ გოგოლის ამ პიესიდან დღეს საპროტესტოდ გამოსულმა დემონსტრანტებმა რაიმე დასკვნა უნდა გამოიტანონ, ეს დასკვნა შემდეგში მდგომარეობს – მათ სისტემის შესაცვლელად უნდა იბრძოლონ და არა მხოლოდ იმ კაცისა, რომელიც სისტემის სათავეშია მოქცეული.

უკრაინა, როგორც ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“

უკრაინა დიდი, მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელიც ბევრს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო გააოცოს. მას არც მისი დიდი მეზობლის სუპერსახელმწიფოს კომპლექსი აქვს და არც ბირთვული იარაღი. ის, ასე ვთქვათ რუსეთის კანადაა.

ერთი რამ უეჭველია – უკრაინის პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებრიობა ახლა რეალური და შეუქცევადია. დამოუკიდებლობის ოცი წლის მანძილზე მან ორჯერ მოახერხა ის, რაც რუსეთმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო: მთავრობამ ძალაუფლება ოპოზიციას გადასცა.

მაგრამ უკრაინამ ვერ მოახერხა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხელშესახები კეთილდღეობა მიეცა. Pew Research Center-ის მიერ ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელიც რუსეთში, უკრაინაში და ლიტვაში ჩატარდა, ყველაზე ნეგატიური განწყობა უკრაინელმა რესპონდენტებმა გამოამჟღავნეს. ნახევარმა მათგანმა განაცხადა, რომ არ მოსწონთ მრავალპარტიულ დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ასეთი მაჩვენებელი უკრაინაში უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთში. თითქმის სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ რიგითმა ადამიანებმა ამ ცვლილებით „ან არც თუ ისე ძალიან“, ან „საერთოდ“ ვერ იხეირეს. კორუფციის მაღალი დონე სამწუხარო ფაქტია. უკრაინული პოლიტიკაც ასევე იცვლის მიმართულებებს – 2004-2005 წ.წ. აქ გულად სამოქალაქო აქტივიზმს ჰქონდა ადგილი, „ნარინჯისფერ რევოლუციას“. მაშინ დემონსტრანტებმა ამოატრიალეს გაყალბებული არჩევნები, რომელთა შედეგად არასწორად იქნა დეკლარირებული ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება ოპოზიციურ კანდიდატზე, ვიქტორ იუშჩენკოზე. მაგრამ ვიქტორ იუშჩენკომ ისე გაუცრუა იმედი ხალხს, რომ 2010 წელს ამომრჩევლებმა ხმა ისევ იანუკოვიჩს მისცეს.

ქვეყანა, თუ მეცნიერს ლილია შევცოვას დავესესხებით, „გარდამავლობაში დაიკარგა“. რაც შეეხება საერთაშორისო სცენას, იმის მაგიერ, რომ მას ევროპასა და რუსეთს შორის ხიდის როლი შეესრულებინა, უკრაინა, ჩემი კოლეგა ოლგა შუმილო-ტაპიოლას თქმით, სადღაც შუაში გაჩერდა და „ნაცრისფერ ზონად“ იქცა. უკრაინა გაიჭედა.

სწორედ ამან გამახსენა შესანიშნავი ანტონ ჩეხოვი, ყოველდღიურობის პოეტი. ჩეხოვი ნებისმიერ სხვა ავტორზე უკეთ აღწერს იმას, თუ როგორ შეიძლება გათამაშდეს დრამა დრამის გარეშე. აი მისი ცნობილი სიტყვები: „ადამიანები სადილობენ, უბრალოდ სადილობენ და ამ დროს იბადება მათი ბედნიერება ან მათი სიცოცხლე ნამსხვრევებად იქცევა“.

მისი პერსონაჟების უმეტესობას ერთი მომხიბვლელი, მაგრამ საბედისწერო ჩვევა აქვთ – ისინი დიად საქმეებზე ფიქრობენ, ამ დროს კი რეალობა მათ უბრალოდ გვერდს უვლის. იქნებ უკეთ გავიგოთ იუშჩენკოს მმართველობა, თუ მას „სამი დის“ უკიდურესად სასიამოვნო პერსონაჟს, პოდპოლკოვნიკ ვერშინინს შევადარებთ. ვერშინინი ხომ დროის უმეტეს ნაწილს ასეთ ოცნებებში ატარებს – „როგორი წარმოუდგენლად მშვენიერი, შესანიშნავი იქნება სიცოცხლე დედამიწაზე ორასი, სამასი წლის შემდეგ“ და ამავე დროს კატასტროფულად ვერ ახერხებს მოქმედებას აწმყოში.

მაგრამ ყველაზე ნათლად უკრაინის დილემას ჩეხოვის უკანსკნელი პიესა „ალუბლის ბაღი“ მოგვაგონებს. მოქმედება დაახლოებით 1900 წელს ხდება. მომხიბვლელი, მაგრამ უსუსური არისტოკრატი ლუბოვ რანევსკაია პარიზიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში, საგვარეულო მამულში ბრუნდება. მან სახლი და ცნობილი ალუბლის ბაღი უნდა გაყიდოს, რათა უზარმაზარი ვალები გადაიხადოს. პიესის მსვლელობისას, ამ სახლში ეპოქის ყველა წარმომადგენელი ჩაივლის: მდიდარი, ახალი ბიზნესმენი ერმოლაი ლოპახინი, ყმა-გლეხის ვაჟი, რომელსაც ახლა უკვე შეუძლია სახლის ყიდვა და „ალუბლის ბაღის“ გაჩეხვა; მარადიული სტუდენტი, რევოლუციონერი, რომელიც აცხადებს, რომ ის „სიყვარულზე მაღლა“ დგას; გადმოხვეწილი გერმანელი გუვერნანტი ქალი; გაღატაკებული არისტოკრატი მეზობლები; თავხედი მსახურები, რომლებიც თავის ბატონებს დასცინიან.

ყველა ეს პერსონაჟი ერთ სახლშია თავმოყრლი. მათ მიაჩნიათ, რომ ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაგრამ რეალურად ერთმანეთის არა ესმით რა. ჩვენ ამას ვხედავთ, ისინი კი – ვერა.

პიესა დრამატული ფინალისკენ მიდის. იმართება წვეულება, რადგან სახლი აუქციონზე გაიტანეს და ყოფილმა ყმამ, ლოპახინმა ტრიუმფით შეისყიდა ის. ლოპახინი ექსტრავაგანტურად შეუკვეთავს ბოშა მუსიკოსებს მუსიკას და მერე რანევსკაიას დამშვიდებასაც ეცდება – „ო, როგორ მინდა ყველაფერმა ჩაიაროს და ჩვენი ეს არეული, უბედური ცხოვრება მალე შეიცვალოს!“ თუმცა რევოლუცია არ ხდება, მხოლოდ მცირედი არეულობა. უბრალოდ ყველა სადღაც წავა, რანევსკაია, მაგალითად პარიზში დაბრუნდება. მისი ზარმაცი არისტოკრატი ძმა ბანკში დაიწყებს მუშაობს. და მხოლოდ ფირსი, მოხუცი ყრუ მსახური დარჩება მიტოვებულ სახლში და ისიც შეცდომით.

გაურკვეველი მემკვიდრეობა, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, ახალი ფულის ტრიუმფი, გარდამავლობა, რომელიც არსაითკენ მიდის. აი ასეთია უკრაინის, იმ თანამედროვე ევროპული ქვეყნის ამბავი, რომელიც არსაითკენ მიემართება. „ალუბლის ბაღის“ პოეტური საბურველის მეშვეობით ჩვენ უკრაინის საკვანძო პრობლემის დანახვის შესაძლებლობა გვეძლევა – ფილოსოფოსებმა, რომლებიც ახალ და გაბედულ ცხოვრებაზე ოცნებობენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმაზე, რომ ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, რეალურად არ იციან, როგორ მიაღწიონ მიზანს. ჩეხოვი „ალუბლის ბაღს“ კომედიას უწოდებდა. მას იმის თქმა სურდა, რომ სასიკვდილო ტანჯვას არავინ განიცდის. და მართლაც, უკრაინის რეალობა დღეს უფრო კომედიაა, ვიდრე ტრაგედია. მაგრამ შეძლებენ კი მისი მოქალაქეები საკუთარ მომავალზე ერთმანეთთან სათანადო დიალოგის დაწყებას?

საქართველო, როგორც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“

თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკა, რომლებმაც 1991 წლის 25 დეკემბერს მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მამის მკვლელები იყვნენ: მათ მოკლეს რუსი მამა, რათა თავისუფლება მოეპოვებინათ. სეპარაცია ყველგან მტკივნეულად წარიმართა, მაგრამ განსაკუთრებულად მტკივნეულად საქართველოში, ქვეყანაში, რომლის ელიტა 2 საუკუნეზე დიდი ხნის განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსებთან არისტოკრატიის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბოლშევიკური საძმოს მეშვეობით. ვითარება კიდევ უფრო იმან გაართულა, რომ მეოცე საუკუნეში, 30 წლის განმავლობაში, სწორედ გარუსებული ქართველი, იოსებ სტალინი იყო მათი მოძალადე მშობელი.

1991-ში, როდესაც საბჭოთა მმართველობა ჩამოიცილა, ნაციონალიზმის ინტენსიური აფეთქების შემდეგ, საქართველომ მოკლა რუსეთიც და სტალინის კომპლექსიც. დრამატული მოვლენებისა და სამოქალაქო ომების წლებში ორმა პრეზიდენტმა შეცვალა ერთმანეთი. შემდეგ კი 2003 წელს მშვიდობიანი „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და აშშ-ში განათლებამიღებულმა იურისტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მაშინ მხოლოდ 35 წლის იყო, მამის მკვლელობის კიდევ ერთი აქტი ჩაიდინა – თავისი ყოფილი მფარველი, ვეტერანი ქართველი პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე განდევნა. მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ერთ თაობას გადაახტა და რომ მის ქვეყანას ყველაფერი „ნულიდან უნდა დაეწყო“. მართლაც თითქმის მთელი ყოფილი ბიუროკრატია და მათი წესები წარსულს ჩაბარდა, ხოლო ახალმოსულებმა, 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებმა, რომლებსაც განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა მთავრობა ჩამოაყალიბეს.

ახლა მოდი, გავიხსენოთ დოსტოევსკის უკანასკნელი რომანი „ძმები კარამაზოვები“. ისევე როგორც თანამედროვე საქართველოს ისტორია, დოსტოევსკის რომანის ფაბულაც მთლიანად, როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი კრიზისებისა და მხილებებისგან შედგება. დრამას და მის ფილოსოფიურ დედააზრს რომანტიკული, იმპულსური სიცოცხლის მოყვარული პერსონაჟები ქმნიან, პერსონაჟები, რომლებიც მუდმივად დავაში არიან ჩართულნი ნამდვილი ქართველებივით!

რომანში ტირან მამას კლავენ და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სამი ვაჟიდან არც ერთს არ ჩაუდენია მკვლელობა, თითოეულ მათგანს დასჭირდა გამკლავება მოხუცი მამის მკვლელობის საიდუმლო სურვილთან. დოსტოევსკის ყველაზე საინტერესო ქმნილება, უზომოდ ჭკვიანი 24 წლის სტუდენტი ივან კარამაზოვია. ის შეპყრობილია სამყაროს ტანჯვისგან დახსნის უტოპიური იდეით და მზადაა ამისთვის ექსტრემალურ ზომებს მიმართოს.

წიგნის ყველაზე ცნობილ თავში ივანი ყვება არაკს დიდ ინკვიზიტორზე. მე-16 საუკუნის ესპანეთში დიდი ინკვიზიტორი იესო ქრისტეს საყვედურს ეუბნება, რადგან მან კაცობრიობას „თავისუფალი არჩევანის“ ტვირთი დააკისრა. ამ ტვირთმა ადამიანს უბედურების გარდა არაფერი მოუტანა. ამიტომ მასები, მათივე ბედნიერებისათვის, განათლებულ მმართველთა პატარა კასტამ უნდა მართოს, ხოლო დანარჩენებს განზრახ აუხვიოს თვალი მისტიფიკაციით. დიდი ინკვიზიტორი ქრისტეს ეუბნება: „ყველა ბედნიერი იქნება, მილიონობით სულდგმული, გარდა იმ ასი ათასისა, ვინც მათ მართავს. რადგან მხოლოდ ჩვენ, ისინი, ვინც ინახავს საიდუმლოს, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით უბედურნი.“

ივანი ყველაზე მეტად ჰგავს დღევანდელ ქართველ რეფორმატორებს: შეუპოვარი, ქედმაღალი, და ფილოსოფოსი. დღევანდელ მის ინკარნაციაში ის, ალბათ მასკის პროგრამით შეერთბულ შტატებში ისწავლის, იმუშავებს მინისტრის მოადგილედ, იქნება ასე 24/27 წლის ბლოგერი და ახალ ელიტარულ ჟურნალში, „ტაბულაში“ სვეტსაც წაიყვანს.

რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ასეთ ქართველთან ონლაინ დებატები მქონდა. ის უტეხად უჭერდა მხარს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს მთავრობა ბუშის მმართველობის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან „დაკითხვის გაძლიერებულ მეთოდებს“ იყენებდა, არადა მე ამას „წამებას“ ვუწოდებდი. როდესაც მივწერე, რომ ის მე ივანე კარამაზოვს მახსენებს, მან მიპასუხა, „დოსტოევსკის სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში მრჩევლად არ ავიყვანდი. ინდივიდუალური მორალის გამოყენება ასეთ საკითხებში ფილოსოფიური შეცდომაა, რასაც მორალურად გაუმართლებელი, კატასტროფული შედეგები მოაქვს“. ჩემი აზრით, ეს პასუხი იდეალურად შეესაბამება ივანე კარამაზოვს.

ქართველების ახალმა თაობამ მართლაც შთამბეჭდავი საქმეები აკეთა. 2004 წლის შემდეგ საქართველო ბევრი თვალსაზრისით გარდაიქმნა. საგადასახადო და საბაჟო სისტემები კაპიტალურად შეიცვალა, საჯარო სამსახურები კარგადაა აწყობილი, დაიგეგმა ახალი ქალაქებისა და საგზაო სისტემების მშენებლობა. მაგრამ ყველაფერი ეს გარკვეულ ფასად მოხდა. ახალი ელიტა ქედმაღლად და უპასუხისმგებლოდ აღიქმება – ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ისინი რუსეთთან ომში ჩათრეულნი აღმოჩდნენ. კორუფცია და კრიმინალი, რომელიც საქართველოს თაობების განმავლობაში დაღად ესვა, დაითრგუნა, მაგრამ სამაგიეროდ შეიქმნა ახალი, შიშისმომგვრელი პოლიცია, რომელიც, როგორც ჩანს, არავის წინაშეა ანგარიშვალდებული.

“ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტები, სადაც ქართული მმართველი ელიტის გამოკვეთილმა სპიკერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ს საელჩოს თბილისში 2008 წელს განუცხადა, რომ ქართველი პრეზიდენტის აზრით, „მას არა აქვს კონსენსუსის მიღწევის ფუფუნება საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიული ცვლილებების გატარების პროცესში“ და „რეფორმები გაჩერდება“, თუ ოპოზიცია არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. “ეს იდეა -”ჯერ რეფორმები, მერე დემოკრატია” (რაც სხვანაირად ასეც შეიძლებაც ითქვას – მიზანი ამართლებს საშუალებას) თავისი ფილოსოფიური ფესვებით სცდება მეოცე საუკუნის ბოლშევიზს და მეცხრამეტე საუკუნის რუს რადიკალურ მოაზროვნეებამდე აღწევს”. დოსტოევსკიმ აღწერა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი: მის რომანში ივანე კარამაზოვი თავისი შეზღუდული რაციონალური უტოპიით გატაცებისა და მამის სიკვდილით გამოწვეული დაძაბულობის გამო, ჰალუცინაციებამდე და ნერვული აშლილობის ზღვრამდე მიდის. ქართულ მთავრობას ამ მომენტამდე ცოტა აშორებს. მაგრამ, აი გაფრთხილებაც.
foreignpress.ge