ვისმენთ ჩვენს კრიტიკას და ჩვენც გვაქვს კონსტიტუციური უფლება გავაკრიტიკოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ვერავინ დაასახელებს ერთ ფაქტს მაინც, როდესაც მთავრობის წევრების მხრიდან მედიის ან არასამთავრობო სექტორის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები გარდაისახა კონკრეტულ უკუქმედებაში.
''"მე ხშირად ღია კრიტიკა გამომითქვამს ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით. ეს ნორმალური, ჩვეულებრივი პროცესია. ეს არის ჯანსაღი, დემოკრატიის დამახასიათებელი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვისმენთ კრიტიკას და ჩვენც გვაქვს კონსტიტუციური უფლება, ასევე გავაკრიტიკოთ, გამოვთქვათ აზრი, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება უკუქმედებაში, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. დამისახელოს რომელიმემ - ან ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან, ან არასამთავრობოებთან მიმართებაში? ერთი ფაქტი ხომ შეიძლება დაასახელონ? ცოტა ხნის წინ მე შევხვდი ერთ ამერიკელ მეგობარს (არ მინდა სახელი ვახსენო), რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდა შეხვედრა ჩვენს არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებთან და მათგან მოისმინა ძალიან ბევრი კრიტიკა, რომ მთავრობის მეთაური ან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოდის და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია და არა ჩვენი პირადი მეგობარი, მკითხა: როდის მომხდარა, რომ თქვენი კრიტიკული აზრი რეალურ ქმედებაში გამოიხატა? პასუხი იყო - არასოდეს. დიახ მეგობრებო, არასოდეს, რადგან ეს ჩვენი მთავარი პრინციპია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის მტკიცებით, მთავრობამ საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალი გარემო შექმნა როგორც მედიისთვის, ისე სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ყველა დანარჩენი ნაწილისთვის.
''"დღეს ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, არის აბსოლუტურად თავისუფალი. ასე რომ, იქნება ეს "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო" თუ სხვა რომელიმე არხი, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ რომელიმე არხი რაიმე ფორმით ჩარევის შედეგად ხელოვნურად დაიხუროს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.