ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში ხვალ ორ ახალ პროექტს წარადგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობიდან აცნობეს , პროექტი "საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" არის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 – 2017 წლის "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" ნაწილი და დაფინანსებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ. პროექტი სახელწოდებით "სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში", დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს მიმართავენ კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, სტივენ შტორკი, ევროკავშირის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მაიკლ ობოილი, საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის საკითხებში და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენლები.
სტუმრებს ასევე მიესალმებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
პრეზენტაცია დასრულდება თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენების გაძლიერებას საერთო სასამართლოებში.
პრეზენტაცია გაიმართება 29 ოქტომბერს, 09: 45 საათზე, სასტუმრო თბილისი მერიოტში. თარგმანი უზრუნველყოფილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.