„რუსთავი 2“-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გავიდა.
ამის შესახებ ბიბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღვანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში რჩება და რომელსაც მხარეები ეყრდნობიან, ეს არის „2 ფარატინა, ყალბ ფურცელზე დაფუძნებული დასკვნა“.
„ის, რაც დღეს გახდა აშკარა, არის ის, რომ მოსამართლე ურთმელიძეს თავზე ხელი აქვს აღებული და ის გავიდა ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოებიდან. მან 98 სამუშაო დღეში 5 სხდომა ჩანიშნა. ასეთი ფორსირებული ტემპები საქართველოს სასამართლოს ისტორიაში არ არსებონს, ვერ მოძებნით მეორე სამოქალაქო დავას, რომელზეც ასეთი ტემპებით მიმდინარეობს საქმის განხილვა. მოსამართლე არ ითვალისწინებს არავის თხოვნას, არავის შუამდგომლობას, რაოდენ გონივრულიც არ უნდა იყოს. ის მოქმედებს თავისი დავალების შესაბამისად და ეჭვი მაქვს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. დღეს ჩვენ ხანდაზმულობის ვადებზე ვსაუბრობდით სამოქალაქო დავასთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხანდაზმულობები აქტიური გახდება მოსამართლე ურთმელიძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ნაწილში არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
რაც შეეხება ექსპერტ შოთა ივანაშვილზე დასმულ კითხვას, რომელზეც პრესა წერს, რომ ის 2 გახმაურებული საქმის ექსპერტი იყო და შესაძლოა, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდეს, ბიბილაშვილის თქმით სავარაუდოა, რომ ექსპერტი მოსამართლის მსგავსად მძევალია.
„ეს ის ექსპერტია, რომელმაც თავის დროზე მოახდინა „ქართუ ბანკისა“ და „გლობალ ტვ-ს“ შეფასება. ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინდელი ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება მას უწოდებდა ზონდერექსპერტს. როგორც ჩანს, ის ისეთი ტიპის ექსპერტია, რომელიც ყველა ხელისუფლებას ერგება. რამდენადაც ვიცი, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ანუ აქაც, როგორც ურთმელიძის შემთხვევაში, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ექსპერტიც მძევალია“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.