პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დეპუტატებს მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის გამარჯვება მიულოცა.
"მოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, რომელმაც პარლამენტის ღიაობის და საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის სამუშაო გეგმა შეიმუშავა და ახალი სტანდარტები დანერგა, აღიარებულ იქნა მსოფლიო ჩემპიონად. ასე ჟღერს ეს სახელი. მინდა, მოგილოცოთ. ჩვენი კოლეგა თამარ კორძაია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ამ ღონისძიებაზე. სამუშაო ჯგუფი არის მრავალპარტიული. ყველა ფრაქციის წარმომადგენელი ბრძანდებოდით ამ ჯგუფში, ასე რომ ამის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ სტანდარტების ცხოვრებაში დასანერგად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.