ამირან გიორგაძის მძღოლს ბრალდება სამი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს

ამირან გიორგაძის მძღოლს ბრალდება სამი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ამირან გიორგაძის მძღოლს შოთა ელიზბარაშვილს ბრალდება სამი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლით წაუყენეს.

როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.

გამოძიების თანახმად, ელიზბარაშვილმა კრასნოგორსკის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში მყოფ გიორგაძეს იარაღი ჩანთით გადასცა. კაბინეტში ჩადენილი ორმაგი მკვლელობის შემდეგ, ელიზბარაშვილმა გიორგაძე ავტომობილით სოფელ პოზდნიაკოვოში მდებარე კოტეჯში მიიყვანა, სადაც გიორგაძემ თავისი კომპანიონი ტრისტან ზაქაიძე მოკლა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ელიზბარაშვილი საქმის კურსში იყო, თუ რას ჩადის მისი უფროსი და ნებაყოფლობით მხოლოდ მაშინ ჩაბარდა, როცა გიორგაძემ რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა.

ქართველი ბიზნესმენის ამირან გიორგაძის ცხედარი კრასნოგორსკის რაიონის სოფელ ტიმოშკინოში, ერთ-ერთი სახლში იპოვეს. გამოძიების თანახმად, მან დანაშაულის ჩადენის დღესვე თავი მოიკლა.