რემინისცენცია რიშარდ კაპუშჩინსკის სტილში

რემინისცენცია რიშარდ კაპუშჩინსკის სტილში

გამორჩეული ლიტერატურული ნაწარმოები იმით განსხვავდება ჩვეულებრივისაგან, რომ ის უნივერსალური ხასიათისაა და ყველა ეპოქას, საზოგადოებასა თუ სახელმწიფოს ერთნაირად მიესადაგება, ისეთ მარადიულ ფასეულობათა უნივერსალურობიდან გამომდინარე, როგორებიცაა: პიროვნების თავისუფლება, ადამიანური ღირსება, კანონის უზენაესობა, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა.

ველაფერი ეს დიდი ხელოვანის გამჭრიახი თვალითაა დანახული და აღწერილი პოლონელი მწერლისა და პუბლიცისტის, ნობელის პრემიის ორგზის ნომინანტის რიშარდ კაპუშჩინსკის ცნობილ ლიტერატურულ შედევრში „შაჰინშაჰი“, რომელიც გასული საუკუნის 70-ანი წლების მიწურულს, ჩვენს მახლობლად, ირანში დატრიალებულ დრამატიულ მოვლენებს ეძღვნება.

საოცრადაა გადაჯაჭვული იმდროინდელი ირანის ისტორია დღევანდელობასთან. როგორი ერთნაირი სიჯიუტითა თუ სიბრიყვით ავიწყდებოდათ„ძლიერთ ამა ქვეყნისა“ მაშინ და ავიწყდებათ დღესაც, რომ ისტორია, როგორც ცნობილი ინგლისელი მოაზროვნე ჯ. ტოინბი გვეუბნება, მეორდება, თანაც ისე, რომ გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქებში ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ერებისა თუ პოლიტიკური ლიდერების ბედ-იღბალი. 

დღევანდელ საქართველოში კი, რიშარდ კაპუშჩინსკის „შაჰინშაჰის“ წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია რემინისცენციის მძაფრი განცდა არ დაგეუფლოს...

თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც უმჯობესია დიდ პოლონელ „მაესტროს“დავუთმოთ ახლა „ტრიბუნა“, რომლის ნააზრევი იოტისოდენადაც არ შემიცვლია. ქვემოთ წარმოდგენილ ამონარიდში „შაჰინშაჰიდან“, რომელიც მკითხველის სამსჯავროზე მაქვს გამოტანილი, მხოლოდ კომპოზიციური ქარგაა ჩემი და მეტი არაფერი.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა, უპირველეს ყოვლისა, პატივი მივაგო რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი რიშარდ კაპუშჩინსკის ნათელ ხსოვნას და გულწრფელი მადლობა გადავუხადო „შაჰინშაჰის“ პოლონურიდან ქართველ მთარგმნელს ამბროსი გრიშიკაშვილს იმისათვის, რომ მან საშუალება მოგვცა ეს დიდებული წიგნი მშობლიურ ენაზე წაგვეკითხა.


ერთი ირანელი მეორეს არაფერს უთმობს არასოდეს. მას პირველობა სურს, ისწრაფვის, თავისი შეხედულებები სხვას მოახვიოს თავზე. მე! მე! მე! მე პირველი ვარ, შენ - მეორე, შენ კი კვლავ მესამედ რჩები. ის მეორე და მესამე კი, არ კმაყოფილდებიან თავიანთი ბედით და დაუყოვნებლივ იწყებენ ინტრიგების ხლართვას. სწორედ ასეთი თამაშის წესების გამო ვერ ხeრხდებოდა ვერასოდეს ირანში სოლიდური ოპოზიციური პარტიის შექმნა, რამეთუ პარტიის შიგნით დაუყოვნებლივ იწყებოდა ერთმანეთს შორის ძიძგილი, ბრძოლა ლიდერობისათვის. ამ ქვეყანაში ყველა და ყოველთვის საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას ლამობდა.

ვერცერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებთ ისტორიაში, ხალხს რომ დაეტირებინოს ირანში თავისი შაჰი და საბოლოო განსასვენებლამდე ტირილითა და მოთქმით გაეცილებინოს. ირანის ყველა შაჰმა თანამდებობა და სიცოცხლეც კი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. ხალხი მათ საშინელ ადამიანებად მიიჩნევდა, სულმდაბლობაში ადანაშაულებდა, მათ თანამდებობიდან გადადგომას სიხარულის შეძახილებითა და წყევლით ხვდებოდა. შაჰის სიკვდილი კი, როგორც წესი, ქვეშევრდომების ზეიმის საბაბი ხდებოდა.

ახალაყსაყდრებული შაჰი ჩვეულებრივ ასე შედიოდა ხოლმე ირანის დედაქალაქში - ერთ მხარეს რუსეთის ელჩი უმშვენებდაგვერდს, ხოლო მეორეს კი – ბრიტანეთისა. ასე იყო მაშინაც, როდესაც ირანის ბოლო მონარქის - მუჰამედ რეზა ფეჰლევის მამა, რეზა შაჰი შევიდა თეირანში. მისმა შვილმა - მუჰამედ რეზა ფეჰლევი მაცირანისათვის ტრადიციად ქცეულ სტილში, 1941 წელს, რუსულ-ბრიტანული „ხიშტების“ მეშვეობით დაიმკვიდრა ძალაუფლება მამის ტახტიდან გადაყენებისა და გადასახლების შემდეგ. 

ბრიტანელები და ამერიკელები ყველანაირად ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ირანის ახალგაზრდა შაჰისათვის ტახტი და ძალაუფლება. თუმცა, სულის სიღრმეში არც იყვნენ დარწმუნებულნი, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ 1953 წელს დაემხოთ შაჰის ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგე - დემოკრატიულად არჩეული, პატრიოტულად განწყობილი და პოპულარული პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მოსადეჰი. 

მოსადეჰის გადაყენების შემდეგ ვაშინგტონმა დიდი რაოდენობის ფულის გაგზავნადაიწყო ირანში. რეზა ფეჰლევისაც დიდ პატივისცემაში ჰყავდა ამერიკელები, რადგან მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. უიმათოდ მყარად ვერ გრძნობდა თავს საკუთარ ქვეყანაში. განუწყვეტლივ დადიოდა ვაშინგტონში, თვეობით რჩებოდა იქ, ხვდებოდა „საჭირო“ ხალხს თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმში, ეთათბირებოდა, არწმუნებდა და პირობას დებდა. 

ნიშანდობლივი იყო, თუ როგორ შეეძლო შაჰს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით საბიუჯეტო თანხების მოხმარება. ბრძანებდა, რომ გაეზარდათ ხარჯები ინვესტიციებზე და – სრულდებოდა. ბრძანდებდა, რომ დაეწყოთ უდიდესი მოცულობის ტექნოლოგიების იმპორტი და – სრულდებოდა. გასცემდა სრულიად აბსურდულ ბრძანებას, შეექმნათ შეიარაღების თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე არმია. ესეც სრულდებოდა. მთელ მსოფლიოში ყიდულობდა პირადი მოხმარებისათვის ყველაფერს, რასაც მინდომებდა და „ოქროს ყულაბაში“ ინახავდა. თუ მოეპრიანებოდა, ფულს სულაც ზღვაშიც გადაუძახებდა. ათეულობით გაუაზრებელ განკარგულებას, ბრძანებასა თუ მითითებას იძლეოდა ის თავისი სასახლიდან. ამის შემდეგ კი რომელიმე ფეშენებელურ მთიან კურორტზე მიემგზავრებოდა და თხილამურებზე სრიალებდა. 

ძნელი წარმოსადგენია ფულის ის მოცულობა, რომელიც შაჰის, მისი ოჯახისა და ახლობლების ჯიბისკენ მიდიოდა. ის ფულიც კი, რომელსაც ამერიკა აძლევდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ირანს, ისევ უკან, შეერთებულ შტატებში, ბრუნდებოდა და იქ შაჰის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის ანგარიშებზე ილექებოდა. ქვეყნიდან ფული ასევე გადიოდა უცხოელი მეგობრების, თანამდებობის პირების დასასაჩუქრებლად, მათ მოსაქრთამავად და ათასგვარ გასართობებზე. ჩვეულებრივ იგი იმით მოისყიდდა ხოლმე ადამიანებს, რომ მათ ძვირადღირებული სამხედრო კონტრაქტების დასადებად აგზავნიდა. ასეთ გარიგებებში უდიდესი ფული კეთდებოდა, რომლის ნაწილიც შაჰისა იყო.

მთელი სახელმწიფო შემოსავლები შაჰმა ორ ნაწილად გაყო. მცირე ნაწილი ეკონომიკისა იყო, მოზრდილი კი – პოლიციისა და არმიის. წელიწადს გასვლასაც არ აცდიდა, ისე ზრდიდა ხუთჯერ ძალოვანი უწყებების ბიუჯეტს. არმიასაც მიეცა ერთხელ შესაძლებლობა დაეცვა სამშობლო, მაგრამ უცხო ქვეყნის მეომრების პირველსავე დანახვაზე შაჰის ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს და გაიქცნენ. სამაგიეროდ მანამდეც და მას შემდეგაც მთელ მსოფლიოს სრულიად სხვა მხრივ დაანახვეს მათ თავისი ძალა - უირაღო თანამემამულეების დემონსტრაციების დარბევა–დასჯის საქმეში. 

ერთი სიტყვით, ირანის არმია და პოლიცია სხვა არაფერი იყო, თუ არა პოლიტიკური ტერორის ბრმა იარაღი. ირანში პოლიციური რეჟიმი ჩამოყალიბდა. “დიდი წმენდის”, დახვრეტებისა და ტერორისდაწყებამაც არ დააყოვნა. მუჰამედ რეზა ფეჰლევის არ უყვარდა პროცესებისა და ტრიბუნალების გამართვა. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორების სხვა მეთოდები ერჩივნა. უფრო ხშირად, შაჰის ბრძანებით ირანში ადამიანებს ლაჩრულად, სამალავიდან ხოცავდნენ ხოლმე. მიდი მერე და დაადგინე, ვინ მოკლა და სად არიან დამნაშავეები. იყო შემთხვევები, როდესაც მთელ ოჯახებსაც კი სვამდნენ ციხეში.

შაჰის დიქტატურამ და პოლიტიკურმა რეპრესიებმა საუკეთესო ირანელი მწერლები, რეჟისორები, არტისტები, მხატვრები, კომპოზიტორები, ბიზნესმენები და სხვა სფეროების სპეციალისტები აიძულა ემიგრაციაში წასულიყვნენ. ზემოთ აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილი „საკადრო კრიზისიდან“ კი მარტივი და უსაფრთხო გამოსავალი მოინახა - საზღვარგარეთიდან „სპეციალისტების მოწვევა“. უცხოელ სპეციალისტთა ამ „არმიამ“ დომინირებული ადგილის დაკავება დაიწყო სახელმწიფოში, ამან კი ირანელებს მეორეხარისხოვანი ადამიანებისა და არასრულფასოვნების კომპლექსიშეუქმნა.

მუჰამედ რეზა ფეჰლევის ახალგაზრდობასთან ურთიერთობაშიც ჰქონდა საკუთარი „კარგი მეთოდები“. მაგალითად, სწავლის მოსურნეთა უმეტესობას შაჰი ირანიდან შორს აგზავნიდა, ამ გზით კი საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, ვინაიდან ამ ახალგაზრდათა უმეტესობა საერთოდ აღარ ბრუნდებოდა სამშობლოში. თუმცა, იმავდროულად ბევრი სხვა ახალგაზრდა შეინიშნებოდა იმ დროს თეირანის ქუჩებში, ნარკოტიკებით რომ გაბრუებულიყვნენ და ბანცალ-ბანცალით დადიოდნენ. ზოგიც კიბეზე იჯდა და ცივი, უსიცოცხლო თვალებით უაზროდ იყურებოდა. სხვები გამვლელებს ეძიძგილავებოდნენ და მუშტებით აშინებდნენ. „კი, მაგრამ როგორ ითმენს ამას პოლიცია?“ - კითხულობდნენ ერთნი. „მოითმენს, აბა, რას იზამს. ეს ხალხი ხანდახან მათთვის ძალზე საჭირო ხდება. ხვალ რამდენიმე გროშს მიუგდებენ, სამაგიეროდ დაურიგებენ რეზინის ჯოხებს და ხალხის დასარბევად გაუშვებენ. შემდეგ გაზეთები დაწერენ ჯანმრთელი, პატრიოტი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც შაჰის მოწოდებას გამოეხმაურნენ და საკადრისი პასუხი გასცეს საზოგადოებრივ პარაზიტებს“ - პასუხობდნენ მეორენი.

შაჰის ერთგული ირანული „ელიტა“ კი ინტრიგებითა და კონკურენციით იმკვიდრებდა თავის ადგილს სამეფო კარზე, რეზა ფეჰლევის მადლიერების მოსაპოვებლად. „რჩეულთა“ ადგილის დაკავება შეიძლებოდა მომხდარიყო ერთ წამში, ერთი დღის განმავლობაში. ამისათვის შაჰის მხოლოდ ერთი სიტყვა იყო საკმარისი. მონარქის კეთილგანწყობას კი მხოლოდ ის მოიპოვებდა, ვინც ლეკვივით კუდის ქიცინს შეძლებდა და „მამასა და მარჩენალს“ მისდამი თავდადებასა და ერთგულებაში დაარწმუნებდა.

ეს ერთი მუჭა პრივილეგირებული ფენა, რომელიც ინგლისურ ენაზე საუბრობდა, თავისუფალ დროს თეირანის ამერიკულ ღამის კლუბებში ატარებდა. ბავშვებს საზღვარგარეთ აგზავნიდა საწავლებლად. ისინი უდიდესი სიმპათიით იყვნენ განმსჭვალულნი ამერიკისა და ევროპის მიმართ და აგდებულად ეპყრობოდნენ ყველაფერ ეროვნულს.

თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე, ირანული „ელიტა“ კარგად გრძნობდა, თუ რა, წარმავალი და მოჩვენებითი იყო მათი კეთილდღეობა; ამიტომაც, მუდამ „ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდნები“. ირანელი მაღალჩინოსნები ფულს მხოლოდ საზღვარგარეთ ინახავდნენ. უძრავ ქონებას ყიდულობდნენ ევროპასა და ამერიკაში. იმდენი ფული იშოვეს, რომ სად წაეღოთ, აღარ იცოდნენ. თეირანში თანდათან აღმოცენდნენ დასახლებები, რომელთა კომფორტი და სიმდიდრე მნახველს ანცვიფრებდა. მრავალი სახლის ღირებულება მილიონ დოლარს აღემატებოდა. ასეთი სიმდიდრე წესით უცხო თვალს მოფარებული მაინც უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორ გეკადრებათ! თუ დამალავ და არ გამოაჩენ, რა საჭიროა მაშინ ქონება? დაე, ყველამ თვალები დააჭყიტოს საარაკო სიმდიდრის დანახვისას! 

საერთაშორისო რეისებზე ბილეთები თეირანიდან ყოველთვის წინასწარ იყო გაყიდული. მრავალი თვითმფრინავი მიფრინავდა ყოველდღე პარიზისაკენ და ორლის აეროპორტში ჯდებოდა. შეკვეთილ ლიმუზინებს მგზავრები ელეგანტურ სასტუმროში მიჰყავდათ. ისადილებდნენ თუ არა, ყველანი იმავე თვითმფრინავით უკან, თეირანში ბრუნდებოდნენ, სადაც ამჯერად უკვე საკუთარ სახლებში ვახშამი ელოდათ. არცთუ ისე იაფი იყო ეს რეისი, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ბილეთი ორი ათასი დოლარი ღირდა. თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შაჰის ფავორიტთა რიცხვში შედიოდნენ, რა იყო ორი ათასი დოლარი?!

მდუმარე და გაბოროტებული ირანელი ხალხის თვალწინ ჩამოყალიბდა მმართველი ფენა, რომელსაც ზომა და თავშეკავება არაფერში არ ჩვეოდა, რომლის ცინიზმსაც საზღვარი აღარ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ეს ყველაფერი ისეთ ხანძარს გამოიწვევდა, რომელიც თავის ცეცხლის ენებში შთანთქავდა ამ ფენასაც და მის წარმომშობსაც.

მსოფლიო პრესა კი გაუთავებლად ბეჭდავდა შაჰის საქებარ წერილებს, აღწერდა მის დამსახურებებს. განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, მაშინ როდესაც ირანი ვითომდა პოლიტიკურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ოაზისად რჩებოდა.

რეზა ფეჰლევი დასავლეთის ქვეყნებში ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა საშუალებას ხელი მოეთბო ქვეყნის სიმდიდრეზე, ოღონდ ირანის საზღვრებს გარეთ ცუდი არაფერი წამოსცდენოდათ შაჰზე. იმ პერიოდისათვის ნიშანდობლივი იყო ასეთი ფაქტი: ერთი ირანელი სტუდენტი რომელიღაც ევროპულ აეროპორტში ცდილობდა მგზავრებისათვის მიეჩეჩებინა ლოზუნგები იმის თაობაზე, რომ მის ქვეყანაში ადამიანებს ხოცავდნენ და აწამებდნენ, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა, რადგან ძალიან ბევრ გავლენიან ჟურნალისტსა თუ პოლიტიკოსს დასავლეთში, სიმართლის თქმას ირანის შაჰის ხარჯზე „ჯიბის გასქელება“ ერჩივნა. 

ამერიკასა და ევროპაში ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ირანის შაჰის მიერ წარმოებული “დიდი ცივილიზაციის მშენებლობისა და განვითარების“ ლოზუნგი მაქსიმალურად გაპიარებულიყო მთელ მსოფლიოში. Tertium non datur (მესამე გზა არ არსებობს) ანუ, „შაჰს ირანში ალტერნატივა არ ჰყავს“ – აი, ასეთი იყო მათი პრინციპი.

ყოველივე ამის მიუხედავად, შაჰისა და მისი ხელისუფლების მიერ შეთხზული ქვეყნის „განვითარების“ პროგრამა ჩაფლავდა. ირანში აღარაფერი აღარ ფუნქციონირებდა, ბაზარი თანდათან ცარიელდებოდა, ცხოვრება ძვირდებოდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები ადამიანთა შემოსავლების სამ მეოთხედს შთანთქავდა. შაჰის უსუსური, მაგრამ ხარბი ელიტა ძარცვავდა ქვეყანას, უცხოურ ფირმებს კი ქვეყნიდან უდიდესი თანხები გაჰქონდათ.

მაინც რას ნიშნავდა მაშინდელ ირანთან მიმართებაში დასავლეთში დამკვიდრებული ეს “ყბადაღებული“ სიტყვა – „განვითარება“? 

განვითარება შეიძლება მიმართული იყოს იქით, რომ გაამდიდროს საზოგადოება, ხალხის ცხოვრება გახადოს უკეთესი, თავისუფალი და სამართლიანი. თუმცა, მას შეიძლება სრულიად საპირისპირო ხასიათიც ჰქონდეს. სწორედ ასე ხდება ერთპიროვნული მმართველობის არსებობისას. მაშინ, როდესაც კორუმპირებული ელიტა თავის ინტერესს სახელმწიფოს ინტერესთან აიგივებს. ასეთ ქვეყანაში „განვითარება“ მხოლოდ სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას, დიქტატურას, მონობასა და სახელისუფლებო პროპაგანდისტული „მანქანის“ მეშვეობით ხალხის „ტვინების გამორეცხვას“ ემსახურება მხოლოდ.

აი, ასეთი სახე მიიღო დასავლეთის მიერ ხოტბაშესხმულმა „განვითარებამ“ირანში. და განა უნდა გაუკვირდეს ვინმეს, როცა ბოლს და ბოლოს, საშინელი მსხვერპლის მიუხედავად, ირანელები აჯანყდნენ, „განვითარების“ ეს მოდელი უარყვეს და ისტორიის „სანაგვეზე“ მოისროლეს?!

შეთქმულება და გადატრიალება შეიძლება დაიგეგმოს, აჯანყება - არასოდეს.

ყოველი რევოლუცია დრამაა, ხოლო ადამიანი ინსტიქტურად ერიდება დრამატულ სიტუაციას. ის უკანასკნელი სახის იარაღს წარმოადგენს და ხალხი წყვეტს, გამოიყენოს ის თუ არა. ხალხი თუ ამ უკიდურეს გზას აირჩევს, ესე იგი იცის, რომ სხვა გზა აღარ დარჩენია, სხვა ცდამ ვერ გაუმართლა, ყველა სხვა იარაღმა უმტყუნა.

ავტოკრატიული ხელისუფლება მასზე გაღიზიანებულ, გაბრაზებულ ხალხს ვერ იტანს, ვინაიდან მმართველ ელიტას უკვე გაფლანგული აქვს ხალხის ნდობა. მას აღარაფერი გააჩნია, დაკარგული აქვს მოთმინება და მუშტებს კრავს. მდგომარეობა თანდათან იძაბება, მძიმდება და იხუთება.

რევოლუციას ყოველთვის ხელისუფლება იწვევს. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ელიტის წარმომადგენლებს შორის დაუსჯელობის სინდრომი ვითარდება: „ჩვენ ყველაფერი გვეპატიება, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“.

ხალხი კი დუმს, იგი მომთმენი და ფრთხილია. მას ეშინია კიდეც, მაგრამ იმავდროულად, იგი ყველა დამარცხებასა და შეურაცხყოფას აღნუსხავს და ერთ მშვენიერ დღეს აჯამებს კიდეც.

მაგრამ სად გადის მოთმინების ფიალის ავსების ზღვარი? ხელისუფლებას, რომელმაც იცის ასეთი ზღვარის არსებობის შესახებ და ფრთხილობს, ცდილობს მას არ გადააბიჯოს, შეუძლია მშვიდად იყოს, მაგრამ ასეთი ხელისუფლება ბევრი არაა. მაინც რანაირად დაარღვია ირანის შაჰმა ეს საზღვარი და როგორ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი?

ირანის შაჰის რეჟიმი დაავადება იყო. წლების განმავლობაში არსებული ასეთი დიქტატურის შედეგად უბრალო მოქალაქეებიც ფსიქიკურად აშლილები გახდნენ. ნამდვილად ღარ იცოდნენ, თუ როდის გამოჯანმრთელდებოდნენ, როდის განიწმინდებოდნენ სულიერად და როდის დაიწყებდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

რელიგიური ჟესტი - აი, ის უმთავრესი, რითიც შეიძლებოდა მაშინ უბრალო ირანელის გულის მოგება და იმის შემდეგ, როდესაც მუჰამედ რეზა ფეჰლევის ტირანიის „წყალობით“ირანელ ხალხს ერთადერთი არჩევანი დარჩა: „ან შაჰი და ან რელიგია“, ცხადია, რომ ხალხმა მისთვის უფრო ახლობელი და ტრადიციული ისლამი არჩია. 

ჩვეულებრივ, რევოლუციის მიეზეზად ობიექტურ პირობებს ასახელებენ ხოლმე - საყოველთაო სიღატაკეს, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას, კორუფციას. ეს შეხედულება ცალმხრივია. ამგვარი პირობები ასზე მეტ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ რევოლუცია იქ არ მომხდარა. აუცილებელია სიტყვა, აუცილებელია ამხსნელი აზრი. ამიტომაა, რომ ტირანებს ნაღმსა და ხანჯალზე მეტად სიტყვისა ეშინიათ. 

იმ სიტყვაზე, რომელიც „იატაკქვეშეთში“იბადება, ტირანიას კონტროლის დაწესება არ შეუძლია. ამიტომაც უტევდა და აკრიტიკებდა გაუთავებლად პარიზიდან შაჰის ყველა გამოსვლას, მის ყოველ ღონისძიებასირანის დევნილი ოპოზიციის ლიდერი და ერის რელიგიური წინამძღოლი აიათოლა ჰომეინი. მისი უამრავი მოკლე, რამდენიმე წინადადების შემცველი, უაღრესად უბრალო, ყველასათვის გასაგები ენით გადმოცემული მოწოდება იწყებოდა და სრულდებოდა უფლისადმი მიმართვით და ასეთი ფორმულირებით: „ხალხო, გაიღვიძეთ!“

თუმცა, ხანდახან რევოლუციას საზეიმო ფორმით გამოთქმული და ხელისუფლების ბეჭდით დამოწმებული სიტყვებიც იწვევენ ხოლმე. „ისლამური რევოლუცია“ 1978 წლის 8 იანვარს, ირანის სახელისუფლებო გაზეთ “ეტელაში”დაბეჭდილი ერთი წერილიდან დაიწყო, რომელშიც აიათოლა ჰომეინი იყო შეურაცხყოფილი. ამას თეირანში ხალხის მასობრივი მღელვარება მოჰყვა. 

ხალხის ქუჩებში გამოსვლას პოლიცია ჩვეულად „გამოეხმაურა“. ერთმა პოლიციელმა თავის უფროსს დაუწერა მოხსენებითი ბარათი. ამ უკანასკნელმა კი პოლიციის სპეცაზმი გაგზავნა აღშფოთებული ხალხის დასაშოშმინებლად და მას მოედნის ირგვლივ მდებარე სახლებზე პოზიციების დაკავება უბრძანა. ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ და ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილ პოლიციის მანქანას, რომელიც დემონსტრანტებს დაშლისაკენ მოუწოდებდა ,არავინ უსმენდა. 

და, პოლიციის მაღალჩინოსანმა სროლის დაწყების ბრძანებას გასცა...

ზემოთ აღნიშნული სისხლიანი მოვლენების ორმოცი დღის თავზე ქალაქის მეჩეთებში შეგროვდა ხალხი, რათა პატივი მიეგოთ თეირანის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნისათვის. პოლიციამ და არმიამ კვლავ ცეცხლი გახსნა, რასაც რამდენიმე ასეული ადამიანის დაიღუპვა მოჰყვა. 

ორმოცი დღის გასვლის შემდეგ გაავებული და ზიზღით სავსე ხალხი უკვე ირანის სხვა ქალაქების ქუჩებშიც გამოვიდა. შაჰის ხელისუფლებამ კვლავ ცეცხლი გახსნა, რასაც ისევ მრავალი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. კვლავ გადის ორმოცი დღე და უკვე უამრავ ქალაქებში იმართება სამგლოვიარო პროცესიები.

ყოველი შემდეგი ხოცვა-ჟლეტა უმაგალითო სისასტიკით გამოირჩეოდა. ტერორს იყენებდნენ დასაშინებლად, მაგრამ ტერორი ხალხს მხოლოდ ახალი შეტევების განხორციელების და შემდგომი ბრძოლებისაკენ უბიძგებდა.

ჩვეულებრივ, დესპოტური ხელისუფლება მხოლოდ იქით ისწრაფვის, რომ იგი ძლიერად მიიჩნიონ და უფრო ნაკლებად ცდილობს, ხალხს თავისი გონიერება აჩვენოს. ძალის განუწყვეტელი ჩვენება აუცილებელია, ვინაირად ყოველი დიქტატურის საფუძველი უმდაბლესი ინსტინქტებია, რომლებიც მან ქვეშევრდომებში გამოიწვია - ესაა შიში და აგრესია თანამოძმის მიმართ, ესაა მლიქვნელობა და ლაქიაობა. აქედანაა დილეტანტებისა და უვიცების ასეთი მოძალება პოლიტიკაში, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ, თუკი ხელისუფლება ჩაუვარდებათ ხელში, ქვეყნის მართვა შეძლებენ. 

წარმოუდგენელია მთელი ერი გადასახლდეს სადმე, ვინაიდან იგი არა „სივრცის“, არამედ „დროის“ ემიგრაციაში მიდის ხოლმე, ანუ უბრუნდება საკუთარ წარსულსა და ფესვებს. ამიტომაც მოდის დრო, როდესაც პურითა და სანახაობით მაძღარ ხალხს აღარ სურს მორჩილად ყოფნა, იწყებს უფრო მეტის მოთხოვნას, ვიდრე გართობაა. ხალხი თავისუფლებასა და სამართლიანობას ითხოვს!

დესპოტი კი შეფიქრიანებულია. რეალობა მას უბიძგებს, რომ ადამიანს შეხედოს როგორც მთლიან, ერთიან ფენომენს, შეიცნოს მისი მდიდარი ბუნება, მაგრამ ეს დიქტატურას როდი სურს! თავისუფლების მოსურნე ადამიანი მას სძულს. იგი მისი მტერია და ამიტომაც ხელისუფლება ამრავლებს და აძლიერებს ჯარს, რათა მოსპოს და გაანადგუროს ადამიანი. 

ამავე დროს, დიქტატორი ყველანაირად ცდილობს ხალხის აღიარება მოიპოვოს და მიისწრაფვის, ლეგიტიმურობის ილუზია მაინც შეიქმნას. მცდელობას არ აკლებს, საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცოს, რომ ხალხის მხარდაჭერა და ნდობა აქვს მოპოვებული. და თუნდაც ხალხის მხადრაჭერა იყოს მხოლოდ მოჩვენებითი - ეს მას უჩვეულო კმაყოფილებასა და სიამოვნებას ჰგვრის. მერე რა, ეს რომ ილუზორულია, მოჩვენებითია? განა დიქტატურის მთელი სამყარო ილუზიებით არაა სავსე? 

ირანის შაჰსაც ასევე სჭირდებოდა ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, ერთ ირანულ ქალაქში ჯერ კიდევ არ აეღოთ ბოლო ხოცვა-ჟლეტვის მსხვერპლთა გვამები, რომ მეორე ქალაქის ქუჩებში უკვე შაჰის მხარდამჭერი დემონსტრაცია იმართებოდა. მოედნებზე სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები იკრიბებოდნენ.

ამბობენ, პოლიტიკოსი პრინციპული უნდა იყოსო. ირანის შაჰიც პრინციპული იყო, რათა თანამდებობაზე მყარად ყოფილიყო და ამის მისაღწევად არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა. ხალხსაც ესროდა და რეჟიმის ფასადის მოჩვენებით გადემოკრატიულობასაც ცდილობდა. ზოგს ციხეში სვამდა, ზოგს - უშვებდა. ერთს რომ თანამდებობას ართმევდა, მეორეს აძლევდა, ერთს აქებდა, მეორეს, პირიქით - აძაგებდა.

საპროტესტო მოძრაობამკი მთელი ირანი მოიცვა. დაიწყო გაფიცვები, გაჩერდა მრეწველობა და ტრანსპორტი. მიუხედავად ათიათასობით მსხვერპლისა, დემონსტრაციები და გაფიცვები უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ შაჰი მაინც ტახტზე რჩებოდა და ჯიუტად არ ტოვებდა თავის სასახლეს. 

კარგადაა ცნობილი, რომ გაცილებით ადვილია სტრუქტურისათვის სულის ჩაბერვა, ვიდრე მისი განადგურება.მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ ისეთი სახელმწიფო სისტემა შექმნა, რომ მას მხოლოდ შაჰის დაცვა შეეძლო. სამაგიეროდ, სისტემა უძლური იყო რაიმეთი დაეკმაყოფილებინა უბრალო ადამიანების მოთხოვნილებები. სწორედ ეს იყო შაჰის მმართველობის სისუტე და უმთავრესი მიზეზი მისი დამარცხებისა. ყოველივე ამის ფსიქოლოგიური საფუძველი კი არის საკუთარი ხალხის ზიზღი და უგულვებელყოფა, იმის რწმენა, რომ ყოველთვის შეიძლება ბნელი მასის მოტყუება რაღაც ამაო დაპირებების გამუდმებით. 

მაგრამ ირანული ანდაზა გვეუბნება: “დაპირებას მხოლოდ მისთვის აქვს რაიმე ფასი, ვინც მას იძლევა”.

მაინც რა იყოსაბოლოო ჯამში დასავლური პრესის მიერ ქება-დიდებით შემკული შაჰის ეს “დიდი ცივილიზაცია” ისლამური რევოლუციის შედეგად ნანგრევებად რომ იქცა? ეს იყო უცხო სხეული, უცხო თესლი, რომელმაც მშობლიურ ნიადაგზე ვერ გაიხარა. უცხო ცხოვრების წესის, ტრადიციებისა და ღირებულებების ირანელ ხალხზე თავსმოხვევის ცდა; ქირურგიული ოპერაცია, რომლის უმთავრეს მიზანსაც პაციენტის გადარჩენაზე მეტად ის წარმოადგენდა, რომ თავად ეს ოპერაცია განხორციელებულიყო. 

უკლებლივ ყველა რევოლუცია ანგრევს ერთ ქანდაკებას და მის ადგილას აუცილებლად დგამს მეორეს - საკუთარს, რადგან სურს, მყარად იდგეს და ამ მეტაფორული გზით გადარჩეს. რევოლუციის ცეცხლსა და ბოლში იცვლებიან ხელისუფლებები, ეცემიან მთავრობები, სავარძლებში ახალი ხალხი სხდება, მაგრამ ერთი რამ რჩება უცვლელი და განაგრძობს არსებობას - უსასოობა, უიმედობა და უპერსპექტივობა. 

რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? 

ის, რომ რევოლუციონერ პოლიტიკოსებს თავიანთ ბრძოლაში ამბიცია უფრო მეტი შემოაქვთ, ვიდრე ცოდნა. შედეგად, ყოველი რევოლუციური გადატრიალებისას ქვეყანა როგორღაც ამოსავალ მდგომარეობას უბრუნდება, ნულიდან იწყებს ცხოვრებას, ვინაიდან გამარჯვებულმა მთავრობამ თავიდან უნდა ისწავლოს ის ყველაფერი, რისი სწავლაც ასე დიდ ჯაფად დაუჯდა იმ თაობას, რომელიც მან სავარძლებიდან გადმოყარა. 

ნიშნავს კი ეს იმას, რომ ისინი, ვინც მათ ცვლიან, სამართლიანები და გონიერები არიან? სრულიადაც არა!

როდესაც ვსაუბრობთ რომელიმე დიქტატურის დამხობაზე, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მის ლიკვიდაციასთან ერთად დესპოტიის ფენომენიც უკვალოდ ქრება. დიქტატურის ფსიქოლოგიური „აჩრდილი“ ყოველთვის რჩება. ამ უკანასკნელის არსებობის პირობა კი ბრბოს სიბნელე და გაუნათლებლობაა. ამიტომაც ცდილობენ დიქტატორები, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ ხალხი სიბნელეში. 

ტირანიული მმართველობა ღრმა ფსიქოლოგიურ „იარებს“ უტოვებს ერის ცნობიერებას. საჭიროა თაობების შეცვლა, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს და ხალხში სინათლე გაბატონდეს, რათა არ დარჩეს საშიშროება იმისა, რომ ვინც დიქტატორს შეცვლის, თავისდაუნებურად გახდება“ღირსეული” მემკვიდრე იმისა, ვისაც ასე სასტიკად ებრძოდა.