ირაკლი ღარიბაშვილი - ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე

ირაკლი ღარიბაშვილი - ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე

ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინ"-ში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა. 
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საკითხსააც შეეხო. "მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო რუსეთის საკითხს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, მის მიერ ბოლო დროს უკრაინასა და არა მხოლოდ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯები ამ კონფერენციაზე მსჯელობის უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას. მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ასევე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ კონფლიქტით მიყენებული ტკივილი რეალურია და ჭრილობები ღრმაა. მისივე თქმით, მხოლოდ 2012 წლის შემდეგ მთავრობამ საცხოვრებლით უზრუნველყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაახლოებით, 10 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახი. 
"მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის ხელშესაწყობად იქ და მაშინ, როცა ეს შესაძლებელია. ამ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ კეთილგონივრულ მიდგომას. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.