უკრაინულ პორტალზე წამების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

უკრაინულ პორტალზე წამების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი.

აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად ვებგვერდზე გამოტანილია გასულ დღეებში გამოქვეყნებული ვიდეოებიც. როგორც უკრაინულ პორტალი წერს, ეს ვიდეო გადაღებულია პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ეჭვმიტანილისგან ჩვენების მიღების მიზნით, თუმცა წყარო დასახელებული არ არის. უკრაინული საიტი აცხადებს, რომ სააკაშვილის რეფორმატორების გუნდს ასეთი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები ჩვეულებრივ პრაქტიკად ჰქონდა ქცეული. ვიდეოს ბოლოში ისმის საუბარი მეგრულ დიალექტზე. კადრები უმძიმესი სანახავია, ამიტომ ვიდეომასალას შეგნებულად არ გთავაზობთ.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, უკრაინულმა ვებ-გვერდმა "ტუბე.უა"-მ, სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.