დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება გააგრძელებს მწყობრ ნაბიჯს დემოკრატიის, ევროატლანტიკური მიმართულებით

დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება გააგრძელებს მწყობრ ნაბიჯს დემოკრატიის, ევროატლანტიკური მიმართულებით

აქ ჩვენ ყველანი ვდგავართ ერთად, გაერთიანებული იმ ერთიანი ღირებულებით, იმ ერთიანი სწრაფვით და მიზნებით, რომელსაც საქართველო მიჰყავს უფრო დაცული, უფრო ძლიერი და უფრო სტაბილური ქვეყნისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირეულის გახსნას პრეზიდენტის გარდა დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკავშილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო მისიებიდან დაბრუნებული ჯარისკაცები.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უხარია, რომ დღეს თბილისში იხსნება ნატოს კვირეული. "მიხარია, რომ დღეს ჩვენ თბილისში ვხსნით ნატოს კვირეულს, უკვე ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც სწორედ ასე მრავალფეროვნად, მრავალი დროშის თანდასწრებით, როგორც ზეიმი, ისე იხსნება. ეს არის ზეიმი იმიტომ, რომ აქ ჩვენ ყველანი ვდგავართ ერთად, გაერთიანებული იმ ერთიანი ღირებულებით, იმ ერთიანი სწრაფვით, იმ ერთიანი მიზნებით, რომელთაც საქართველო მიჰყავს უფრო დაცული, უფრო ძლიერი და უფრო სტაბილური ქვეყნისკენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართულებით ყველამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. "თქვენ იცით, რა შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს ქართული შეიარაღებული ძალები, საქართველოს თავდაცვის სისტემა თავის რეფორმებში და რამდენად დაფასებული არის ღვაწლი, რომელიც თითოეული აქ მდგომი ჯარისკაცის და მათი თანამებრძოლების შრომის, სისხლისა და ოფლის ფასად არის მოცემული საქართველოსთვის. მე ვყოფილვარ თქვენთან ერთად და მინახავს, რა პირობებში მუშაობთ თქვენ და რამდენად დიდი არის დაფასება თითოეული ქართველი ჯარისკაცის იმ მისიებში, სადაც გამორჩეულია ქართული კონტინგენტი თავისი ორგანიზებულობით, აზროვნების უნარით და დისციპლინით", - მიმართა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს.

მანვე პატივი მიაგო იმ დაღუპულების ხსოვნას, რომლებიც საერთაშორისო მისიებში დაიღუპნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის ერთ-ერთი საერთაშორისო არენა იყო უელსის სამიტი, საიდანაც საქართველო დაბრუნდა გამარჯვებული თავისი შედეგებით. შედეგებით, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ორი თვის წინ გახსნილი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯის განხორციელებაში. ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიზანი ეფექტურად განხორციელდეს.

გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საინფორმაციო ცენტრს მიულოცა 10 წლის იუბილე და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობა მომავალშიც იქნება ეფექტური. "ამ მუშაობის ეფექტურობა დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ამ ღირებულების ირგვლივ კონსოლიდაცია დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს და დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება გააგრძელებს თავის ძალიან მწყობრ ნაბიჯს, დემოკრატიის და ევროპული ღირებულების, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.