რიცხვ სამის მისტიკისა და სააკაშვილური პოსტმოდერნის შესახებ

რიცხვ სამის მისტიკისა და სააკაშვილური პოსტმოდერნის შესახებ

რქიანობის ფენომენის და სიტყვა “რქიანის” ტრანსფორმაციის სამი ეტაპი ქართულ კულტურაში

(ნაწყვეტი პოლიტიკური ესსედან “ეჰუ და სალამანდრა”)

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რიცხვ სამს ოდითგანვე ენიჭებოდა განსაკუთრებული საკრალურ-მაგიურ-რიტუალური მნიშვნელობა (აი ისეთი, დღევანდელ საქართველოში “ხუთს” რომ ენიჭება: პრეზიდენტი სანიმუშო ხუთოსანი იყო, საარჩევნო სიებში “ნაცმოს” ნომერი ხუთია და ა.შ.).

ამ განსაკუთრებულობის დასაბამი სულაც მითოსურ ტრადიციაშია საძიებელი.
ფილოსოფიის ჩამოყალიბების შემდეგ სამიანის უზომო განდიდებას პითაგორელები იწყებენ. 

შემდეგ “სამის” მისტიკა დიდხანს იქცევა ნეოპლატონიზმის ძირითად პრინციპად. დიდი იოანე პეტრიწი ტრიადის პრინციპის მოქმედებას თვით სამხედრო სტრატეგიის სფეროშიც ხედავს და წერს: “ამიტომ პირველი მეფენი ომისა და საბრძოლო მოქმედებების დროს სამკუთხედად აწყობდნენ თავის ჯარს, რადგანაც ამ გამოსახულებას წინ ვერაფერი დაუდგება”. 

საინტერესოა, რა მოხდებოდა პეტრიწის ხედვა შეიარაღებაზე დავით აღმაშენებელს რომ აეღო და დიდგორთან ჯარი ტრინგულარულად დაეწყო? ვშიშობ, რომ შევრცხვებოდით, ბატონო! იმიტომ, რომ ფილაფოზთა ნააზრევზე სტრატეგიის და მით უფრო სამხედრო დისპოზიციის აგება სარისკო რამაა. თუმცა, დღევანდელი ბლოგტექსტი არ ეხება ჩემთვის ესოდენ ახლო თემას ფილოსოფიისა და სტრატეგიის მიმართებისა. 

მხოლოდ შემდეგს ვიტყვი: ტრიადულობის პრინციპს მებრძოლო ათეისტ-მატერიალისტებიც იზიარებდნენ. მაგალითად, მათი მთავარი ქურუმი და ცნობილი ტერორისტი ვალოდკა ულიანოვი.

ესე ულიანოვი, უფრო ლენინად ცნობილი, ამტკიცებდა, რომ მარქსიზს მაინცადამაინც სამი (და არა ორი, ან ვთქვათ ოთხი) წყარო და ზუსტად ამდენივე შემადგენელი ნაწილი გააჩნია. ტერორისტ ულიანოვს სურდა ტრიადის პრინციპით გლობალურად მოეცვა თემა, როგორც დიაქრონული (დროის ყოველი მოცემული მომენტისათვის მარქსიზმი მარადიულად სამი ელემენტისაგან შედგება), ისე – სინქრონიული აზრით (ისტორიულად მარქსიზმი მუდამ ამ სამი წყაროდან წარმოდგება). ერთი სიტყვით, მებრძოლი ათეისტიც კი ამტკიცებდა, რომ ტრიადის პრინციპს პანქრონიული ანუ დროის ტოტალურ-მომცველი ხასიათი აქვს.
გასაკვირი არ არის, რომ ტრიადის პრინციპი რეალიზებულ იქნეს კულტურაში, სახელდობრ კინოხელოვნებაში. 

მაგალითად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი ირაკლი კვირიკაძის “მოცურავე” ავიღოთ. ფილმი მოგვითხრობს დუმბაძეების ოჯახის სამი თაობის მცდელობაზე, გადაეცურა შავი ზღვა ბათუმიდან ფოთამდე.

ამ გადაცურვის პირველშემოქმედი დურმიშხან დუმბაძე ტრადიციულ საზოგადოების შვილია. შვილია დიადი ეპოქისა როდესაც ნივთები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო მამრების დაუსაბამო მამრულ ენერგიას ჯერ კიდევ არ ერქვა მაჩოს სახელი.

დურმიშხანი ტრადიციული საზოგადოების ღვიძლი შვილია, რომლის ყველა ღირსებებს შორის ისიცაა, რომ სრულიად გულგრილია პიარისადმი, ანუ სულ არ აინტერესებს, იცის ვინმემ რაიმე მისი გმირული გადაცურვის შესახებ თუ არა.

თუ დურმიშხან დუმბაძე ტრადიციული საზოგადოების ღვიძლი შვილია, მისი ვაჟი დომენტი დუმბაძე უკვე ინდუსტრიული ეპოქის ძეა, თანაც, ინდუსტრიული ეპოქისა იმ სახით, როგორც ის დამკვიდრდა საქართველოში: ტოტალიტარულ-ინდუსტრიულისა მისთვის დამახასიათებელი გრანდიომანიურობით (ჩვენს შემთხვევაში – მასობრივი გადაცურვა ელემენტებით).

დუმბაძეების ოჯახის მესამე წევრი, რომელიც ზღვასთან შეჭიდებას გადაწყვეტს –დომენტის შვილი, ანატოლი - უკვე გვიანინდუსტრიული, ბრეჟნევული ეპოქის დეგრადაციის პროდუქტია. მასში ბაბუის ამოუწურავი პირველძალიდან და მამის ენთუაზიაზმიდან მხოლოდ რაღაც მოგონებებია დარჩენილი, რომლებიც პერიოდულად იღვიძებენ და საბოლოო ჯამში გადაადგმევინებენ მისი ყოველდღიურ-ფილისტერული ყოფისათვის წარმოუდგენელ ნაბიჯს – ბათუმიდან ფოთში ახალი გადაცურვის ცდას.

დურმიშხან დუმბაძეში განსხეულებულია ტრადიციული საზოგადოება, დომენტი-დუმბაძეში – განვითარების მწვერვალს მიღწეული ინდუსტრიულ-ტოტალიტარული, ხოლო ანატოლი დუმბაძის ხანაში – უკვე დეგრადირებული გვიანინდუსტრიული ერა, ბრეჟნევიზმის ხანა სუფევს.

ამრიგად, “მოცურავე” თავისებურად იმეორებს მთლიანად კაცობრიობის განვითარების სამ ეტაპს: ტრადიციულს, ინდუსტრიულს და გვიანინდუსტრიულს. კულტურის ტიპებთან მიმართებაში ეს ტრიადა ემთხვევა ტრადიციულს, მოდერნულს და გვიანმოდერნულს.

ფილმი არაფერს ამბობს პოსტმოდერნულ ეტაზე. ეს არაა გასაკვირი. ფილმის გადაღების ჟამს (1981 წელს) საქართველოში ხომ პოსტმოდერნი ჯერ არ დამდგარიყო. 
თუმცა პროცესებზე სიღრმისეული დამკვირვებელი დიახაც მიხვდებოდა, რომ საქართველოში არცთუ დიდი ხნის შემდეგ პოსტმოდერნიზმის ხანა დადგებოდა. 
ამრიგად სქემა მაინც ტრიადულ პრინციპზე დავიდოდა და მიიღებდა სახეს: ტრადიციული (დურმიშხან დუმბაძე) - მოდერნული (დომენტი დუმბაძე აღმავალ-ჰეროიკულ ეტაპზე და ანატოლი დუმბაძე დაღმავალ-დეგრადირებად ეტაპებზე) და პოსტმოდერნულ ხასიათს.

პოსტმოდერნის განმასახიერებელი ფილმის გადაღების მომენტისათვის გაჩნდებოდ კონტურები ვიღაც “განუსაზღვრელი მესამისა” (ჰეგელის ტერმინია და აღნიშნავს ტრიადის მესამე წევრს, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია).

ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოში პოსტმოდერნის ეტაპზე მოცურავე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის კვლავ აცოცხლებს ტრადიციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ამოუწურავ ნაყოფიერებას. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილში განსხეულებულია მოდერნისტულ-ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მასობრივ-ჰეროიკულობა (იხ.პატრიოტთა ბანაკები). 
თანაც ის, ამავდროულად, ანატოლი დუმბაძის შთამომავალიცაა, რომელიც გვიანბრეჟნევულ -”ზასტოური” მოდერნიდან იბადება (გავიხსენოთ: სააკაშვილი შევარდნაძის მინისტრი იყო) და თავისი დაბადებით ბოლოსაც უღებს მშობელს (იხ. სააკაშვილის მიერ შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორება).

რასაკვირველია, სააკაშვილის პოსტმოდერნული გადაცურვა სულ სხვა ხასიათს მიიღებდა. ჯერ ერთი, ეს აღარ იქნებოდა მხოლოდ ბათუმი-ფოთის მასშტაბით (ეს ხომ ძალიან მცირე და ლოკალური მანძილია ჩვენი დიადი პოსტმოდერნული ხანისათვის). ის აუცილებლად იქნებოდა შემდეგი მარშრუტის: ბათუმი - ფოთი - პორტ-მიხაილი (ყოფილი ანაკლია) - განმუხური.

შემდეგ, გადაცურვის განმავლობაში მას ხელშემშლელები გამოუჩნდებოდნენ: სომალელი პირატები (რომლებიც სინამდვილეში გადაცმული რუსები აღმოჩნდებიან), რუსული წყალქვეშა ნავები და წყალქვეშა დივერსანტები, რომლებიც გადაცურვის მონაწილეებს ფეხისგულებზე უღიტინებენ და ამით ცდილობენ დიადი მიზნის მიღწევაში ხელისშეშლას.

მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება (ტყუილად ხომ არ იყო პრეზიდენტი წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი). მასობრივი გადაცურვის მონაწილეები უვნებლები ჩაცურავენ განმუხურს, სადაც მათ შეძახილით “მიშა მაგარია” მიეგებებიან ბუჩქებიდან ახლადგამომძვრალი პატრიოტთა ბანაკების მკვიდრნი.

ერთი სიტყვით, ისტორიული განვითარების პარადიგმა მაინც შეიძლება დავიყვანოთ ტრიადაზე: ტრადიციული – მოდერნული - პოსტმოდერნული. თანაც, ამ სქემით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მთლიანად კულტურა, ისე მისი ნებისმიერი ცალკეული პროდუქტი, ვთქვათ სიტყვა. ჩვენს შემთხვევაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ტრანსფორმაციებს განიცდის სიტყვა “რქიანი” ტრადიციული, მოდერნული და პოსტმოდერნული დისკურსის ჩარჩოებში.

“რქიანი” ტრადიციულ კულტურაში
ტრადიციული საზოგადოება, როგორც ვთვლით, ისაა, სადაც ნივთებიც და სიტყვებიც თავიანთ არსებობაში ჯერ ძალიან ახალგაზრდანი არიან. ესაა საზოგადოება რომელშიაც თაყვანს სცემენ ძალას, როგორც ასეთს: მამრის შემთხვევაში მის ამოუწყლავ სექსუალურობას, რომელიც ვრცელდება აგრეთვე გარემომცველი სამყაროს ნაყოფიერებაზე, სიუხვეზე და ომში გამარჯვებაზე.
მდედრის შემთხვევაში იგივე ძალა ვლინდება ნაყოფის სიუხვესა და შთამომავლობის სიმრავლეზე. შემთხვევითი არაა, რომ ტრადიციული საზოგადოების იმ ეტაპზე, რომელიც მატრიარქატის სახელითაა ცნობილი, შთამომავლობის ათვლა სწორედ მდედრული ხაზიდან მოდის.

ტრადიციული საზოგადოება ესაა საზოგადოება რომელშიც ყველაფერს ცალსახად აქვს მიჩენილი ადგილი. ნებისმიერი გადახვევა იმისგან, რაც მიღებულია, აღიქმება როგორც სოციალური წესრიგის (რომელიც ამავდროულად კოსმიური წესრიგიცაა) დარღვევა. დამრღვევი სასტიკად ისჯება. ყველაზე სასტიკი სასჯელი ისაა, რომ დამრღვევს ესჯება სამუდამო მიჯაჭვა გარკვეულ ვერბალურ ადგილზე, იმგვარი სიტყვის ლოკუსში მოქცევა, რომელსაც დამრღვევი სიცოცხლის განმავლობაში ვეღარასოდეს ჩამოიშორებს.

ეს ლოკუსი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მაგრამ შედეგი ერთია: სოციალურ-კოსმიური წესრიგის დამრღვევი სამუდამოდ ეჯაჭვება სიტყვას: ვთქვათ “მოღალატეს”, “გამცემს”, “ნაბიჭვარს” და ა.შ. (მივაქციოთ ყურადღება ტრადიციულ საზოგადოებაში სიტყვა კი არ ეჯაჭვება დამრღვევს, არამედ პირუკუ - დამრღვევი ეჯაჭვება სიტყვას).

ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, არც ერთი სოციალური მოვლენა არ რჩება დაფარული. ეს ბუნებრივია ეხება ცოლ-ქმრული ურთიერთოებების ღალატს. ასეთი ღალატის მონაწილე პერსონაჟი, გაცუცურაკებული ქმარი, სამუდამოდ ეჯაჭვება სიტყვა “რქიანს” (როგორც ამას ამასწინ ჰქონდა ადგილი სვაზილენდში, სადაც მეფის მეჩვიდმეტე ცოლს იუსტიციის მინისტრთან ღალატისას წაუსწრეს. ტრადიციულ საზოგადოებაში, მეფე რომ მეფეა, სიტყვა “რქიანზე” მიჯაჭვას ისიც კი ვერ გადაურჩება).

რატომ იქნა აღებული გაცუცურუკებული ქმრის აღსანიშნად სიტყვა “რქიანი” დანამდვილებით არავინ უწყის. არსებობს მისი ახსნის რამოდენიმე მცდელობა. ამგვარი სიტყვათხმარების საფუძველს ეთნოლოგები და ისტორიკოსები ზოგჯერ პოლიანდრიული ანუ მრავალქმრიანობაზე დამყარებულ საზოგადოებაში ხედავენ.
ამგვარი საზოგადოების კვალი გვიანდელ დრომდე შემორჩა. მის ნიშანს ხედავენ ისეთ განვითარებულ ეპიკურ ძეგლშიც კი როგორიც “მაჰაბჰარატაა”. სახელდობრ იქ სადაც მთავარ პერსონაჟებზე ხუთ დევ-გმირ ძმასა და მათ საერთო ცოლზეა ლაპარაკი. 

არსებობს ცნობა, რომ შუა აზიაში მცხოვრებ ეფტალიტების ხალხში (აი იმათთან, სპარსელების ჯარში მოლაშქრე ვახტანგ გორგასალი რომ ეომებოდა) გავრცელებული ყოფილა მრავალქმრიანობა. ამასთან ეფთალიტი ქალბატონები თავიანთ ქუდებზე იმდენ რქას იკეთებდნენ, რამდენი ქმარიც ჰყავდათ.

მავანი ამ არქაულ ტრადიციაში ეძებს იმის ახსნას, თუ რატომ უკავშირდება გაცუცურაკებული ქმრის მდგომარეობა ქორბუდობის ფენომენს.
პირადად მე ეს ახსნა არცთუ დამაჯერებლად მეჩვენება და ვთვლი, რომ მეცნიერების განვითარების დღევანდელ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ტრადიციულ საზოგადოებაში “რქიანი” გაცუცურაკებულ ქმარს ნიშნავს, რომელსაც როგორც იტყვიან საკუთარი ცოლისთვის ვერ მოუვლია და სხვას როგორ უნდა მოუაროს.

“რქიანი” ინდუსტრიულ საზოგადოებაში
ტრადიციული საზოგადოება, რომლის ღვიძლი შვილია დურმიშხან დუმბაძე, თავისი განვითარების რომელიღაც ეტაპზე ინდუსტრიულ, მოდერნულ საზოგადოებაზე გადადის. მოდერნულ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში მთლიანად იმსხვრევა ურთიერთობების ის სისტემა, რომელიც ტრადიციულ საზოგადებაში არსებობს. ტრადიციული სისტემა სრულიად ახალი სისტემით ნაცვლდება. ამასთან, ეს ცვალებადობა გლობალურია და მოიცავს არა მსოლოდ ადამიანებს და მათ შორის ურთიერთობებს, არამედ სიტყვებს და მათ შორის ურთიერთობებსაც. ბუნებრივია, ამგვარ ტრანსფორმაციას “რქიანი”-ც განიცდის.

მოდერნული საზოგადოების შექმნას გარდაუვლად ახლავს თან ინდუსტრიალიზაციის პროგრესი, რაც გულისხმობს სოფლის მოსახლეობის მასიურ მიგრაციას ქალაქად. 

საქართველოს შემთხვევაში ეს ყველაზე სპეციფიკურად აისახებოდა იმ ქალაქის ყოფიერებაზე, რომელსაც ისეთივე მგრადი და სპეციფიკური სოციოკულტურული ნიშნები გააჩნდა, როგორც მის გარემომცველ აგრარულ-ტრადიციულ სამყაროს.
ეს ბუნებრივია დედა-ქალაქი, თბილისი იყო. თბილისი, რომელიც ძალიან ხშირად უბრალოდ “ქალაქად” იწოდებოდა და ყველა ხვდებოდა, რა უნდა ეგულისხმათ, როდესაც ქალაქზე ლაპარაკობენ. 

“ქალაქს მივდივარ” ყველასათვის ნათელი გამოთქმა იყო და გულისხმობდა სწორედ თბილისს და არა სხვა ქალაქში (ქუთაისი, ფოთი და ა.შ.) წასვლას. შესაძლოა, მიკროდონეზე ეს ფუნქცია სხვა ქალაქსაც აეღო და “ქალაქს მივდივარ” ვთქვათ ქუთაისის მნიშვნელობით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. საერთოეროვნულ დონეზე ერთადერთი და განუმეორებელი ქალაქი სწორედ თბილისი იყო.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისს თავისი უნიკალური სუბკულტურული თავისებურებები ჰქონდა ჩამოყალიბებული, სადაც ერთმანეთს უცნაურად მაგრამ ორგანულად ერწყმოდა სარაინდო კულტურის ნობილიტეტისა და ჰამქრულ-ურბანული კულტურისათვის დამახსიათებელი მენტალური და ქცევითი სტერეოტიპები (თავადი/ყარაჩოღელების ყბადაღებული თემა). ამ სტერეოტიპთა ერთობლიობა ქმნიდა უცნაურ ტრადიციულ-ურბანულ საზოგადოებას, რომელიც უპირისპირდებოდა მის გარემომცველ აგრარულ-საზოგადოებრივ გარემოცვას.
მოდერნიზაცია და ურბანიზაცია ჩვენში სწორედაც რომ გულისხმობდა ამ აგრარულ-ტრადიციულის ექსპანსიას ქალაქურ-ტრადიციულში.

ამ ექსპანსიის შედეგად გაჩნდა ისეთი გამოთქმები, როგორიც იყო “წაგვლეკა სოფელმა” და სხვა მისთანანი. ამ კონტექსტში სიტყვა “რქიანმა” საგულისხმო ტრანსფორმაცია განიცადა. ის მეტად აღარ ნიშნავს გაცუცურაკებულ ქმარს, არამედ “ქაჯს”, “გოიმს”, რომელიც აგრარულ - ტრადიციული სინამდვილიდან შემოსულა ურბანულ-ტრადიციულ სუბკულტურაში ისე, რომ სრულიად არ იცის ამ კულტურის მატარებლების მენტალური სტერეოტიპები და ქცევის ნორმები. სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ამგვარი “რქიანის” პირველი ნიმუშია ქართულ ლიტერატურაში, რომელსაც ამავე ლიტერატურაში ერთგვარი ანტიპოდი ჰყავს პირველი ლიტერატული “მხედრიონელის” იერემია წარბას სახით. თუმცა, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

ფაქტია, რომ სიტყვა “რქიანმა” მოდერნის ხანაში ტრანსფორმაცია განიცადა და გაცუცურაკებული ქმრის ნაცვლად შეიძინა: “ქაჯის”, “არ იცის როგორ მოიქცეს”, “მდაბიოს” და ა.შ მნიშვნელობები. მაგრამ სიტყვის მნიშვნელობათა ტრანსფორმაცია ამით არ დასრულებულად და “რქიანმა” პოსტმოდერნულ - მიშისტურ ეპოქაში სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შეიძინა.

“რქიანობა” მიშისტურ-პოსტმოდერნულ ეპოქაში
ჩემი ძველი დოსტის, ზურა ქარუმიძისგან განსხვავებით, ვთვლი, რომ სააკაშილის ზეობა მაინც პოსტმოდენრის ხანაა და არა გვიანი მოდერნისა. ორივე მტკიცების სასარგებლოდ უამრავი არგუმენტი შეიძლება იქნეს მოყვანილი. თუმცა თავად ის, რომ სიტყვა “რქიანმა” სააკაშვილის ეპოქაში ახალი ტრანსფორმაცია განიცადა, უნდა ადასტურებდეს: სააკაშვილის მომხრეობა (რომელიც სულ უფრო იღებს კვაზირელიგიური სექტის ხასიათს) რაღაც ახალი სოციოკულტურიული სისტემის სახეს წარმოადგენს.

ტრადიციული განვითარების ეტაპზე “რქიანი” გაცუცურაკებულ ქმარს ნიშნავდა, მოდერნულ ეტაპზე “გოიმს”, “სოფლელს” ქაჯს”. რას ნიშნავს ამ ეტაპზე სიტყვა რქიანი”? ამ კითხვაზე პასუხისათვის უნდა გავიხსენოთ სააკაშვილის ცნობილი თეორია “ჩარეცხვის” შესახებ.

ამ თეორიის თანახმად, უნდა განხორციელდეს ჩარეცხვის მისტიკური აქტი (ტოლფასი წარღვნის პირველაქტის რეინკარნაციისა). წარღვის შედეგად წაილეკება ყველა ცოდვილი ანუ არამიშაისტი და არსებობას გააგრძელებენ მხოლოდ მიშისტები. 
ამასთან, ხელისუფლება იმუქრება, რომ მართალია ამგვარი წარღვნა ჯერ-ჯერობით ლოკალურია და მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ხდება, სამომავლოდ ის გაცდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და თანდათანობით მოიცავს მთელ სამყაროს. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.

რა არის წარღვნასგადარჩენილი მიშისტის მთავარი თვისება? ეს კარგად ჩანს გამონათქვამში, რომელსაც ხელისუფლების მომხრეებში კომპლიმენტის სახე აქვს: “არაკომპეტენტური მაგრამ ეფექტიანი”. ესაა ადამიანი, რომელიც “ეფექტიან” შედეგს აღწევის არა ცოდნით, გამოცდილებით, თავის თავზე მუშაობის უნარით ან განათლებით, არამედ იმით, რომ ის “ბოლომდე მიმწოლია”. ანუ “რქიანი” აწ იღებს “რქებით მიმწოლის” “ბოლომდე მიმწოლის” მნიშვნელობას. ასეთი “ბოლომდე მიმწოლის” წინაშე წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრულია ცნობილ “ნორჩი ზვიადისტის გზისმკვლევში”.

იმისათვის, რომ იყოს არაკომპეტენტური მაგრამ ეფექტიანი, წარღვნა-ჩარეცხვას გადარჩენილი სუბიექტი მარტორქისებრ მიმწოლი უნდა იყოს. სხვაგვარად: იგი ირგვლის არაფერს არ უნდა აღიქვავდეს და ჯიქურ აწვებოდეს რქებით საკუთარი მიზნის მისაღწევად.

ამრიგად, დღეს “რქიანი” აღარ ნიშნავს აღარც გაცუცურაკებულ ქმარს და აღარც “ქაჯს”, არამედ რქებით არაკომპეტენტურ, მაგრამ ეფექტიან მიმწოლს, რომელიც ამ რქებით მიწოლის აქტში მარადიულ პოსტმოდერნულ მიშიზმს ამკვიდრებს.
ამით წრე იკვრება. “რქიანის” ტრანსფორმაცია სრულდება. ხდება აბსოლუტური გონის თვითდაბრუნება. სად? 

საქართველოში, სადაც რომ მართლაც ყველაფერია შესაძლებელი.