„საცოდაობაა, რომ ამ სისულელეზე ჩვენი კონტრდაზვერვის თანამშრომელს დროს ახარჯვინებენ“

„საცოდაობაა, რომ ამ სისულელეზე ჩვენი კონტრდაზვერვის თანამშრომელს დროს ახარჯვინებენ“

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მასალებს, რომლის საფუძველზეც ის სამართალდამცავ უწყებაში დაიბარეს, "ბოდვა" უწოდა.

ბოკერიას განცხადებით, დაკითხვაზე მას შეკითხვები ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების ირგვლივ დაუსვეს. ამასთან, ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქმიანი ვიზიტით ლონდონში აპირებს გამგზავრებას, უკან კი აუცილებლად დაბრუნდება.

"საღი აზრის ფარგლებში არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ბოდვას სერიოზულად განიხილავს, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას ივანიშვილის და მისი თოჯინების სახით. საბაური ყველასთვის ცნობილია, რომ არის იმ აბსურდზე, რაც ჩვენ სოციალურ ქსელებში ვიხილეთ. ეს თვითონაც დაადასტურეს საჯარო ბრიფინგზე. ჩემთვის უცნობია რაიმე ოპერატიული მასალა იმ ბოდვის გარდა, რომელსაც გაეცნო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული საინფორმაციო პორტალების მეშვეობით. მართლა საცოდაობაა, რომ ამ სისულელეზე და აბსურდზე ჩვენი კონტრდაზვერვის ნებისმიერ თანამშრომელს საერთოდ რამე დროს ახარჯვინებენ, “ - აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიას ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ბოკერია დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ დაიბარა. ის მოდულის შენობაში 18:30 საათზე გამოცხადდა.

საქმე უკავშირდება უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხელისუფლების დამხობის 315-ე მუხლით დაწყებულ საქმეს. საუბარია ე.წ. უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც, თითქოს, გიგა ბოკერიასა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი და თითქოს, ისინი სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობდნენ.