როცა რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში, ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ კურსის გაუფასურება ძირითადად კვლავ საგარეო ფაქტორებით ახსნა, თუმცა განმარტა, რომ "ადეკვატურად ვერ მოქმედებდა" ეროვნული ბანკი.
"როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში კრიზისია, ერთი ქვეყანა იქ ვერ იმარჯვებს და ვერ აკეთებს სასწაულებს, თუმცა კიდევ ჩნდება ეჭვები, რომ ეროვნულმა ბანკმა ადეკვატურად ვერ იმოქმედა ზოგიერთ სიტუაციაში. ასეთ პირობებშიც კი ჩვენ გვქონდა ეკონომიკის 3 %-იანი ზრდა, რითაც რეგიონშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ და ევროპაშიც. როცა ყველგან კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, თუმცა იმ პრობლემებშიც კი, რაც შარშან იყო, ჩვენ ვიყავით სხვებზე უკეთეს სიტუაციაში - შედარებითია ყველაფერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება უკეთეს წლებთან დაკავშირებით მის მიერ გაცემული დაპირების შესახებ დასმულ შეკითხვას, ყოფილი პრემიერის თქმით, აღნიშნულში გულისხმობდა იმას, რომ ქვეყანაში "თამაშის ახალი წესები" დამკვიდრდებოდა.
"რა მაძლევდა იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ მეორე წელი იქნება სტაბილური, მესამე -კარგი, მეოთხე კიდევ უფრო კარგი და და.შ? ამის საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ ვაფუძნებდით იმ თამაშის წესებს, რის ხარჯზეც მიიღეს წარმატება წარმატებულმა ქვეყნებმა. კერძოდ ესენია ის, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, ის რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი, ის რომ ეკონომიკური კანონები უნდა იყოს გასაგები, ის რომ კანონი უნდა დაიცვას პირველ რიგში ხელისუფლებამ და ა.შ. სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ სწორი თამაშის წესები დაიგეგმებოდა, რაც მოხდა კიდეც და ამას ექნება შედეგი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მთავრობა არაეფექტურია და მას ბოდიშის მოხდა ურჩია.
"ამბობენ, რომ ინგრევა და ნადგურდება ყველაფერი – ბოდიში მოიხადონ. ინგრევა და ნადგურდება მათი პარტია მათივე ქმედებით და არა ჩემი ქმედებით.
თქვენ გინდათ ხვალ შვეიცარიასავით იცხოვროთ? - ბოდიში მოიხადეთ. თუ ხვალ ითხოვთ შვეციას? - ბოდიში მოიხადეთ. მაშინ მიიღებთ ახალ უბედურებას. თუ საზოგადოება მოითხოვს იმას, რომ ხვალ შვეიცარია უნდა მოახერხოს ღარიბაშვილმა და მთავრობამ და გადავუსწროთ შვეციას, მივიღებთ ახალ უბედურებას. თუ რეალობას დავკარგავთ და ღვინიაშვილივით ვიქნებით, რომელმაც არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე მკითხა, სად არის დახნული მიწებიო, ახალ პრობლემებს მივიღებთ", - აღნიშნა მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომლის შეფასებითაც, "ნაციონალები" სიცრუის გავრცელების ოსტატები არიან.