მთავრობის ყოფილი მეთაურის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი "ძალიან კარგი პრემიერია".
როგორც ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, გუნდში არაორგანიზებულობა, რასაც მას საყვედურობენ, მართლაც შეიმჩნევა, მაგრამ "ასეთი არაორგანიზებულობა ჯობია ისეთ ორგანიზებულობას", როგორი "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო.
"გუნდში არიან გამოკვეთილი ლიდერები. კოალიციაში არიან პარტიები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში იქნება კიდევ უფრო ეფექტური. ემოციური ნაწილი კი ახალგაზრდობას უკავშირდება, თუმცა ასაკი ემატება.
თანამდებობაზე სწავლა ეს არ არის სირცხვილი. გამზადებულ მინისტრებს და გამზადებულ პრემიერს ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ. ჩვენ ძალიან პატარა პრაქტიკა გვაქვს და ასე არ ხდება. არ გვჭირდება მსგავსი ლიდერები, როგორებიც გვახსოვს. არ გვჭირდება მსგავსი გუნდიც. რა თქმა უნდა, არაორგანიზებულობა, რაზეც ხშირად მიანიშნებენ ჩემს დატოვებულ გუნდს, შეიმჩნევა, მაგრამ ასეთი არაორგანიზენულობა გაცილებით ჯობია, ისეთ ორგანიზებულობას, რომელიც იყო: ერთი კაცი იტყვის ნებისმიერ უმეცრებას და სისულელეს, იმეორებს ყველა და ერთ მუშტად შეკრული ძალადობს დარჩენილ საზოგადოებაზე. ეს აღარ ხდება. ჩვენ გვყავს ხალხის სამსახურში მოსული ხელისუფლება. ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.