როგორ გავცეთ პასუხი კითხვას –

როგორ გავცეთ პასუხი კითხვას – "რას ნიშნავს ქართველობა?" (ბლოგოტექსტი დავით გურამიშვილზე ჩანართითურთ)

უკვე რამდენი ხანია, აღარ დასრულდა დისკუსია იმის შესახებ, ვართ ევროპელები თუ არა. დისკუსია თანდათანობით იძენს სქოლასტიკურ ხასიათს, თანაც ძალიან ხმამაღალს (მონაწილეთა ყვირილის ხმის თვალსაზრისით).

არადა არსებობს აკადემიური, მეცნიერული მეთოდები იმის განსაზღვრისა, თუ რომელი ტიპის კულტურას მიეკუთვნება ესა თუ ის ერი ან ზეეროვნული ერთობა (ჩვეულებრივ, ცივილიზაციას რომ უწოდებენ). ამგვარი მიკუთვნებულობის განსაზღვრის მეთოდოლოგიები დასავლეთში უკვე წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობენ. 

ცნობილია რამოდენიმე ასეთი მეთოდოლოგია. ჩემთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველაზე მოსაწონია ის მეთოდოლოგია, რომელიც “ანალების” ცნობილი ფრანგული ისტორიული სკოლის კონცეფციების ბაზაზე შეიქმნა.

ეს მეთოდოლოგია გულისხმობს ერთმანეთთან დაკავშირებული მაჩვენებლების (ინდიკატორების) მთელი რიგის გამოყოფას და შემდეგ იმის დადგენას თუ როგორ შეიძლება დახასიათდეს ესა-თუ ის კულტურა ამ მაჩვენებლის თვალსაზრისით.
ბუნებრივია, ერთმანეთთან ახლოს მდგომნი იქნებიანის კულტურები, რომლებსაც მაქსიმალურად დიდი ოდენობის საერთო ან მსგავსი მაჩვენებლებში ექნებათ. 
ეს მაჩვენებლები მოიცავენ ყოველივე იმას, რაც ადამიანური კულტურის არსს შეადგენს - უხსოვარი დროიდან ვიდრე დღემდე.

მაგალითისათვის ნებისმიერი კულტურა შეიძლება დახასიათდეს ისეთი მაჩვენებლების ნაკრებით, რომლებიც მოიცავენ შემდეგ სფეროებს:
•    როგორ ესმოდა ამა თუ იმ კულტურას ბუნება და მასზე ზემოქმედების საშუალებები: ა) მაგიური; ბ) ტექნიკური; გ) შრომით; დ)სხვა;
•    როგორ უყურებდა ესა თუ ის კულტურა ადამიანის ადგილს სამყაროში;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა ადამიანის ასაკობრივი განვითარების ძირითად ეტაპებს: ა) ბავშვობას; ბ) ყრმობას; გ) მომწიფებულ ასაკს; დ) სიბერეს; ე) მათ შორის გარდამავალ საფეხურებს;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა დროსა და სივრცეს;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა სიკვდილსა და ავადმყოფობას;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა თავად კულტურის სხვადასხვა სახეებს: ა) მწიგნობრულს; ბ) ზეპირსიტყვიერს; გ) ტრადიციულს; დ) ნოვაციურს. ე) სხვას;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა განათლების არსს და მის ნაირსახეობებს;
•    როგორ აფასებდნენ ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელთა სხვადასხვა სოციალური ფენები:
 ა) საკუთრებას; ბ) შრომას; გ) სიმდიდრეს; დ) სიღარიბეს;
•    როგორ აღიქვავდნენ ამა თუ იმ კულტურის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები ამავე კულტურის სხვა ჯგუფებს;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა ადათსა და სამართალს, რაში ხედავდა მათი როგორც სოციალური ურთიერთობების რეგულატორების ფუნქციას;
•    როგორ უყურებდა ესა თუ ის კულტურა ომსა და მშვიდობას;
•    როგორ აღიქვავდა ესა თუ ის კულტურა ისტორიასა მის დონეებს (გლობალური, ეროვნული ადგილობრივი) და როგორ ესმოდა მას ისტორიის მსვლელობა;
•    რა დღესასწაულები და კოლექტიური ცხოვრების რიტმების სხვა რეგულატორები ჰქონდა ამა თუ იმ კულტურას.

•    როგორ აღიქვავდა ეს კულტურა სხვა კულტურებს;
•    რა ფობიები ახასიათებდა ამა თუ იმ კულტურას. როგორ აღიქვავდა იმას, რასაც ის პათოლოგიად მიიჩნევდა;
•    რა ხასიათისაა ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა და რამდენად იმეორებს ის ამ კულტურის მატარებელთათვის დამახასიათებელ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოს;
•    ინდივიდუალური და კოლექტიური თვითცნობიერების ფორმები;
•    სუფრა, როგორც სოციალური ურთიერთობების მოდელირების ფორმა; კვებისა და ჭამა-სმის ნორმები;
•    სქესობრივი ცხოვრების აღქმა და მისი რეგულირების ფორმები;
•    ყველაზე ტიპური პერსონაჟები, რომლებიც დამახასიათებელნი არიან ამა თუ იმ კულტურისათვის და აღიქმებიან ძირითადად ტიპაჟებად ამ კულტურის ჩარჩოებში.
 

უკანასკნელ პუნქტთან დაკავშირებით: შუა საუკუნეების ფრანგული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ პერიოდის ფრანგული კულტურისათვის დამახასიათებელია ათი ტიპური პერსონაჟი, რომლებიც, როგორც წესი, წარმოადგენენ ლიტერატურული ნაწარმოებების, სახალისო გადმოცემების, ანეკდოტების, სიმღერების ტექსტების და ა.შ გმირებს.

უფრო გვიან (უკვე – შუა საუკუნეების შემდეგ) ფრანგთა დაუღლელი გალური გენია სხვა ტიპის პერსონაჟებზე შექმნის: რკინის ნიღაბისგან დაწყებული, ფანფან-ტიულპანით დასრულებული. თუმცა ყველა მათგანში რაღაც შუასაუკუნებრივი იძებნება.

გაირკვა, რომ შუა საუკუნეების ფრანგული კულტურის ათი ყველაზე ტიპური პერსონაჟია: 1.რაინდი; 2.მღვდელი; 3.გლეხი; 4. მოქალაქე (იგულისხმება ქალაქის რიგითი მცხოვრები, ობივატელი, ჩვეულებრივ ხელოსანი); 5. ინტელექტუალი (სიბრძნის მაძიებელი, ფილოსოფოსი და სხვა); 6)ხელოვანი (პოეტის ჩათვლით); 7.ვაჭარი; 8) ქალი (შუა საუკუნეების კულტურაში გენდერული ბალანსის სპეციფიკის გაგების გათვალისწინებით ქალი ხშირად ცალკე პერსონაჟად განიხილებოდა); 9) მარგინალი (გლახაკი); 10) წმინდანი.

ოციოდე წლის წინ, როდესაც ვწერდი დავით გურამიშვლის შემოქმედებისადმი მიძღვნილ სტატიას “მასწავლის ტანჯვა”, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ გურამიშვილი ადამიანად ყოფნის ათ ტიპს გამოჰყოფს, რომლებიც თითქმის ერთი-ერთზე ემთხვევიან იმ პერსონაჟებს, შუა საუკუნეების ფრანგული კულტურა რომ იცნობს.
გავიხსენოთ ადგილი “სწავლა მოსწავლეთაგან”:

მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,
მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ-მსიტყველია,
ათისავ თვითო მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია.
რომელიც გინდა, იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია!

გურამიშვილი წვრილად ახასიათებს ყოველ ათ პერსონაჟთაგანს. ვთქვათ „გლახაკი“ (ფრანგული კულტურის ინდიკატორის დახასიათებით – „მარგინალი“):

გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენაპირისა,
მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;
უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;
სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.

„გლეხს” გურამიშვილი ასე ახასიათებს: 

უნდა მხვნელთა და მთესველთა, მწიდვნელთა, გინა მბარავთა,
მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,
ცხელის ოფლითა დამწვართა ჩირდილთ ქვეშ მიუკარავთა,
რაც იმუშაკონ, ჭამონ და აჭამონ ქვეყნის მფარავთა.

„რაინდის: დახასიათება ასეთია:

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ-მდაბლოვანი,
მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,
მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი ძალგულოვანი,
გულ-სრულად მებრძოლთ მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ-მკლოვანი.

(უნდა გავითვალისწინოთ, რომ გურამიშვილთან ფრანგული კულტურისგან განსხვავებით „მიჯნური“ ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი, რაც ალბათ რუსთველის გავლენით აიხსნება. ფრანგულ კლასიფიკაციაში „მიჯნური“ ცალკე არ გამოიყოფა. ის „რაინდის“ მახასიათებლებში ჯდება).

„ვაჭარი“ გურამიშვლითნ ასე ხასიათდება:

ვაჭარი უნდა სარფისა, სამთვრალოს არას სვემდესა,
ყომარბაზობას ერიდოს, სიწმიდით თავსა სცევდესა,
მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა,
სწორეს ადლსა და სასწორსა ხელში არ ამრუდებდესა.

„ინტელექტუალი“ ასე ხასიათდება:

აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.
ცხოვრებდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;
ბრძენმან არ უნდა იკადროს ურიგო რაც რამ ფერია,
ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.

„მოქალაქე“, ქალაქის მცხოვრები, ხელოსანი ასე ხასიათდება:

ოსტატი, უფლის მოშიში, დავითმან ქებით შამოსა:
ნეტარ არს, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა:
ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ-მიდამოსა
შვილნი ხედ ზეთისხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა.

რასაკვირველია, გურამიშვილის გამოყოფილი ათივე ტიპი ერთი–ერთზე არ ემთხვევა შუა საუკუნეების ფრანგულ ტიპებს, თუმცა მოყვანილი მაგალითები მოაზროვნე ადამიანში აღძრავენ კითხვას გურამიშვილის პოეზიას და შუა საუკუნეების ფრანგულ კულტურას შორის ამ უცნაური დამთხვევის საფუძვლების შესახებ. ეს კითხვა თავისებურ პასუხთაგანი შეიძლება იყოს იმაზეც, რამდენად არის ქართველთა „დასავლელობის“ ფესვები შუასაუკუნეების ევროპასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კონტაქტებში საძიებელი.

თუმცა, ეს უკვა სხვა სპექტაკლიდანაა. იმედი მაქვს, ბლოგის მკითხველს მივანიშნე (ამ ტექსტში მეტის (პრეტენზია არც მქონია) ერთ–ერთი შესაძლო გზაზე პასუხისათვის არსობრივ კითხვაზე: რა არის ქართული კულტურა?

რასაკვირველია შესაძლებელია ჩატარდეს ემპირიულ–სოციოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ხსენებული ინდიკატორების თვალსაზრისით გაარკვევს, თუ როგორია ხსენებული ინდიკატორების დღევანდელი ქართული აღქმა. ამის შემდეგ შეგვეძლება ეს პასუხები შევადაროთ სხვადასხვა ევროპელი და არაევროპელი ერების ანალოგიურ პასუხებს და გავიგოთ, რომელთან დგას ახლო ქართული კულტურა. 

ამასთან, არ უნდა გაგვიკვირდეს ყველაზე მოულოდნელი შედეგიც. მაგალითად, უეცრად რომ აღმოჩნდეს: ხსენებული მაჩვენებლების თვალსაზრისით საქართველო ახლოს ევროპასთან და აზიასთან კი არა, ვთქვათ, სამხრეთ ამერიკასთან იდგეს (თანაც ამას მხოლოდ ლათინურამერიკული ტელესერიალების გავლენას ნუ მივაწერთ). 
თუმცა ამგვარი გამოკვლევა იქნება ოდენ პასუხი კითხვაზე: რამდენად არიან დღევანდელი ქართველები ევროპელები?

გაცილებით უფრო შრომატევადი და რთულია პასუხი კითხვაზე: “რა არის ქართული კულტურა?” ეს პასუხი უდიდესი რესურსების ხარჯვასაც ითხოვს.
ფაქტობრივად, მთელი ინსტიტუტია შესაქმნელი, რომელიც ქართულ ტექსტებს ჩაუჯდება, „შუშანიკის წამებიდან“ ვიდრე გიო ახვლედიანის ნაწერებამდე; უნდა საუკუნეებისდამიხედვით დალაგდეს და დახარისხდეს როგორ ვლინდებიან აღწერილი მაჩვენებლები ამა თუ იმ ეპოქის ქართულ კულტურაში. 

შემდგომ, შესასწავლი იქნება ამ მაჩვენებლების ტრანსფორმაციების დინამიკა. მაგალითად, ახლავე ცხადია, რომ მე–5–6 და მე–9–10 საუკუნეების ტექსტებში აღნიშნული ინდიკატორების თვალსაზრისით დაფიქსირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც განპირობებული იქნება ისეთი საბედისწერო ფაქტორით, როგორც არაბთა ბატონობა იყო .

ცხადია, შეგვიძლია გავცდეთ წიგნიერი კულტურის პერიოდს და იმავე მაჩვენებლების ნაწილის დადგენა წარმართული ეპოქისთვისაც ვცადოთ (ვთქვათ, ლინგვისტური და არქეოლოგიური მასალის გამოყენებით).

ახლა აყვირდებიან: ეგ ხომ რაღაც მოუსავლეთისკენ მიმავალი გზააო, რომელიც დიდ შრომას მოითხოვსო. ასეთი გზა იმ ადამიანის მოქმედებას ჰგავსო, რომელიც ტვინს იჭყლეტს იმ პერპენტუმობილეს შესაქმნელად, რომლითაც მერე ბაბილონის გოდოლი ინდა აშენდესო. 

განა უფრო ადვილი არაა პირდაპირ ვთვათ: ქართული კულტურა „გოიმობააო“ და თანაც ნათქვამი ფრანგული პოსსტრუქტურალიზმიდან ნასესხები ორიოდ ფალოცენტრულ–ლოგოცენტრული ტერმინით შევამკოთ?

მაგრამ სოლიდურ პასუხს კითხვაზეს “რა არის ქართული კულტურა” ამგვარ გამოკვლევამდე ვერ გავცემთ (თუმცა, ინტუიციურ დონეზე ყველა ქართველი ხვდება, რომ ამ მაჩვენებელთა ერთობის თვალსაზრისით უფრო ევროპას ვეკუთვნით ვიდრე აზიას). 

პირადად მე რაიმე განსაკუთრებული „კავკასიური“ შუალედური რგოლის გამოყოფა შეუძლებლად მიმაჩნია, თუგინდ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენამდე მოღწეული დამაჯერებელი წერილობითი ინფორმაცია ჩრდილო–კავკასიელთა შესახებ მე–17–18 საუკუნეებს იქით არ მიდის.

ეს გარემოება თავადაა საყურადღებო ინდიკატორი! საკუთარ წარსულზე საკუთარი წერილობითი (და არა ოდენ ფოლკლორული) წყაროების არსებობა ერთ–ერთ არგუმენტთაგანია, რომელიც ჩვენს კულტურას სამხრეთ–აღმოსავლურ ევროპის ხალხების კულტურასთან აახლოებს.

ბოლო–ბოლო სინგაპურთან ერთ კამპანიაში მოხვედრას, მირჩევნია ერთ კულტურაში მოვხვდე ბულგარეთთან (პეტრიწონი აგვიშენებია, ნუ დავივიწყებთ – დღესაც ბულგარელთათვის ეროვნული სიწმინდეა) ან რუმინეთთან (მათი ლიტერატურული ენის შექმნაში ანთიმოზ ივერიულს რომ შეუტანი უდიდესი წლილი).

გასაგებია, რომ მონუმენტური სამუშაოა ჩასატარებელი რათა გავცეთ პასუხი კითხვას: “რა იყო (არის და იქნება) ქართული კულტურა”.

ლამის იმდენივე სამუშაოა ჩასატარებელი, რამდენიც თავად ამ კულტურის შესაქმნელად. მაგრამ ამგვარი მუშაობის დაწყების გარეშე ქართველები მარად ვიქნებით განწირულები იმისთვის, რომ ავირჩიოთ უარესი ორ პოზიციას შორის.
ერთი პოზიცია გამოიხატება იმაში, რომ მკერდში მჯიღის განსაკუთრებით ხმამაღლა ცემით განსაკუთრებით ხმამაღლა ვიყვიროთ, რომ ჩვენ გვეამაყება ჩვენი ქართველობის და ქართული კულტურის (პოზიცია შეიძლება დახასიათდეს როგორც „ქაჯური“).

მეორე პოზიცია გულისხმობს, რომ მკერდში მჯიღის კიდევ უფრო ხმამაღლა ცემით კიდევ უფრო ხმამაღლა ვიყვიროთ, რომ ჩვენ გვცხვენია ჩვენი ქართველობისა და ქართული კულტურის (პოზიცია, რომელიც შეიძლება დახასიათდეს არა როგორც უბრალოდ „ქაჯური“, არამედ როგორც „ძალიან ქაჯური“ და თანაც როგორც „თავისუფლების ინსტიტუტური“).

რომელი სჯობს? მე მგონი არც ერთი. მგონი ისა სჯობს, ყვირილის გარეშე ფიქრობდე, რა არის ქართული კულტურა და მჯიღის ცემის გარეშე ქმნიდე მას (არა აქვს მნიშვნელობა წიგნის წერით აკეთებ ამას, ვენახის მოვლით, ბიზნესზე ზრუნვით, ქვეყნის დაცვაზე რეალური ფიქრით თუ ხელოვნების ქმნით).

ქართული კულტურა თუ ქართველობა, არაა ის, რაც ერთხელ მიიღწევა და მერე გაუთავებლად იარსებებს იმისთვის, რომ მავანმა მისდამი მიკუთვნებულობის საბაბით გაუთავებლად იცეს მკერდში მჯიღი. 

ქართული კულტურა ქართულივე კულტურის სხვადასხვაგვარად ქმნის პროცესია, რომელიც მანამ იქნება, სანამ ქართველობა იარსებებს. აღარ არსებობას კი, იმით მივხვდებით, რომ ამგვარ კითხვასაც არავინ დასვავს.