ვაჟბატონი გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ამ კადრებს იღებდნენ, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია, სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პირადი ცხოვრების და წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გავრცელდა მას არ უნახავს, თუმცა საზოგადოების რეაქციიდან იცის, რომ ისინი ძალიან მძაფრი იყო.
"გახსოვთ, როდესაც ხვედელიძე რეალურად ჩვენი შტაბის უფროსი იყო და ჩემთან ძალიან ახლოს იყო, მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მან გამოაქვეყნა, ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ასე დაადგინა გამოძიებამ, რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო გადაღებული და ნახეთ ჩვენი რეაქცია. მე ვიყავი მაშინ პრემიერ-მინისტრი როგორ დაუზოგავად მოვექეცით გუნდის წევრს განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან". მათი იდეოლოგია არის, რომ თავის თავი შეინარჩუნონ მხოლოდ. ნახეთ, როგორი თამაშის წესები დავაწესეთ, როდესაც მოვედით მთავრობაში ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას. ჩვენ ვართ არჩეული საზოგადოების მხრიდან, ჩვენ უნდა ვემსახუროთ მთელ ხალხს და არა ერთ გუნდს და არა ერთ მუშტს და ამისთვის გუნდის საუკეთესო წევრი ჩვენ არ დავზოგეთ. თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაცამ მიიღო ახალი კადრების გავრცელებაში მონაწილეობა, რეაქცია იქნება ადეკვატური. კატასტროფა იყო ის რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" მსჯელობით მიდის ახლა იმაზე საუბარი, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არის მისი გავრცელება და არა ის რაც მისი შიგთავსი", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც დაითვალეს ხარჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გადაღებისთვის, აღმოჩნდა, რომ 100 მილიონზე მეტია დახარჯული კადრების გადსაღებად.
"მინდა პარალელი გავავლო. აი, ის გვარამია, ვაჟბატონი გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ეს კადრები იღებოდა, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. ასეთ პარალელს გავავლებდი მე. ვინ არის გვარამია რა უნდა დღეს, ის არის მენეჯერი , მესაკუთრე არაა. ყარამანაშვილები სახელდებიან მფლობელად. კეზერაშვილზე უნდოდათ შუა პროცესში გადაფორმება, რა შუაშია გვარამია? გვარამია არის იმ შუაში როგორც ამ საშინელი კადრების გადაღების დროს იყო. რა დღეში ჰყავდა მთელი საქართველოს მოსახლეობა. ეს ვაჟბატონი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და იდგა კანონის სადარჯოზე. ამის შემდეგ დგას თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. ეს შეურაცხმყოფელია ალბათ თქვენთვისაც. ასე ხატავენ, რომ თუ "რუსთავი2"-ს რამე დაემართა თავისუფალი სიტყვა დაინგრევა. თქვენ ტელევიზია არ ხართ? თქვენ ვინმე გზღუდავთ? "მაესტროს" ვინმე ზღუდავს? "პირველი არხი" ნახეთ. ამ არხს საინფორმაციოს უფროსი არ ჰყავდა, ახლა დანიშნეს ვინმე გვიმრაძე, რომელიც ჩვენი ოპონენტია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა მიუღებელია, რადგან იმ ხალხს, რომელიც გააუბედურეს ბოდიში ვერ უშველის.
"ის არის მენეჯერი და მან ჟურნალისტებზე უნდა იზრუნოს. ვიცით რეალური მფლობელი - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა. გვარამია როგორც მაშინ ემსახურებოდა სისტემას, ისევე იცავს "ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მანქანას", - განაცხადა ივანიშვილმა.