ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების არაფორმალურ მართვას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ თანამდებობის პირებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
როგორც ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, მხოლოდ რამდენიმე რჩევა მისცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომლებმაც ის არ გაითვალისწინეს.
"არაფორმალური მმართველობა ეს არის მოგონილი და არის სინონიმი "ნაციონალური მოძრაობის". კიდევ ერთხელ შევეცდები დავუსაბუთო საზოგადოებას, რომ არასწორი ტერმინებია გამოყენებული, როდესაც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. იგივე დავით უსუფაშვილის მაგალითს გავიხსენებ: როდესაც პრეზიდენტი დაუკითხავად, ისე შევიდა სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში, რომ არც კანონი და არც არავითარი ფორმა არ დაიცვა, მაშინ როცა კანცელარიაში ჰქონდა ყველანაირი პირობა და ღარიბაშვილზე 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი კაბინეტი და ა.შ, მე და უსუფაშვილს გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული საუბარი. უსუფაშვილს დავუმტკიცე, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ამაზე შესატყვისი აქცენტები უნდა გაკეთებულიყო. მან საუბარშივე მითხრა, რომ, მართალია არ ჰქონდა არგუმენტები ჩემი არგუმენტების საწინააღმდეგოდ, მაგრამ პოზიციას მაინც არ შეიცვლიდა და მაინც არ გააკეთებდა იმ აქცენტს, რაც სწორი იყო. მართლაც ის გამოვიდა ტელევიზიით და პრაქტიკულად "გააპრავა" პრეზიდენტის იქ შესვლა. ამის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე უსუფაშვილისთვის რჩევის მიცემაზე მქონოდა პრეტენზია.
მეორე მაგალითსაც მოგიყვათ: როდესაც მოსმენებთან დაკავშირებით კანონს იღებდნენ, მინდოდა უსუფაშვილისთვის რჩევა მიმეცა, რომ მხარი დაეჭირა იმისთვის, რა ფორმითაც კანონი პარლამენტში შევიდა, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა ანუ ვერავითარი გავლენა უსუფაშვილზე ვერ მოვახდინე.
კიდევ ერთი შემთხვევაც მახსენდა: თვითონ ხომ არ დაექვემდებარა ჩემს რჩევებს და არაფერიც არ მომხდარა - როგორი ურთიერთობაც მქონდა, ისეთივე მაქვს დღესაც. უსუფაშვილმა მთხოვა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილთან ზარი გამეკეთებინა. მისივე თანდასწრებით დავურეკე და ვთხოვე, თუმცა მან არ გაითვალისწინა _ ზაქარია ქუცნაშვილმაც არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია. არაფერი არ მომხდარა არც ზაქარია ქუცნაშვილთან. იგივე ურთიერთობა მაქვს, რაც მქონდა დღემდე.
ასე რომ, არავითარი ბერკეტი ზემოქმედების მე არ მაქვს. არ არის არც ერთი ჩემი ნათესავი. მე არ მაქვს საკუთარი ჯარი, რომ გავლენა მოვახდინო. ერთადერთი რასაც ვამბობდი და ვიმეორებ დღესაც: მე მაქვს მოსახლეობის ჭარბი ნდობა. ჩემს სიტყვას აქვს ფასი და შემიძლია არჩევნების დროს ხალხს მივანიშნო", - განაცხადა ივანიშვილმა.
მეტიც, ყოფილი პრემიერის თქმით, მან დავით უსუფაშვილისგან რამდენჯერმე რჩევა თავად მიიღო.
"პირიქით. როცა "მოქალაქეს" ვაყალიბებდი უსუფაშვილს რჩევებს ვეკითხებოდი და სხვათაშორის, საკმაოდ ნიჭიერი კაცია და ბევრი კარგი რჩევაც მომცა, მაგრამ საპირისპიროდ რომ მისთვის რჩევა მიმეცა, მცდელობაც აღარ მქონია. რომ ვნახე, არგუმენტების გარეშე წავიდა და გააკეთა საპირისპირო, კარგად იყავი მეთქი, ვთქვი", - აღნიშნა ივანიშვილმა.