ჩემთვის არც ერთი მედიასაშუალება არ არის სახიფათო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ტელეიმედის" ეთერში შაბათის "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება უკვე მობილიზებულია, აზრზე მოვიდა და კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ცხრაწლიანი მმართველობის დროს.
"ჩემთვის არც ერთი მედიასაშუალება არ არის სახიფათო. საზოგადოებას ახსოვს ცხრაწლიანი მმართველობის შემდგომ რა ხდებოდა, როგორი იყო მთელი მედია ერთი კაცის ხელში. ჩემთვის იქნებოდა ტრაგედია მთავრობის ტელევიზიების გამოჩენა. ჩემთვის მიუღებელია, რომ მთავრობა მართავდეს ტელევიზიას. თქვენ ალბათ გახსოვთ როგორ დავხურე "მეცხრე არხი". უკაცრავად ვარ ჟურნალისტებთან მაგრამ მე თავშივე გაცხადებული მქონდა მიზანი. ჩემთვის იქნებოდა მიუღებელი, რომ მთავრობამ დაიწყოს ტელევზიების კონტროლი. მთავრობის წევრები ადამიანები არიან, მათ არ მოსწონთ კრიტიკა, მაგრამ უნდა შეეგუონ და შეეჩვიონ ვისაც არ მოსწონს დატოვოს თანამდებობა და წავიდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ რამდენი ტელევიზიაც უნდა იმდენი გახსნას.
"რუსთავი 2"-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" ნუ აქვს ილუზია, როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს დავა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოახერხებს თავისი ემოციების და თავისი იდეოლოგიის საზოგადოებაში გამოიტანს. მათ რიგი აქვთ გამოცემების, აქვთ "ტაბულა". ტელევიზიაზეც სიხშირეები დღეს შეუზღუდავია და თუ უნდათ ხუთ ტელევიზიას გახსნიან. ფული უამრავი აქვთ. რაც გაიტანეს ქვეყნიდან და გაძარცვეს ხალხი. ფულის მარაგი მათ უამრავი აქვთ. მოლარე ყავთ, ტელევიზიის გახსნის პრობლემა მათ არ ექნებათ. ამიტომ პრინციპული არაა არავისთვის სად წავა "რუსთავი 2". პრინციპული იქნება ჩემთვის მთავრობამ არ დაიწყოს მედიის კონტროლი. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში, რა ხდება?! რაღაც ეშლებათ, რაღაც ცუდად აქვთ. რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ?!", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, რომ "რუსთავი 2" იხურება, თუმცა ამაზე საუბარი არ ყოფილა.
"რაზეც ესენი ტირიან, ეს არის, რომ ტელევიზია იხურება, იმიტომ რომ გარედან მეგობრების დახმარება უნდათ. მხარდამჭერები ცოტა ყავთ. ამ ხალხს რასაც აგროვებენ აგროვებენ, გარედან მხარდაჭერა უნდათ მაქსიმალურად. ვინ თქვა, რომ იხურება, არც ერთი განცხადება არ გაუეკთებია ხალვაშს რომ არხი იხურება. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა იმის გაყიდვა, რომ საქართველოში მიდის ტერორი და მედიასაშუალებებს აწიოკებენ. არაფერი არ ხდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.