აქა ბლოგტექსტი ევროპელთა მიერ საქართველოს „გადაგდებაზედ“

აქა ბლოგტექსტი ევროპელთა მიერ საქართველოს „გადაგდებაზედ“

ევროპის მიერ „გადაგდებული“ და მიტოვებული საქართველოს თემა არახალია. ეს თემა სულაც არ უკავშიდება აგვისტოს დღენახევრიან ომს. უაზრო ჭუკჭუკი ევროპელების გამყიდველობაზე მე–19 საუკუნიდან იწყება და საბოლოო ჯამში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამართლებას ემსახურება (რა გვექნა, დასავლეთი არ დაგვეხმარა და იძულებული გავხდით რუსეთისთვის მიგვემართაო).

ამ მხრივ საეტაპო ფიგურის როლში სულხან-საბა გამოდის. პოეტი ასე გამოხატავს ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს:

საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.
....................................
ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა, 
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.

ჟანრის ლოგიკა მოითხოვს: ობოლი უნდა დაიჩაგროს და ლუი, რომელსაც ხალხზე უფრო კატა ეცოდება, ქართველებს როგორ დაგვეხმარებოდა! ისე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პოეტი, ჩანს, მართალია და მზე-მეფეს ფისოები მართლაც ადამიანებზე მეტად ეცოდებოდა.

და, მაინც, არც ერთ გულისშემძვრელ პუბლიკაციაში, ლუდოვიკოს გულცივობის შესახებ, არაა თუგინდ ორი წინადადებით განმარტებული, რატომ უთხრა ლუიმ უარი სულხან-საბას დახმარებაზე. 

ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ საფრანგეთმა დახმარებაზე უარი უმარტივესი მიზეზის გამო გვითხრა – არა იმიტომ, რომ ლუის ფისოები ადამიანებზე მეტად უყვარდა, ან ვახტანგი ფეხზე ეკიდა...არ ჰქონდა დახმარების შნო და თავი და იმიტომ. 

ეს სიმართლე საწყალი ობლის შესახებ სიუჟეტის განვითარების ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ სიმართლეა. 

ჩვეულებრივ, ითვლება, რომ სულხან-საბას არ გაუმართლა. რომ მისი დიპლომატიური მისია წარუმატებლად დასრულდა. თვით ბავშვების დონეზე გამიზნულ ინტერნეტ - სტატიაში ვკითხულობთ: „სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა“.

სტატიის ავტორი ბაიბურში არაა, რომ ეს „უზარმაზარი და უძლიერესი ირანი“, რომელთან ურთიერთობის გაფუჭება თურმე „ევროპას“ არ სურდა, სულ რაღაც ათიოდე წელიწადში მთლიანად დაიშალა და მისი დედაქალაქი (შაჰის ჰარამხანითურთ) ავღანელთა ოკუპაციის ზონად იქცა.

იმ საცოდავ გამოცემაში, რომელსაც ქართულენოვანი „ვიკიპედია“ ჰქვია, სულხან-საბაზე ვკითხულობთ: „იგი დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა ევროპაში და ცდილობდა საქართველო დაეხსნა ირან-ოსმალეთის ტყვეობიდან. ამ მიზნით იგი შეხვდა საფრანგეთის მეფეს ლუი XIV რომელმაც ცივი უარით გაისტუმრა ქართველი დიპლომატი. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში“.

ანუ როგორც „ვიკიპედია“ გვამცნობს ლუი XIV-ს სულხან-საბა რაღაც დიპლომატიური სვლებით კი არ «დაუბოლებია“, პირდაპირ უთქვავავს ცივი უარი. მით უფრო, რომ სულხან-საბას ვიზიტის პარალელურად საფრანგეთს ირანის ელჩი მუჰამედ რიზა-ხანი სწვევია, რომელმაც, უნდა ვიფიქროთ, გამყიდველ ევროპელებს ენერგომატარებლების ექსპორტი შესთავაზა, და მათაც კიდევ ერთხელ გაწირეს საქართველო. 

ლუი XIV-ს „ცივი უარი“ კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მან სულხან-საბას ხაზგასმულად თბილად მიიღო და სულაც საკუთარი ხომალდით გააგზავნა იტალიაში რომის პაპთან შესახვედრად. 

მითი მოღალატე დასავლეთზე დღეს ისევ გაცოცხლდა. აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის მიმართ საყვედურებმა ჩვენი მედია აიკლო. თუ ამერიკას ის ედება ბრალად, რომ ჩვენთან დემოკრატია არ ააყვავა და სააკაშვილს არჩევნების „გაპრავება“ შეარჩინა, ევროპას, განსაკუთრებით მის „ბებერ“ ნაწილს ბრალად ედება, რომ რუსეთს შეგვატოვა და წართმეული ტერიტორიები არ დაგვიბრუნა. 

ამ ევროპული „ღალატების“ კასკადზე საუბრისას ქართველებს ბოლო საუკუნეებში მთლიანად გამორჩათ ის ფონი, რომელიც სულხან-საბას ვიზიტისას არსებობდა ევროპაში. მითს ფონის შესწავლა არ სჭირდება. მთავარი ქართული პოლიტიკური მითის დღევანდელი ვერსია ლაპარაკობს დასავლეთის რაღაც „ცივ უარზე“. თითქოს, ერთი-ერთზე ემთხვევა ყველაფერი: მაშინ უარის მიზეზი „უზარმაზარი და უძლიერესი ირანი“ იყო და ახლა „უზარმაზარი და უძლიერესი“ რუსეთი. არადა, არც ერთი ისტორიული მითი არააა ისე მავნე ქართველთათვის, როგორც ეს. მის დასამსხვრევად საკმარისია ვიკითხოთ, რა იყო ის ევროპა, სადაც სულხან-საბას მოუწია ჩასვლამ და რით იყო განპირობებული უარი. 

მთელი მე–17 საუკუნე ევროპა ომების ქარცეცხლში იყო გახვეული. დინასტიურმა, პოლიტიკურმა, რელიგიურმა, ეკონომიკურმა წინააღმდეგობებმა ევროპა ჯერ ე.წ. 30 წლიან ომამდე (1618-1648) მიიყვანა. 

ამ ომში მონაწილეობდა ცენტრალური, ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო. ამას დავუმატოთ, რომ ამ ომის პარალელურად „სხვა“ ომებს აწარმიებდნენ შვედები და პოლონელები, შვედები და დანიელები, პოლონელ-უკრაინელები და მოსკოვიელები, აგრეთვე ავსტრიელები და ოსმალები. 

თითქმის პარალელურად ინგლისში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც მეფის თავის მოკვეთითა და კრომველის დიქტატურით დასრულდა. ვგონებ ნათელია, რომ არავითარი ერთიანი ევროპა, რომელსაც საქართველო ოსმალ-ირანელთა კლანჭებიდან უნდა დაეხსნა ბუნებაში არ არსებობდა. მაშინდელი მოლოდინები ისეთივე არაადეკვატური იყო, როგოც ორი წლის წინანდელი მოლოდინები.

ოცდაათწლიან ევროპულ ომს ე.წ. ცხრაწლიანი ომი მოჰყვა. სულხან-საბას ევროპაში ვიზიტი მორიგ სრულიადევროპულ, ე.წ. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომს დაემთხვა. სულხან-საბა ამ ომის ბოლო აკორდებს და უტრეხტის ზავს მოესწრო, რომელმაც ომის ძირითადი ნაწილი დაასრულა. 

მსგავსად ოცდაათწლიანი ომისა, ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომიც ევროპულ სახელმწიფოებს შორის არსებულმა წინააღმდეგობებმა წარმოშო. საფრანგეთი ცდილობდა სრული ჰეგემონიის დამყარებას ევროპაში და ამ მიზნით საფრანგეთისა და ესპანეთის ერთი ტახტის ქვეშ გაერთიანებას.

საფრანგეთის და ესპანეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პესპექტივა დანარჩენი ევროპული სახელმწიფოებისათვის კოშმარი იყო. მით უფრო, რომ მეფე-მზემ ერთი დარტყმით დაიკავა ესპანეთის ნიდერლანდები (დღევანდელი ბელგია). 
აღშფოთებულმა ინგლისმა, ჰოლანდიამ და ავსტრიამ კავშირი შეკრეს. ავსტრიელი მხედარმთავარი ოიგენ სავოელი (კარდინალ მაზარინის დისშვილი, რომლის დედისადმი ლუი XIV-ის რომანტიკული ტრფობა აღწერილია ალექსანდრეს დიუმას „ვიკონტ დე ბრაჟელონში“) იტალიაში შეიჭრა და სასტიკად დაამარცხა იქ მყოფი ესპანელები და ფრანგები. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომი დაიწყო. 

სწორედ ამ ომის გადამწყვეტ ეტაპებს ემთხვევა სულხან-საბას ვიზიტი. და ბუნებრივია, რომ საერთოევროპულ ომში ჩართულ ევროპას საქართველოსთვის რეალური დახმარების გაწევა უბრალოდ არ შეეძლო.

ლუი XIV-ს ცივი უარი იმით კი არ აიხსნება, რომ საფრანგეთს სადღაც ჯანდაბაში (საფრანგეთისთვის ) მყოფი „უზარმაზარი და ძლევამოსილი ირანის“ შეეშინდა, არამედ გაცილებით ბანალური მოსაზრებებით: სულხან-საბას ვიზიტამდე ხუთიოდე წლით ადრე ლუი XIV-მ ძლივს მოახერხა პარიზი გადაერჩინა მოწინააღმდეგეთა შეტევისგან, რომლებსაც სათავეში იმ დროის უდიდესი მხედარმთავრები ოიგენ სავოელი და მალბოროს დუკა ჯონ ჩერჩილი (უინსტონ ჩერჩილის წინაპარი) სარდლობდნენ. 

ლუი XIV ისეთ დღეში ჩავარდა, რომ მზად იყო არა მარტო უარი ეთქვა ესპანეთზე, არამედ თავადვე დაეფინანსებინა საკუთარი შვილიშვილის გაძევება ესპანეთის ტახტიდან. იტალიაზე ხომ უარს ამბობდა და ამბობდა (ერთსღა ითხოვდა: ნეაპოლის სამეფოში ეგებ ბურბონების დინასტია დამიტოვოთო)! 

მაგრამ მოკავშირეები მოღორდნენ და მზე-მეფეს სულ დამცინავი პირობები წაუყენეს: შენი შვილიშვილის გადაყენების მხოლოდ დაფინანსება საკმარისი არაა, შენივე ჯარი გააგზავნე და ტახტიდან გადააგდეო; თანაც ლათინურ ამერიკაში რაც კოლონიები გაქვს, ჩვენ გვიბოძეო.

აქ კი გამწარდა მზე-მეფე და ფრანგების პატრიოტიზმს უხმო. მოახერხა, პარიზი გადაარჩინა და არც ლათინურამერიკული კოლონიები დაკარგა. მაგრამ რად გინდა – საფრანგეთის ევროპული ჰეგემონია ძირში მოირყა. 

პარიზი ძლივს გადაურჩა ოკუპაციას (რომელიც გარდაუვალი იქნებოდა ლუისთან მებრძოლ მოკავშირეებს მალბოროს დუკას სტრატეგიული გეგმა რომ მიეღოთ). 

რა დახმარება შეეძლო მეფეს, გინდა მზედ წოდებულს, მეფეს, რომელმაც კინაღამ საკუთარი დედაქალაქი დაკარგა და ზედ მისი შვილიშვილის კუთვნილი ესპანეთიც დააყოლა?! რა დახმარება შეეძლო ამ მეფეს გაეწია შორეული საქართველოსთვის?
არც არავითარი, გარდა იმისა, რომ ვახტანგის ელჩისათვის საკუთარი ხომალდი გამოეყო და პატივისცემით გაეგზავნა იტალიაში, რომის პაპთან შესახვედრად. სხვა საქმეა რომ ლუიმ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, შეექმნა საერთოევროპული პროექტი, რომელშიც თავის ადგილს საქართველოც მონახავდა. მაგრამ ამაზე სხვაგან. 

ამრიგად, ევროპამ იმიტომ კი არ გვითხრა დახმარებაზე უარი, რომ ბოროტი იყო ან უზარმაზარი ირანის ეშინოდა. უბრალოდ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ომში გართულ ევროპელებს არავის დახმარების თავი არ ჰქონდათ. 

მე–17 საუკუნიდან მე–18 საუკუნის დასაწყისამდე, დროის დაახლოებით ასწლიანი მონაკვეთი დიდმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ერთმანეთთან ომებში (როგორც წესი – კოალიციურში) გაატარეს. 

ამასთან, დიდ ევროპულ სახელმწიფოთა რიცხვში მაშინ გარდა ინგლისის, საფრანგეთის და ავსტრიისა, შედიოდნენ ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი, პოლონეთი, გარკვეულწილად – ოსმალეთი, პრუსია და რუსეთი. 

ასეთ სიტუაციაში ისტორიული კითხვის დასმა იმის შესახებ, რომელმა ევროპამ გვითხრა „ცივი უარი“ მრისხანე ირანის შიშით, სასაცილოდაც კი ჟღერს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რაოდენ ჩაუხედავები არიან ამ თემაზე მოსაუბრე ქართველები ევროპის ისტორიაში. 

რით უნდა დაგვხმარებოდნენ ერთმანეთთან მეომარი ინგლისელები და ესპანელები, ფრანგები და ავსტრიელები, პოლონელები და შვედები? ევროპული სოლიდარობით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ოსმალეთთან მებრძოლ ავსტრიას, ომის ყველაზე რთულ მომენტში (როდესაც ოსმალები ვენას მოადგნენ) ერთმორწმუნე საფრანგეთმა ლუქსემბურგის მიწები, ელზასი და სტრასბურგი მოსტაცა?

რა, ავსტრიაც, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო არმიით და თავისი დროის უდიდესი მხედარმთავრით ჩვენსავით გასაყიდი ბავშვი იყო? 

რა შეეძლო ეთქვა ლუი XIV-ს სულხან–საბასთვის: როგორ დაგეხმარო, როცა ავსტრიელებმა და ინგლისელებმა პარიზი კინაღამ თავზე დამანგრიესო. 

რა, ეთქვა: შენს მეფეს როგორ დავეხმარო, როდესაც საკუთარი შვილიშვილი -ესპანეთის მეფე – თხასავით გავყიდე და ჩემივე ფულით ვაპირებდი ტახტიდან მის გადაგდებას ინგლისელების და ჰოლანდიელების მოთხოვნითო. 

თუ, ის ეთქვა: აგერ, პაწაწა ჰოლანდიას ვერ მოვერიე, მათთან ომში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი შარლ დე ბატც-კასტელმორი (მსოფლიო რომ დ’არტანიანად იცნობს) მომიკლესო. 

ვერც იმას ეტყოდა: რაის ქრისტიანი მონარქი მე ვარ – პოლონეთი და ავსტრია სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ ებრძოდნენ ოსმალეთს, ოსმალები რომ ვენას იყვნენ მომდგარი, ჩემს ბიძაშვილს - ავსტრიის იმპერატორს კი არ დავეხმარე, ვერაგულად დავეცი თავს და ლუქსემბურგი წავართვიო. 

ვერ ეტყოდა ყოველივე ამას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ისიც უნდა ეთქვა: მზე-მეფე კი არ ვარ, ერთი გატეხილი ბებერი ვარ, რომელიც შენი მახვილგონიერი ნათქვამის მიუხედავად, სულაც ვერ ვატარებ მოხდენილად სიბერესო. 

მოკლედ, იმიტომ კი არ გვითხრა უარი დახმარებაზე, რომ ფისოები ადამიანებზე მეტად უყვარდა, ან ვახტანგი ფეხზე ეკიდა - არ ჰქონდა დახმარების შნო და იმიტომ. 
იმ ისტორიულ კონტექსტში საქართველოს დახმარება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ,თუ ევროპა ერთიანი სახით იარსებებდა. 

არსებობდა გლობალური (მაშინდელი თვალსაწიერით) პოლიტიკური კონფიგურაციის შექმნის პროექტი, რომელიც დიდ ფილოსოფოსს, მათემატიკოს, საერთოდ დიდ მოაზროვნეს, ლაიბნიცს ეკუთვნოდა.

ეს პროექტი გულისხმობდა ევროპის სახელმწიფოებს შორის ომების შეწყვეტას, ხანგრძლივ (თუ სამარადისო არა) ზავს და სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი ევროპული სახელმწიფოს (იმ მომენტისათვის არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო თვალსაზრისითაც) – საფრანგეთის ძალების კონცენტრირებას სუეცის რაიონში.

ამას უნდა მოჰყოლოდა სუეცის არხის გაყვანა და დასავლეთის აღმოსავლეთით შემდგომი ექსპანსია. 

საქართველოს ბედი სხვაგვარად წარიმართებოდა ლუი XIV-ს ლაიბნიცის პროექტი რომ მიეღო (ამ პროექტრზე სხვა ბლოგტექსტში კიდევ ვისაუბრებთ). ცხადია, ლუის ლაიბნიცის გეგმაზე იმიტომ არ უთქვამს უარი, რომ ლაიბნიციც გასაყიდი ბავშვი იყო. 
არ ესმოდა ჭირვეულ, დაბერებულ და აბსოლუტურ მონარქს ევროპის ერთიანობის მნიშვნელობა და იმიტომ. ამიტომაც, ევროპის ერთობის მიღწევამდე კიდევ სამასი წელი გახდა მოსაცდელი.