ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება მთავრობის წევრების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კერძო პირებს შორის დავა მიმდინარეობს.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილს უკვირს, რატომ არის "რუსთავი 2"-ის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი, მაშინ როცა დავას "მაესტროს" მეწილეებს შორისაც აქვს ადგილი.
"მეც დავეთანხმებოდი მთავრობის წევრებს. რა თქმა უნდა, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და თვითონ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც მთავრობის დაკვეთა, რომ ებრძვით მთავრობა. დიდი აჟიოტაჟია აწეული სასამართოს ირგვლივ. პრაგმატულად თუ შევხედავთ რა ხდება, სასამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში – "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი დაობს საკუთრებაზე. მსგავსი პროცესი ხდება "მაესტროშიც". ნებისმიერი დავა არასასიამოვნოა, მაგრამ რატომ არის ასეთი ისტერიკა მხოლოდ "რუსთავი 2"-თან მიმართებაში? რა ხდება ასეთი?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერი იზიარებს შეფასებას, რომ შესაძლოა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არსებული ეჭვები აღნიშნული ტელეკომპანიის მიმართ მისი და მთავრობის წევრების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკით იყოს განპირობებული და როგორც აცხადებს, უმჯობესი იქნებოდა კრიტიკული განცხადებების დროს "რუსთავი 2"-ის ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობა" ეხსენებინა.
"შეიძლება ეს შეფასებები კრიტიკულმა განცხადებებმაც განაპირობა, მაგრამ დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებას. მთავრობა ვერც ერთ მედიასაშუალებას ვერ აკონტროლებს. რა თქმა უნდა, კრიტიკა ყოფილა "რუსთავი 2"-ის მიმართ, სხვა მედიასაშუალებების მიმართაც, მაგრამ ამას ვბედავდი, რადგან ჩვენ არ გქვონდა ჩვენი ტელევიზია და მე მგონია, რომ დღესაც მთავრობას არ აქვს თავისი ტელევიზია და მედიასაშუალება. რაც შეეხება კრიტიკას, ალბათ უმჯობესი იყო მე არა "რუსთავი 2" მეკრიტიკებინა, საიდანაც ყველაზე ხშირად ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, არამედ "რუსთავი 2"-ის ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობა" მეხსენებინა, რადგან მისი აწყობილია ეს. რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" არ არის დამოუკიდებელი. ის არის სააგიტაციო მანქანა "ნაციონალური მოძრაობის", მაგრამ მათ აქვთ ეს უფლება, უბრალოდ მე თავისუფალი მედია სხვანაირად მეჩვენება", - აღნიშნა ივანიშვილმა.