პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქართული მედიასაშუალებები "ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს მიყვებიან".
როგორც ღარიბაშვილმა მარტვილში სტუმრობისას განაცხადა, ყველა ქვეყანაში არსებობს ინფორმაციის ორი ალტერნატიული წყარო, მაშინ როცა საქართველოში, ყველაფერი "აბსოლუტურად უკუღმაა".
"როცა ასჯერ გეტყვიან, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა, გიჩნდება ეჭვი, მართლა ასე ხომ არ არის, მითუმეტეს, რომ ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ. არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა - ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის მიუხედავად, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მედიის მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ის აქცენტს არა ნეგატივზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და პოზიტივზე გააკეთებს.
"მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი. თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ყველა გაიგებს, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, პროგრესი რომელიც ქვეყანაში ხვდება და არა ნეგატივი, ჩხუბი, ავტოავარია და ა.შ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ჩავუსახეთ რწმენა, უკეთესი მომავლის იმედი, ასე ვერ გავუძლებთ – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს. ეს უნდა შეიცვალოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ - მიუკერძოებელი გახდებიან მედიასაშუალებები.
როცა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ, რა თქმა უნდა, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა მნიშვნელოვან რაღაც აკეთებს ხალხისთვის ბევრი მიმართულებით, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად.
"ქვეყნის მართვა ძალადობის გზით, იმ მეთოდებით, რომელსაც იყენებდა წინა მთავრობა, არის დამღუპველი. პირველად, ქვეყანა იმართება დემოკრატიულად", - დასძინა მთავრობის მეთაურმა.