ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა, სადაც მან შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.
"რუსთავი 2"-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს. მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზას, საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომელიც ასობით და ათასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ამ პროცესს ჩვენ აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს რის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში 3 წელი ცდილობდა აღედგინა დარღვეული უფლებები და მიმართა ყველას - პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს.
"ეს კაცი 3 წელი ცდილობდა, ჩვენი დახმარებით რომ რაიმე გაკეთებინა, მან ათსჯერ მიმართა პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს ყველას მიმართა, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, წართმეული ქონება, მაგრამ მის მსგავსად, საქართველოში არის ათასობით ადამიანი, რომელთაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ "რუსთავი 2" ოპოზიციური? ასევე "იმედი", "მაესტრო", "პირველი არხი" არის ოპოზიციური – ყველანი ოპოზიციურები არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოდგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ, იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად, ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.