მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს მით უფრო აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ნატოს და ევროკავშირის გზაზე დგას.
"განვიხილეთ ბოლო დროინდელი მოვლენები და მოვისმინეთ პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის ძალისხმევას და მცდელობებს წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო დგას ევროპისა და ნატოს გზაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს", - აღნიშნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
უილიამ ლაჰიუს თქმით, დემოკრატიულ პროცესებში მედიის როლი უმნიშვნელოვანესია. "მედიის პატივიცემა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არის უმნიშვნელოვანესი. ეს ასეა საქართველოსთვისაც სწორედ იმიტომ, რომ ის დგას ევროკავშირისა და ნატოს გზაზე. თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საფუძველი", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ყველა უნდა დაეთანხმოს მოსაზრებას, რომ არავინ უნდა მოახდინოს სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება. "ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრტარიული პროცესის შენარჩუნებით თქვენს ქვეყანაში, ასევე, სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვით", - დასძინა მან.