პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ ფიქრია ჩიხრაძისთვის "ცოტა უცნაურია" ის ფაქტიი, რომ დიალოგის თაობაზე შეთავაზებას მმართველი გუნდი "ხისტი პოზიციით" პასუხობს.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ახერხებდნენ ვიწრო გადასახედიდან გამოსვლას და მოვლენების უფრო ფართო ჭრილში დანახვას.
"ცოტა უცნაური და გაუგებარია ის ფაქტი, რომ როდესაც დიალოგისკენ მოგიწოდებენ, რომელიც სიტუაციის დაცხრომისკენაა მიმართული, ხისტ პოზიციას იჭერ. დიალოგი სწორედ ერთმანეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და იმას ნიშნავს, რომ მოქმედება იყოს კოორდინირებული. მე მომეჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ ცოტა შეშფოთებული პოზიცია, მაგრამ რა იყო მათი შეშფოთების საგანი, მე კარგად ვერ მივხვდი. ეს არ იყო დაპირისპირებისთვის გაკეთებული შეთავაზება, პირიქით - ეს იყო დიალოგისთვის გაკეთებული", - განუცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონსულტაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების პოზიციაზე კომენტირებისას.
პრეზიდენტის მრჩეველი აღმასრულებელ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენებს, რომ მთელი ქვეყნის მინისტრები და მმართველი გუნდის წევრები არიან.
"მე დღესაც ვთავაზობ მათ დიალოგს, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვართ უცხო ადამიანები. ეს ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ვახერხებდეთ, გამოვიდეთ ჩვენი ვიწრო გადასახედიდან და ცოტა უფრო ფართოდ შევხედოთ მოვლენებს. აღმასრულებელი ხელისუფლების, და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან მთელი ქვეყნის მინისტრები, მთელი საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლები, მთელი საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვან. პრეზიდენტი ამისთვის მოწოდებულია. მე იმედი მაქვს, რომ მმართველ გუნდშიც გაივლისეს ეიფორია და შექმნილ სიტუაციაში უფრო ჯანსაღი პოზიციის მქონე განცხადებები იქნება დომინანტი", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ფიხრია ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ დიალოგის თაობაზე პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი დღევანდელ სხდომაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო არასამთავრო ორგანიზაცების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.