პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი პავლე კუბლაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს, თვალი ადევნოს გამოძიებას , რომელიც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე დაიწყო და პროცესთან დაკავშირებით პროკურატურისგან ინფორმაცია გამოითხოვოს.
აღნიშნული მოთხოვნა კუბლაშვილმა კომიტეტის სხდომაზე დააფიქსირა და განაცხადა, რომ საკითხი მხოლოდ სამართლებრივი მნიშვნელობის არ არის.
"ნიკა გვარამიამ განცხადება შანტაჟთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თავისი შინაარსით არის ძალიან მძიმე და რომელზეც არასათანადო რეაგირება, შესაძლოა ქვეყნისთვის დამღუპველი იყოს. ასეთ შემთხვევაში, სპეცსამსახურებს, ან იმ პირებს, ვინც მსგავს ინფორმაციას ფლობს, საშუალება ექნება, თითოეული მოქალაქე აშანტაჟოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე დროულად იყოს ყველა პასუხი გაცემული. ვიცი, რომ გამოძიება დაიწყო და მინდა, კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილოს. იქნებ ვიფიქროთ რაიმე ფორმაზე, რომლითაც საშუალება გვექნება, გარკვეულწილად თვალყური ვადევნოთ, ან პროცედურულად ვთხოვოთ პროკურატურის თანამშრომლებს, ამ კონკრეტულ საკითხზე კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია წარუდგინონ. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება არა ერთ პიროვნებას, არამედ სახელმწიფოებრიობას - იმას თუ როგორ ვცხოვრობთ და თამაშის რა წესები და ცხოვრების წესია ამ ქვეყანაში", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და ისიც აღნიშნა, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს ნდობა არ აქვს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კუბლაშვილს დაჰპირდა, რომ კომიტეტი აღნიშნული საქმით დაინტერესდება, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ საპროცესო დეტალების თქმა, თავად პროკურატურაზე იქნება დამოკიდებული, თუ რის თქმას მიიჩნევს ის მიზანშეწონილად და რისას - არა.
"გეთანხმებით, რომ საკითხი მნიშვნელოვანია. საქმე მართლაც არ არის იმაში, თუ ვის ეხება საკითხი. ამ დროის მდგომარეობით, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, როცა ერთი ამბობს, რომ მან მითხრა ეს და მეორე ამბობს, რომ მე მსგავსი რამ არ მითქვამს - აი ეს ვითარებაა. ვფიქრობ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის გამოკვლევა. სადამდე მივლენ, რა გამოჩნდება, ამას ვერც ერთი ვერ ვიტყვით, რადგან თუ ეს ასეა, რაც დღეს ვიცით, მაშინ ან ერთი არ ამბობს სიმართლეს, ან - მეორე. ყველა შემთხვევაში, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენც თვალყური ვადევნოთ და გვქონდეს სრული ინფორმაცია რა ხდება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
აქვე ხმალაძემ ისიც დასძინა, რომ "თუკი ვინმეს რაღაცის არ სჯერა, როგორი შედეგიც არ უნდა დადოს პროკურატურამ, ის მაინც იტყვის, რომ არ მჯერა და არ არის სარწმუნო".