საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციებთან მართავს შეხვედრას. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
"ჩვენთვის ეს კონსულტაციები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იცით, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო გამოხმაურებები. ჩვენ გვაინტერესებს მათი აზრი მიმდინარე მოვლენებზე. კონსულტაციები, რომლებიც იმართება ემსახურება სწორედ იმას, რომ ვითარება მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში იყოს დარეგულირებული", - განუცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ყველა მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
"ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ პროცესში ყველა მხარის მაქსიმალური ჩართულობა არსებობდეს. ნებიმიერი რთული საკითხი უმჯობესია განხილულ იყოს დიალოგის რეჟიმში. კონსტრუქციული გამოსავალი ყოველთვის მოინახება", - აღნიშნა ფხალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დღესვე ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდება.