ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ მოუმზადებია
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ მოუმზადებია.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტბს განუცხადა, დეპარტამენტის წარმომადგენლმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
"ეს არის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში მედია გარემო არის საუკეთესო მთელს რეგიონში. ეს არის მთავარი და ამით ჩვენი პარტნიორი ამაყობს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუსმენთ, ისევე როგორც ისინი. ჩვენი მიზანია, მედია დამოუკიდებელი და ობიექტური იყოს. ვისაც საკუთარი ინტერესები აქვს, ის სასამართლოში კერძო დავას მედიაზე, ზეწოლად აღიქვამს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
ტონერის თქმით, შეერთებული შტატები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა, დასძინა, რომ "ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა ან პოტენციური დახურვისკენ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მედია სივრცეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ეს შეშფოთების მიზეზია.
"სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის," - განაცხადა ტონერმა.
მისი განმარტებით, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი უკვე ესაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მარკ ტონერმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ვითარების მშვიდად განხილვისკენ და დასძინა, რომ ხშირად, შეერთებული შტატების მთავრობა ქებით იხსენიებს საქართველოში არსებულ მედია გარემოს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ზოგადად, დადებითად აფასებს, რეგიონის ქვეყნებისთვის კი საქართველო აშშ-ს დემოკრატიის მაგალითად მოჰყავს.
ტონერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ "დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების თავისუფლების დაცვა უნდა იყოს, რაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული."