ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ოპოზიციას სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ოპოზიციას სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მოთხოვნებს უშედეგოს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოახერხოს, რომ ქვეყანა შეინარჩუნოს.

რაულ ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. სახელმწიფოს ლიდერად ვადის ამოწურვამდე, 2019 წლამდე დარჩება. მას დაუშვებლად მიაჩნია ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მოთხოვნა მის გადადგომასთან დაკავშირებით.

„ყველა პოლიტიკურმა ძალამ და საზოგადოებამ, უნდა იფიქროს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანა. „ამცახარას“ მოთხოვნები ყოვლად დაუშვებელია და არანაირად არ ჯდება პოლიტიკური კულტურისა თუ აფხაზური მორალის ნორმებში. ამას არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოებრიობის შენების იდეასთან და მეტიც, ეს ყველაფერი ჩვენს საერთო მიზნებს სცილდება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ და დასძინა, რომ „ამცახარას“ ორგანიზატორებს პირდაპირი კავშირი აქვთ ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასთან.