"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმით, რომ საქართველო განვითარდეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. სწორედ ამ კონტექსტში აფასებს ჩიქოვანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას.
"დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია ნორმალური პოლიტიკური ვითარების შექმნა, რომელიც არ იქნება დაყრდნობილი დაპირისპირებასა და ძალადობაზე. არჩევნები კი ის ციკლია, რომელშიც ყველანი უნდა ჩავჯდეთ და ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ხელისუფლების შენარჩუნება ძალადობის გამოყენებით ვერ მოხდება", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.
"ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს", - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
ტონერის თქმით, შეერთებული შტატები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა, დასძინა, რომ "ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა ან პოტენციური დახურვისკენ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მედია სივრცეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ეს შეშფოთების მიზეზია.
"სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის," - განაცხადა ტონერმა.
მისი განმარტებით, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი უკვე ესაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.