"თავისუფალი დემოკრატები" მასობრივი გამოსვლების შესახებ მოწოდებებს ემიჯნებიან

"თავისუფალი დემოკრატები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დასაცავად მასობრივი გამოსვლების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებს ემიჯნებიან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც მოქალაქეებს კანონის ფარგლებში მოქმედების თხოვნით მიმართავენ.

"დღეს საქართველოში შექმნიალია ძალიან მწვავე ვითარება. სამი წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა "ქართულ ოცნებას" მხარი იმისთვისაც დაუჭირა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ დამთავრებულიყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ხელისუფლებისადმი გამოთქმული კრიტიკული აზრის დევნა, რასაც სისტემატურად აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა".

ბოლო დროს მედიაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ ის, რაც ხდება "იმედში", "მაესტროზე", "საზოგადოებრივ მოაუწყებელსა" და "რუსთავი 2"-ზე შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ დაიწყო მედია გარემოს თანმიმდევრული შეზღუდვა მასზე კონტროლის დასამყარებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში ჩვენი ხელისუფლება ებრძვის სიტყვის თავისუფლებას ანუ დემოკრატიას.

ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები", ყოველთვის ვამბობდით რომ "რუსთავი 2" არის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია. მაგრამ "რუსთავი 2" ხელისუფლების კონტროლს მიღმაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების, მათ შორის ტელევიზიების არსებობა. დღეს საქართველოში რუსთავი ორის გარდა არაერთი აშკარად მიკერძოებული მედიასაშუალება არსებობს, მათ შორის, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამის მიუხედავად მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვა ან თუნდაც შეზღუდვის მოთხოვნა ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, ვიდრე ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ", - აცხადებენ "თავისუფალი დემოკრატები".

მათივე შეფასებით, პროცესები მკვეთრი დაპირირსპირების გზით მიდის, რასაც იოლად შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივი ქმედებები.

"მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას". განსაკუთრებით შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც აშკარად შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოქალაქეების წაქეზებას. ჩვენთვის მიუღებლია ,,ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებები შესაძლო მასობრივ გამოსვლებზე, რომელიც მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს ატარებს.

ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები" მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და იმოქმედოს გონების კარნახით და მხოლოდ კანონის ფარგლებში", - აღნიშნავენ ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები.

"თავისუფალი დემოკრატების" თქმით, იმისათვის, რომ ყველა პროცესი ქუჩიდან შენობაში გადაიტანონ საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან შეხვედრებს იწყებენ.

"ჩვენ ვიწყებენ შეხვედრებს და მომდევნო დღეების განმავლობაში შევხდებით: სახალხო დამცველს, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში, მათ შორის მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კი შეხვდრებს მართავს ვაშინგტონის ოფიციალურ წრეებში.

მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას და ვთხოვთ, ვინაიდან ვითარება ასე დაიძაბა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მიეცეს სასამართლოს ყველა ინსტანციის გამოყენების კანონიერი დრო და შესაძლებლობა.

მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, გამოიჩინოს გონიერება, შეწყვიტოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, შეწყვიტოს მოსახლეობის დაპირისპირება, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ხელისუფლებას", - განმარტავენ "თავისუფალ დემოკრატებში".