„ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია და ალბათ ეს იყო მე-100 ვიზიტი „რუსთავი 2“-ში“

„ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია და ალბათ ეს იყო მე-100 ვიზიტი „რუსთავი 2“-ში“

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ის ვრცელ კომენტარს, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

ახვლედიანმა ეს განცხადება პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მისი მეგობარია და „რუსთავი 2“-ს ხშირად სტუმრობს.

„მე გეტყვით მხოლოდ ერთ რამეს, ჯერ მე თვითონ უნდა გავერკვე სიტუაციაში, შევხვდები ნიკას, რა ხდება გავერკვევი და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. მანამდე ვერაფერს ვიტყვი. გუშინ ვიყავი „რუსთავი 2“-ში. ნიკა გვარამია არის ჩემი მეგობარი და ალბათ ეს იყო მე-100 ვიზიტი „რუსთავი 2“-ში“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მას პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.

ახვლედიანი მთავარ პროკურატურაში გუშინ დაკითხეს. იგი საგამოძიებო უწყებაში ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იყო დაბარებული.