ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კუთხით აშშ-ის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს

ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კუთხით აშშ-ის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს

ნატო-ს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კუთხით აშშ-ის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, მოსკოვი შეშფოთებულია ქვეყნის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებით.
"თქვენ რა, დემოკრატიაში ნატო-ს ჩვენს საზღვრებთან მოახლოებას გულისხმობთ? ეს დემოკრატიაა? ნატო სამხედრო ბლოკია. ამიტომ ჩვენ არა დემოკრატიის, არამედ ნატო-ს სამხედრო ინფრანსტრუქტურის მოახლოება გვაშფოთებს", - განაცხადა პუტინმა.
ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო.
"კვლავ ვაცხადებ, რომ ეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის ტრაგედიაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, 25 მილიონი ეთნიკური რუსი საზღვრებს გარეთ, საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდა", - განაცხადა პუტინმა.
მისი მოსაზრებით, რუსეთს ყველა შანსი აქვს, მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი "ლიდერი" გახდეს. ამასთანავე, ევროპასა და აშშ-სთან ურთიერთობის განვითარებისთვის მზად არის.
ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთისთვის საფრთხის მომცველია.
"რუსეთის პოზიციაა, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის არჩევანს არ ვებრძვით, ჩვენთვის ნებისმიერი არჩევანი მისაღებია. უკრაინა ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის ასეთ ფორმას ვეწინააღმდეგებით", - განაცხადა პუტინმა.
ის სირიაში არსებულ ვითარებასაც შეეხო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლა მხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია. 
პუტინის თქმით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არ იქნება წინააღმდეგი, თუ რუსეთი სირიის ოპოზიციის იმ ნაწილს დაეხმარება, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა სურს.